Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

35 მანეთიდან 35 ლარამდე - ფარდისმიღმეთი

35 მანეთიდან 35 ლარამდე - ფარდისმიღმეთი

 - ყველა ბილეთი გაყიდულია?!

- კი, ყველა... თუმცა... ბიზნეს კლასში არის რამდენიმე. ინებებთ?!
- და რითი განსხვავდება ?!
- ... უფრო ისაა, რა ქვია...
- ძვირი?!
- ეგეც...
- კარგი, თუ სხვა არ არის. რა გაეწყობა. მომეცით ერთი ბათუმამდე


ბაქანზე გამცილებელს პირადობა და უფრო ძვირიანი ბილეთი ერთად შევაჩეჩე ხელში. გადაამოწმა და ვაგონში ამიშვა. პირველი კლასის ვაგონის „თავამდე“ ჩავედი, ფარდა გადავწიე და ... პირველი კლასის ფარდის მიღმა სექციაში შევედი. ეს ალბათ ის მომენტია ეკლესიაში ანბიონს მიღმა რომ შეგაჭყიტებენ, ფარდას გადაგიწევენ მაგრამ ბოლომდე არ შეგიშვებენ. ხოდა მეც და ჩემსავით რჩეული და რკინიგზის ამ წმინდა საიდუმლოს მოზიარე რამდენიმე ადამიანი ამაყად მოვერგეთ ჩვენს არაფრით გამორჩეულ სკამ სავარძლებს.

მგონი პირველი შემთხვევა იყო როცა მატარებლის მარშრუტის მიმართულებით ვიჯექი და არა ზურგით. მანამდე ეტყობა არ მენდობოდნენ. ახლა მენდნენ 35 ლარად... თუ მანეთად.

ვაგონი ნელნელა ივსებოდა. ჩვენი ფარდისმიღმეთიც შეივსო. გამცილებელი შემოვიდა და ხმამაღლა განაცხადა - „გამცილებლები თუ არიან ჩავიდნენ, გავდივართ“ო და სადღაც მიიმალა. გამცილებლები ჩავიდნენ, გამცილებელი დარჩა. კარი გადარაზა და მატარებელიც დაიძრა.

რამდენიმე წუთი მაინც დამჭირდა საიმისოდ რომ გემოზე მოვკალათებულიყავი. ჩანთა სათანადოდ დამედო, ქურთუკი ჩამომეკიდა, საგანგებოდ ნაყიდი ახალი ჟურნალი ამომეძრო. მობილური დასამუხტად შემეერთებინა და ერთი სიტყვით დავსახლებულიყავი. ამის შემდეგ უკვე თამამად და გულდასმით მოვავლე თვალი ფარდისმიღმეთს. ჩემს გვერდით ულვაშ აწკვენტილი მამაკაცი მობილურს ჩაჰკირკიტებდა. ფეისბუქის და ესემესების შრიპტით მივხვდი რომ თურქი იყო. ჩემს წინ ორი ინდუსი სტუდენტი ლაპლაპა შალითში ჩადებულ აიფონებს ალაპლაპებდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ ( საინტერესო ჟღერადობა აქვს მათ ენას) . გვერდით შესახედად სლავური გარეგნობის ბიჭი იჯდა. მის გვედრით ქერა, შუახნეს მიტანებული ქალბატონი. კიდევ ერთი ინდუსი და ორი მეცნიერ თანამშრომელი, რომელთა წოდებაც და მგზავრობის მიზეზი მათივე დიალოგიდან გავიგე. უკან კიდევ ორი ქართველი... აი დაახლოებით ასეთი ეთნო-სოციალურ-ადამიანური თანაფარდობით შეივსო 35 ლარიანი ფარდისმიღმეთი.

- ვაიმე მე სულ ასე უნდა ვიარო?! - დაინტერესდა მემანქანეებისჯენ ზურგით მჯდომი ქალბატონი.

