21.10.2015

Racha on my mind


უნდა ვაღიარო რომ რაჭა ამ დღემდე ჩემთვის უცხო მხარედ ითვლებოდა. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მსურდა მისი მონახულება, მიზეზ-მიზეზ ამ დრომდე ეგ სურვილი აუსრულებელ ოცნებად რჩებოდა. თუმცა, თუ მოინდომებ და რაღაცეებს გვერდით გადადებ, ყველა (თითქმის) ოცნება შეიძლება ახდეს. ხოდა ასეც მოხდა. შემოდგომის ერთ მშვენიერ მზიან დღეს მეგობრებით დახუნძლული მინივენით რაჭისკენ გავემგზავრეთ.



არ ვიქნები ორიგინალური და კიდევ ათასგზის განვმეორდები. უნდა იმოგზაუროთ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება შორს. მით უმეტეს შენს მშობლიურ ქვეყანაში. სადაც ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში ერთი დღის სავალი მანძილიც არ არის. და მით უმეტეს მაშინ როცა ირგვლივ ასეთი სილამაზეა და გზებიც მეტ წილად ამ ბოლო 9 წლის მანძილზე მოწესრიგდა. 

ჩვენი მოგზაურობის ბოლო პუნქტი ონი იყო. ონამდე კი შემოდგომის რაჭის უმშვენიერესი ხედები. რა გითხრათ?! თუ გინდათ იგრძნოთ შემოდგომა მინიმუმ უნდა გასცდეთ ქალაქის ბეტონის ჯუნგლებს. მოშორდეთ მაქაურობას და წახვიდეთ შორს. მინიმუმ რაჭაში. აი მაშინ იგრძნობთ რას ნიშნავს შემოდგომის ფერთა სიჭრელე.


შემოდგომით გაფერადებული ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის საფარის ეს მომნუსხველი სურათი საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. არ შეუძლია კამერას ამ ყველაფრის იდეალური სიზუსტით გადმოცემა. 

შაორი

შემოდგომის სიყვითლეში ჩაკარგული გზის გარდა აქ კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო სანახაობა გელით. საქართველოში აწ უკვე პოპულარული Tumblr- ის მეშვეობით ბევრი ჩემი მეგობარი პოულობს და აზიარებს ფოტოებს, სადაც წიწვოვანი ტყე, ულამაზესი ტბები და ნავებია აღბეჭდილი. კი, მეც ძალიან მომწონს ასეთი ხედები და ბევრჯერ დამიდია კიდეც ბლოგის FB გვერდზე. ბევრჯერაც მითქვამს "ნეტავ ამ ნაპირთან დამსვა" თქო. ხოდა აი ესეც. "შაორის წყალსაცავი" რაჭაში.


მუქ მწვალე-მოლურჯო წყლის ზედაპირზე არეკლილი შემოდგომის ჭრელი ტყე და უძირო ცა. პირდაპირ გეტყვით. ამ სილამაზის დანახვისას ფოტოაპარატს ისე აქტიურად ვაჩხაკუნებდი რომ ელემენტი ლამის დავცალე კიდეც. 


აბა მითხარით - რით ჩამოუვარდება ეს ყველაფერი სოც ქსელებში გაზიარებული უცხო ნაპირების ხედებს ?!  მაქსიმუმ რაც აქაურობას აკლია წყლის პირას მდგარი მცირე ზომის კოტეჯები და ნავები, კანვოებია.




 ისიც უნდა ვაღიარო რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ სილამაზეს. კი, ვიცოდი რომ რაჭა ძალიან ლამაზია. მაგრამ აქ ყველაფერი იყო. ყველაფერი ის რისთვისაც აქ ამოვედი. შემოდგომა, ტყე, ტბა და ულამაზესი ხედები.



ეს ის ადგილია, სადაც უნდა ამოხვიდე რამდენიმე დღით, გაშალო კარავი, აანთო კოცონი (არ ვიცი თუა ნებადართული) ამოიყვანო შენი ჭკუის ადამიანები და დაივიწყოთ დრო. თუმცა ეს ისედაც ხდება, როცა აქ ხარ.



როცა ტბის ცქერით ვიჯერე გული და ჩავთვალე რომ საჭირო რაოდენობის ფოტო მასალა უკვე დაგროვებული მქონდა, ტყე გამახსენდა. მართალია უკვე მეძახდნენ, გზა გვაქვს გასავლელი და გვეჩქარებაო. მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მოვასწარი თვალის გადავლება.




რაკი დღე ისედაც დამოკლდა, ჩვენც იძულების წესით ჩავეყარეთ მინივენში და ონისკენ გავსწიეთ. აქ უკვე გველოდა მასპინძელი და პატარა საოჯახო სასტუმრო. კოხტა, მოვლილ გადავარცხნილი ეზოთი და გულთბილი მასპინძლებით. 


ეს კი ის ხის სახლია, სადაც ფეხად მოყოლილი ღამის გატარება გვიწევდა. ხის სახლი ულამაზეს ხეებში ჩაფლული, შემოდგომა და ქალაქიდან შორს ყოფნა. კი, მშვენიერი ჩამონათვალია. ამ ყველაფერს მსუყე, გემრიელ და არაჩვეულებრივ რაჭულ ვახშამსაც თუ დავუმატებთ, რომელიც საღამოს ბუხართან გველოდა - ყველაფერი ისე იყო როგორც საჭიროა. უბრალოდ ციოდა იმაზე მეტად ვიდრე წარმოგვედგინა. თუმცა ესეც ასატანი და არც ისე მომაბეზრებელი იყო... თუმცა ამაზე მერე 



მომდევნო დღეს შოვისკენ გვქონდა გეზი. მანამდე კი გავლილი გზის და ნანახით გამოწვეული სიხარულის გაზიარების საამო პროცესი გვქონდა. ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა გზადაგზა გადაღებული "სელფების" სოც ქსელებში ატვირთვებისა და მოწონების აქტივობის კონტროლით. ასეა თუ ისე ყველა ვთანხმდებოდით იმაზედ რომ მოგზაურობა არამც თუ კარგია, არამედ აუცილებელიცაა. თუ გინდ იმისთვის რომ ფეისბუქზე ავატარისთვის ახალი ფოტო გადაიღო. აბა ამის გარეშე როგორ?! ( ეგ ხუმრობით რა თქმა უნდა) ამ ფოტოებს კიდევ ბევრი რამ დაემატება. 

მანამდე კი ღამე. ცივი, რაჭული ღამე და შემოდგომის ტყესავით ფერადი, ლამაზი სიზმრები.  


Post a Comment

2 комментария:

  1. ფოტოებიდანაც ჩანს სილამაზე, თუმცა სინამდვილეში რომ ნახავ დარწმუნდები რა ჯადოსნურიცაა. ვისაც ჯერ არ უნახავს რაჭა, ეს ჯადოსნური ბედნიერება წინ აქვს . შეიძლება მისი ცოტათი შემშურდეს კიდეც :)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. დიახ, ასეა ეგ ნამდვილად. დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი უფრო დიდი ხნით. ათასი მღვიმეა და ხევია ჯერ კიდევ უნახავი

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!