Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბახმარო - მოგიხდება გამხმარო BAKHMARO

ბახმარო - მოგიხდება გამხმარო  BAKHMARO

დილით მთის ფერდობზე მთვლემარე ნისლს მივუსწარი. თუმცა დილის პირველ სხივამდე ვნახე ძალზედ უცნაური სანახაობა. ჩემი ფანჯრიდან კარგად მოსჩანდა თუ როგორ იკლაკნებოდა და ელავდა ბრაზმორეულ გონებაში შეპარული ფიქრივით ბარში ჩაწოლილ ღრუბლებში ელვა. ეს ღირდა იმად რომ ფეხზე წამომდგარს გეცქირა მანამ, სანამ არ ჩაუწყნარდებოდა ზნე ავდარს და არ დამშვიდდებოდა. ოღონდ ეს ყველაფერი იქ, ბარში ხდებოდა. ბახმაროს ცას კი ისევ ვარსკვლავებით მოჭედილი კაბადონი ეხურა.



ადრე ავდექი, ვეღარ მოვისვენე. მოვიარე ირგვლივ ყველაფერი. სეირნობამ და დილის სუფთა, ცივმა ჰაერმა ისე ამიშალა მადა. სხვებს ვეღარ დაველოდე და ჩემთვის პატარა ზეიმი მოვიწყვე.


აქ მოდუღებულ უბრალო ჩაისაც კი საამო გემო აქვს. სვამ ნება-ნება და აკვირდები გარემოს. ნისლი გაცრიცა და გაქრა. სამაგიეროდ მთის იქედან ამოწვერილმა მზემ ამოავსო, შეავსო და გაათბო ბახმარო.


რამდენიმე საათში სხვებმაც წაართვეს თავი ძილს და ბახმაროც ოდნავ გამოცოცხლდა. დილით ტყეშიხეტიალი - კი, საკმაოდ სასიამოვნო და საამო პროცესია. მითუმეტეს როცა ირგვლივ ასეთი სიმწვანე და ფიჭვის ყვავილობაა.


საგულდაგულოდ, მომდევნო წლამდე ჩარაზული სახლებიც კი საინტერესოდ გამოიყურებიან მთვლემარე მდგომარეობაში. ერთი პატარა, ტყის პირას გაშენებული ქალაქია. აი ისეთი. ნახატ მულტფილმებში რომ ვნახულობდით ხოლმე.


ხოდა რაკი პატარა ქალაქია. ყავაც შესაფერისი უნდა. ჩვენს მასპინძელს აი ეს, "სერვიზი" ვუპოვეთ და ნება-ნება შევექეცით ყავის სმას.


მაგრამ იყო რაღაც, რაც ყავის სიტკბოებასაც კი სევდის გემოს აძლევდა და მას "ცოტა დრო" ქვიოდა. ხო, სამწუხაროდ აქ დიდი ხნით გაჩერების ფუფუნება არ გვქონდა და ეს ყოველ მომდევნო საათთან ერთად გვახსენებდა და გვიმძიმებდა იქ ყოფნის წუთებს. 


ფაქტია, აქ თუ ამოდიხარ მინიმუმ ერთი კვირით უნდა მოსწყდე ყველაფერს და ამ სიმწვანეში გაითქვიფო. ჩვენ კი წუწუნით, ზლაზვნითა და ფეხის თრევით ჩვენი ბარგის ჩალაგება დავიწყეთ.


ძნელი იყო. მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა გარდა უკან, ბარში მომავალის. სახლი შევამოწმეთ, ბარგი და ადამიანები გადავთვალეთ, ავტომობილში ჩავლაგდით და ჩვენც მალე ამ გზას დავადექით. 


გზა კი, როგორც უკვე გითხარით, იდიალურია. დრო რომ იყოს დიდის სიამოვნებით ივლიდა ადამიანი ამ გზაზე კვირაში ერთხელ მაინც. მითუმეტეს რომ ბათუმიდან ბახმარომდე სულ რაღაც 2 საათზე მეტია საჭირო. 


ნელი სვლით ბარისკენ. გზად გაწოლილი ძროხების და ზოგჯერ ნისლებს მიღმა. ნელინელ მოტიტვლებული ფერდობები წიწვოვანი, შემდეგ კი ფოთლოვანი ტყით იფარება და შენც გრძნობ თუ როგორ ეშვები.




კი, საჭირო, დროული და აუცილებელი იყო ჩვენი აქ სტუმრობა. უბრალოდ ვერც კი აღგიღწერთ იმ ემოციურ მუხტს, რითაც აქაუორობას თქვენი სულ ცოტა ხანის განმავლობაში დამუხტვა შეუძლია. რამდენიმე დღეც კი საკმარისია საიმისოდ რომ თქვენი ბარში დაგროვილი ნეგატივი, ჭმუნვა და ხავსი ბახმაროს ნისლივით გაიცრიცოს და გაქრეს. 

ბახმაროს არაჩვეულებრივად დიდი პოტენციალი აქვს გახდეს არა მხოლოდ გურიის, ან დასავლეთ საქართველოს საუკეთესო მთის კურორტი. არამედ მას შესწევს წალა თანასწორი კონკურენცია გაუწიოს თქვენთვის უკვე კარგად ცნობილ სხვა მთის კურორტებს. ამას იმასაც თუ დავუმატებთ რომ აქ დასვენება ზამთარშიაც შესაძლებელია... დიახ. ზამთარშიც. მაშინ არაჩვეულებრივად კარგ, უნიკალურ ნაზავს მივიღებთ. ბახმარო არსებობს და მას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი ავტომობილი ნელინელ ეშვება ნისლებს მიღმა, ბარში. ფიქრი და აზრი კი ისევ იქ დაქრის. სადაც სუფთა ჰაერია და ფიჭვის ყვავილობას უჩვეულოდ საამო სურნელი დგება.  ბოლოს კი აი იმ ფრაზით დავასრულებ, რაც ბავშვობიდან მესმოდა უფროსებისგან:

"ამო ბიჭო გამხმარო, მოგიხდება ბახმარო"


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]