- კი ქალბატონო. ასე უნდა ვიაროთ - გამოუტყდა გვერდით მჯდომი

- ვაიმე ასე როგორ?! - არ ნებდებოდა ქალბატონი

- ნუ გეშინიათ ქალბატონო. ზურგს უკან მტრები არ გყავთ - ანუგეშეს უკანა სავარძლიდან

გამცილებელმა წყალი დაგვირიგა. ისე ცხელოდა ყინვაც რომ მოეყოლებიათ არ ვიტყოდით უარს. მაგრამ... მხოლოდ წყალიო. ჩვენც დავუჯერეთ და წყლის სმა დავიწყეთ. ნელინელ თბილისი უკან რჩებოდა. ტაატით მონარნარე ვაგონი აკვანივით ირწეოდა და ვგრძნობდი რომ შემდეგი გაჩერება ძილი იქნებოდა. თუმცა..

- უკაცრავად, თქვენ საიდანღაც მეცნობით! მგონი ეკრანზე უნდა მყავდეთ ნანახი - დაინტერესდა ქერა ქალბატონი და მის წინ მჯდომ მეცნიერების მუშაკს გაუღიმა

- შესაძლოა - გაიღიმა მეცნიერების მუშაკმაც - ჩვენ (გვერდით მჯდომ ქალბატონზე მინიშნებით) მეცნიერები ვართ, კონფერენციაზე მივდივართ ბათუმში

-ვაიმე, რა საინტერესოა! მეც ახლა ჩამოვედი ყაზახეთიდან, იქ იყო კონფერენცია. მე კოსმეტოლოგი გახლავართ. იცით რა საოცარი კონფერენცია იყო?! აი, წარმოუდგენლად საინტერესო. იმდენი ახალი ინფორმაცია მივიღე. იმდენი ახალი ადამიანი გავიცანი. ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები. თქვენ რა თემაზე მუშაობთ ?! ნუ თუ საიდუმლო არ არის რაღათქმაუნდა...

მივხვდი რომ გაჩერება „ძილი“ ცოტათი მოგვიანებით უნდა მომეძებნა. ზოგადად მატარებელში დიდად ბაასის მოყვარული არ გახლავართ, ყველაზე საინტერესო ამ მოცემულობაში ფანჯრის მიღმა ხედებით ტკბობაა. მაგრამ ზამთარში, თან ღამის მატარებლიდან, თან საქართველოში დიდად ვერაფერს დაინახავს კაცი. ამიტომ ახალი, საგანგებოდ მგზავრობისთვის ნაყიდი ჟურნალი ამოვიღე, გარეკანზე ცელოფანი შემოვახიე და ირგვლივ ტიპოგრაფიის (ჩემთვის) საამო სურნელი დატრიალდა. ეს სურნელი ახალი ჟურნალის შეძენის მაქსიმუმ ნახევარი რამაა. ამოვარჩიე მსუყე სტატია და ჩავუჯექი. მატარებლის ბორბლები ისევ ითვლიდნენ რელსების სიგრძეს. გვერდით მაგიდასთან კი ღეროვან უჯრედებზე, ნანო ტექნოლოგიებზე და სააკაშვილზე საუბრობდნენ.

დრო იმაზე ნელა გადიოდა ვიდრე საჭირო იყო. ორსაათიანი ჯდომის შემდეგ სავარძელიც მომძულდა, სტატიბიც შემომელია, ჟურნალის დიზაინშიც აღმოვაჩინე წუნი და ბოლოს გადავწყვიტე ყავა დამელია. მახსოვდა ვაგონის ბოლოს ყავის აპარატი იდგა. წამოვდექი, ჩვენი სექციის ფარდა გადავწიე და... აი ის მზერა. სცენაზე გამოსულს რომ მოენათება ხოლმე ათობით თვალი. ფარდის მიღმელთა მზერა (ყოველ შემთხვევაში მათი ვინც სახით ჩემკენ ისხდა) ჩემზე იყო მოპყრობილი. წამიერად შევყოვნდი. ბოლოს მივხვდი რომ ხალხისთვის სათქმელი ჯერ არაფერი მქონდა და ყავის აპარატისკენ გზა განვაგრძე. ყავის აპარატიც, და გამაგრილებელი სასმელების აპარატიც ტუალეტის მეზობლად უპრობლემოდ არსებობდნენ. მათ შორის კი საკმაოდ მოზრდილი რიგი იდგა. ძნელი იყო გაგერკვია ვის რა სურდა ან უჭირდა. ამიტომ ხშირი იყო უხერხული ღიმილი

-  ყავას ინებებთ?! 
-  არა, ჯერ ვერ

რაკი მოწევა სასტიკად და ძვირად აკრძალული იყო ტუალეტში ბევრი უბრალოდ გასაბოლებლად შედიოდა. ამიტომაც სავსებით სამართლიანი იყო მათი რისხვა ვინც ამდენი ხანი რიგში ვიღაცის ბოლის გამოშვების გულისთვის იტანჯებოდა. თუმცა, რიგში დგომისას, სანამ აპარატი ჩემს ყავას ამუღამებდა ჩემს გვერდით მდგომი ორი მამაკაცის საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. კი, ეს ღირს გახსენებად.

"მეგრული კილოთ სახითხავი“


-   ბიჭო, მაგარია მოსკოვი. მაგრად ვართ იქ. იმენნა ცვეტში გულიავია
 კი, მაგარია ნამდვილად. ვიცი მეც. და გუჯა სად არის, გუჯა?!
-   გუჯა საავადმყოფოში დავტოვე
 ოხ, რატომ კაცო, რა დაემართა?!
- სცემეს გუჯა, სკინხედებმა ცემეს მაგათი დიდა ფხოდი
- ვავა, მერე ბიჯო არ აიღეთ აბაროტი?!
- რა აბაროტი ბიჭო?! გადაირიე? მაგენმა ელგუჯაც ცემეს მაგრად!
- კაარგი კაცო. იმიტომ ჰქონდა ხელი გიფსში?
- ხელიც ქონდა მაგას გიფსში და თავიც ქონდა შეხვეული კაი ხანს. არადა არაფერი არ მოუვიდოდა ლიმერის გამლახველებს რომ არ გაჭიმვოდა მეორე დღეს...
 როგორ კაცო? ლიმერიც სცემეს?!
- სცემეს კი არა დაშალეს და ჩვენ ავაწყვეთ
 კი მაგრამ რატომ?!
- სკინჰედებთან მოუწიათ შელაპარაკება ლიმერის და მურთაზის
- მურთაზიც სცემეს კაცობ
- ბიჯო, ნუ გადამრიე მე შენ. ლიმერი თუ სცემეს მურთაზის დაინდობდნენ?! გადამრევ მე შენ...
 თქვენ ჯიმა რაღაც სტრანნად გულაობთ მანდ. ცვეტში...

ამასობაში აპარატმა ყავა მიბოძა. მეც რწევით გავიარე იგივე გზა და ჩემს სავარძელს დავუბრუნდი. არაბები ისევ ერთმანეთის ლაპლაპა ტელეფონებში იქექებოდნენ. თურქი მეზობელი ვაშლს ახრამუნებდა. გვერდით მაგიდაზე კი ბიძინას მილიონების, ცხიმოვანი კანის გასუფთავების და ქართული სიმინდის თემაზე მორიგი ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობდა.
ქერა მანდილოსანი ისევ აქტიურობდა.


უკაცრავააად - გასძახა გამცილებელს. ისიც რწევა-რწევით შმოვიდა ფარდისმიღმეთში და „რა ჯანდაბა გინდა“ მზერა მიანათა
-  უბრალოდ არ მინდა სხვანაირად გამიგოთ - განაგძო ქერათმიანმა - მე პირველად ვმგზავრობ მატარებლით. დიიახ პირველად - მოგვიბრუნდა ჩვენ, არადა არავის არ შეუნმჩნევია მისი ასეთი აღიარება - და ძალიან მაინტერესებს. აი ჩვენ - ხელით მოგვნიშნა „ჩვენ“ - აი ამ თანხას რომ ვიხდით, რა პრევილეგიებით ვსარგებლობთ. რითი განსხვავდება ჩვენი აქ ყოფნა აი იმ ადამიანებისაგან ვინც ფარდის მიღმაა?! ( პათოსს თუ გამოვრიცხავთ სამართლიანი შეკითხვა იყო )
- ნუ, ახლა - დაიწყო გამცილებელმა - თქვნ გაქვთ წყალი
- წყალი ხო და სოფლის ულამაზეს ასულს მოგვრიან კიდე. დევები ვართ?! - ახითხითდა ჩემს უკან მგზავრი
- არა რატომ? წყალი გაქვთ - არ იშლიდა გამცილებელი
- ის წყალი ქალბატონო იმ ადამიანსებსაც აქვთ. მინიმუმ საპირფარეშო მაინც გაგეკეთებიათ აქ. კიდევ ერთი - არ ჩერდებოდა ქერათმიანი
- საპირფარეშო ვაგონის ბოლოსაა ქალბატონო - გამობრძნედილი სიმშვიდით მიუგო გამცილებელმა
- აბა რითი.. რითი განსხვავდება ჩვენი ბილეთი იმ ადამიანების ბილეთებისაგან?! ფარდით ?! - აქ უკვე მთელი დრამატურგია იყო. ტრაგიზმით. ქერა ქალბატონის გამოსვლები აშკარად დიდი მოწონებით სარგებლობდა ჩვენს ინდუს მეგობრებში. ყოველ ჯერზე თვალები უბრწყონავდათ და ტელეფონებს დებდნენ. მხოლოდ თურქი ხრავდა მორიგ ვაშლს.
- да, хороши вопрос - მოიწონა სლავური გარეგნობის ბიჭმა
 წყალი ქალბატონო - დაიწყო ისევ გამცილებელმა
- რა გააწყალეთ ქალბატონო ამ წყალით საქმე?! - აღშფოთდა მეორე მაგიდა
- დამამთავრებინეთ ბატონო - აღშფოთდასავით გამცილებელი - წყალი და ტელევიზორი - დაამთავრა
- ტელევიზორი ?! - ლამის სამმა ხმამ ერთდროულად იკითხა. მართალი გითხრათ მეც მაშინ შევამჩნიე რომ ჩვენი ფარდისმიღმეთის კუთხეებში მოზრდილი მონიტორები ექკიდა.
- ჩართეთ მერე თქვე ოჯახ აშენებულებო ეს ტელევიზორები თუ გაქვთ - გაუხარდა ერთს
- თქვათ უნდა და ჩავრთავთ
- ვაიმე, ოღონდ პოლიტიკა არა რა! - ითხოვა ქალბატონმა რომელიც ნახევარი საათის წინ დაწვრილებით ყვებოდა ივანიშვილის მილიონების წარმომავლობაზე
- რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს იმას ჩავრთავთ - ამაყად თქვა გამცილებელმა
- ოჰ, წყალთან ერთად დემოკრატიაც გვქონია - გადაიხითხითა ისევ ჩემს უკან მსხდომმა
- დემოკრატია არა, მხოლოდ ქართული ფილმები გვაქვს - ჩაიბუტბუტა გამცილებელმა და პულტს დაუწყო წვალება. ეკრანი აციმციმდა, ჩაირთო, ჯერ ინგლისურად ჩამოთვლილი რამდენიმე ფილმის სათაური გამოჩნდა და შემდეგ რაღაც საქაღალდეები.
- რას ინებებთ?! - მოტრიალდა გამცილებელი
- ვაიმე არც კი ვიცი, აი ის რა წერია. აი ის იყოს. იაქტიურა ისევ ქერამ
- დათა თუთაშხია?
- დიახ ეგ, ვგიჟდები მეღვინეთუხუცესზე
- да, хороши фильм - მოიწონა ისევ
- და ქალბატონო - ჩაერთო მეცნიერმუშაკი - თუ წყლისა და ტელევიზორის გარდა სხვა არაფერი გვაბადია..
- არც საპირფარეშო - ჩაამატა ქერამ
- შეიძლება ჭიქები მაინც გთხოვოთ?
 რა ჭიქბი?!
- აი, უბრალო. ერთჯერადი
- რისთვის ?!
- აგერ, სუფთა წვენიმაქვს წამოღებული და...
- არა. აქ სმა არ შეიძლება
- სმა? როგორ გეკადრებათ. სუფთად გამოღებული წვენია, ღინო კი არა მხოლოდ დავაგემოვნებთ.
- ალკოჰოლი...
- რას ბრძანებთ. რა ალკოჰოლი. ვგავართ ჩენ ახლა ლოთებს. ბოლოს და ბოლოს 35 ლარი გვაქვს გადახდილი
- კი მაგრამ...
- ნუ გეშინიათ ქალბატონო. მხოლოდ დავაგემოვნებთ...
- ნუ... თუ დაგემოვნება გინდათ...
და ჩვენი დამადლებული წყლის ბოთლები უმალ გადაიჭრა შუაზე. გასტაქანებული ბოთლები ღვინის... სუფთად გამოღებული წვენის დაგემოვნების მსურველებს დაურიგეს.

- ამათ არ შევთავაზოთ? - აქტიურობდა ქერა
 ამათ მგონი რელიგია უკრძალავთ - დაასკვნა ასოცირებულმა
- ვაიმე. აბა ისე უხერხული არ არის?
- რავიცი. კარგი, შევთავაზოთ მაინც
- excuse me. Where are you from?! - მომიბრუნდა ქერა. ცოტა არ იყოს დავიბენი
- Where are you from? - უფრო დამიმარცვლა
- ბათუმიდან ქალბატონო
- ვაიმეე, ვერც კი წარმოვიდგენდი. არ გავხართ ბათუმელს - ვერ მივხვდი გაუხარდა თუ ეწყინა
- მაპატიეთ
- ღვინოს ხომ არ დალევთ ჩვენთან ერთად? ამდენი ხანია თურმე ქართველი გვიზის გვერდით და არ ვიცოდით
- ხდება ხოლმე - გავუღიმე  და სასმელზე უარი განვუცხადე
- თქვენ ხომ დალევთ? - მიუბრუნდა ჩემს უკან მსხდომს
- რა მაქ სამქე?
ამასობაში დათამ თავისი პირველი გმირობაც ჩაიდინა და ტყეში გავარდა. ჩვენი გამცილებელი კი მემანქანეებს შეეხიზნა. ფარდისმიღმეთში შეივსო სუფთად დაწურული წვენით ჭიქები. სათქმელი სიყვარულით და სიტყვებით, სივრცე სადღეგრძელოებით და მოგონებებით და წავიდაა ისტორიები და ჩაკითხვები. აღმოჩენები და დაუჯერებელი ამბები. მაში, როცა ფარდის იქით მგზავრთა უმეტესობას ძილი მოერია ფარდის აქეთა მხრიდან ისმოდა სადღეგრძელოები, სიცილი, კისკისი და ტრაიციული „შენი ჭირიმეები“.  მატარებელი ისევ ტაატით მიდიოდა და აპობდა წვიმიანი ღამის უკინეთს. ერთად - ერთი ვინც არავის საქეში არ ერეოდა დათა თუთაშხია იყო, რომელიც უშედეგოდ უხსნიდა თავის მეობას და კაცობას ეკრანზე მზერამიჯაჭვულ ინდუს სტუდენტებს


საინტერესო რამაა მატარებელით მოგზაურობა. მნიშვნელობა არააქვს ფასს. მითუმეტეს როცა ფასის საფასურად არანაირი განსხვავებული კომფორტი არ მოდის ბონუსად. უბრალოდ ისიც კარგია როცა შენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ისტორიებს მე-ნაკლებად საინტერესო ბოლო აქვს. ეს იძულებით თანაცხოვრებაც ხომ ადრე თუ გვიან მთავრდება და ბაქნიდან უკვე ისევ შენი, ყოველდღიური ყოფა იწყება.

პ.ს. აი მეც მაქვს 35 (მანეთიანი) ლარიანი ამბავიც



No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]