Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბახმარო, ნისლებს იქით. თავი პირველი BAKHMARO

ბახმარო, ნისლებს იქით. თავი პირველი  BAKHMARO

ბახმარო. ეს ის ადგილია რომლითაც ნებისმიერი გურული ისე ამაყობს როგორც იტალიელი რომით, ბერძენი დელფოსით ან ფრანგი ეიფელის კოშკით და მერწმუნეთ, ჩამოთვლილთაგან  ყველაზე მეტად სიყვარულითა და აღელვებით ისევ გურული თუ ისაუბრებს. იმიტომ რომ ეს ბახმაროა, გურიაა.  აქ გურიის სამი არტერიის - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დუღილი სრული სიცხადით იგრძნობა. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ნასროლი სხარტი იუმორიც სულ სხვაა. თუ არ გჯერათ - თავადვე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ეწვიეთ ბახმაროს.


ბახმარო


ქალაქიდან, ყოველდრიური რუტინიდან და ბოლო-ბოლო სიცხისაგან გაქცევის სურვილი მშვენიერი მოტივია საიმისოდ რომ შენი კარგახნის წინანდელი სურვილი აისრულო და აქ ამოხვიდე. მითუმეტეს როცა ამ იდეის განხორციელებას წინ არაფერი არ ეღობება გარდა უბრალო, ბანალური სიზარმაცისა. დანარჩენი მოგვარებადია.

არაჩვეულებრივი სილამაზის, მოწესრიგებული, მოვლილი და გამართული გზა ჩოხატაურიდან სულ რაღაც საათნახევარში 2050 მატრით აგამაღლებთ თქვენც და თქვენს განწყობასაც. თუმცა მანძილის დაფარვის დრო თქვენზე და იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად იოლად გაუძლებთ ცდუნებას სადმე, არაჩვეულებრივად ლამაზ მოსახვევში არ შეაჩეროთ ავტომობილი მორიგი ფოტოს გადასაღებად. ხოლო მას შემდეგ, რაც საწადელს აისრულებთ ბახმაროც იქვეა. ნისლის კარიპჭის მიღმა.


პირველი რასაც ქალაქიდან აქ ამოსული გრძნობ ეს სუნთქვაა, გახსნილი, ხარბი, ორივე ნესტოთი ჩასუნთქული და ღრმად ამოსუნთქული ოდნავ ცივი ჰაერის ნაკადი. შენი ღრმა და თავისუფალი სუნთქვა

კურორტის ისტორიაზე და ლეგენდებზე აქ თავს არ შეგაწყენთ. შემდეგ მოგითხრობთ. უბრალოდ მინდა თვალი გადაავლოთ ბახმაროს დღევანდელობას. კომუნისტური წარსულის "დიადი" ნაშთები თანამედროვე კოტეჯების გვერდიგვერდ საკმაოდ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. 


გურიის ქუჩა, აჭარის ქუჩა, მახარაძის, ვაკიჯვრის, სატყეოს ქუცები. დავითიანცის მოედანი. ვინ იცის აქ გატარებული ზაფხულის რამდენი თაობის მოგონებები უკავშირდება ამ სახელებს. ამ სახლებს, რომელთა უმეტესობა თოვლისა და დროის სიმძიმილმა ოდნავ  დაღალა კიდეც. თუმცა ისინიც კი ცოცხლდებიან ონავარა ბავშვების ჟრიამულით.


ბახმაროში სეზონის მიწურულს ამოვედით. მე თუ მკითხავთ იდეალურ დროს. არც ხალხმრავლობაა და არც ორომტრიალი. ჩვენი მასპინძელი, დავით საჯაია ხის კოტეჯამდე მიგვიძღვა და ჩვენს განკარგულებაში ორ სართულიანი, დარაბებიანი კოხტა სახლი ოფიციალურად გადმოგვცა. 


ხის სახლი - ეს ხომ საერთოდ ცალკე თემაა, სხვა შეგრძნება, სურნელი და მოგონებები.


დაბანაკება


აი ის გრძნობა, მგზავრობის შემდეგ შენს ზურგჩანთას საწოლზე რო მიაგდებ და ახალი გარემოს შესწავლას იწყებ. ახალი სახლიც ხომ ისეთივე საინტერესო რამაა როგორც ის რაც სახლის კედლებს მიღმა გველოდება.

ხის ორსართულიანი კოტეჯი. შუქი, გაზი, ყინულივით ცივი და ცხელი წყალი, შეშის ღუმელი, გაზი, აბაზანა და საპირფარეშო. ერთი სიტყვით ასეთ კოტეჯს დიდი სიამოვნებით ჩავდგამდი ყველგან, სადაც კი მოვისურვები დასვენებას. 

პირველი რიტუალი რაღათქმაუნდა ყავის სმა იყო. აბა როგორ, ბათუმიდან სამ საათიანი მგზავრობის მერე რაღათქმაუნდა ყავა. 

ბახმაროს "სუპერ მარკეტში" ჩემს მიერ შეძენილი ჭიქა მართალია ყავას ძლივს აკავებდა (გაბზარული აღმოჩნდა) მაგრამ ჩემთვის საყოფი კოფეინის დოზა მაინც მივიღე. საამო რამაა ყავა ხის სახლის აივანზე და გარედან შემოსული ფიჭვის სურნელი.
ოდნავ შევისვენეთ, თვალი გადავავლეთ ჩვენი სახლის აივნიდან გადაშლილ პეიზაჟს და მივხვდით - დროის ფუჭათ კარგვა არ გვარგებდა. უნდა გავსულიყავი იქ, სადაც სიმწვანე იყო



ტყე


ჩვენი სახლი გურიის ქუჩაზე იდგა. კოტეჯის უკან კი მწვანე, სურნელოვანი ფიჭვის ტყე იწყებოდა. მისია პირველი, რომელიც კოცონისთვის შეშის შეგროვებას გულისხმობდა სწორედ აქ დაიწყო.


ტყეს უვლიან. ეს ბახმაროს უკვე ეტყობა. დაავადებული ხეები გამოხშირულია და მათ ნაცვლად ნორჩი ფიჭვები იწყებენ "რბოლას" მზისკენ. ეს ნორჩი სიმწვანე მართლაც ძალიან წარმტაცი რამაა. ძალაუნებურად იწყებ ფიქრს - როგორი იქნება ეს ყველაფერი ზამთარში...


ნელი-ნელ. სვენებ - სვენებით მიყვები აღმართს ახლის ძიებაში და ვერც კი ამჩნევ რომ უკვე საკმაოდ მაღლა ახვედი. 


ყოველ ჯერზე ტყე უფრო და უფრო ხშირდება. ნორჩი სიმწვანე ბებერი ხავერდით იფარება და უკვე იქ ხარ სადაც თავისუფლად შეიძლება გადაეყარო ადგილის დედას ან სულაც ოჩოკოჩს. 


აყვავილებული ფიჭვი და ნაძვი. თითქმის ფეხის ყოველ ნაბიჯზე ანკარა ცივი წყარო. ხის კენწეროებს მიღმა ზამბახისფერი ზეცა და საოცარი სიმშვიდე. აი ის, რაც გჭირდებოდა.


კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ დასვენებასაც და გარინდულად წოლასაც ააქვს საზღვარი. ნელი-ნელ ივსები ენერგიით და შენც ანცობის ხასიათზე მოდიხარ. აი სად გამოგადგება იქვე, "ბახმაროს სუპერმარკეტში" ნაყიდი საპნის ბუშტების გასაშვები... აი ბუშტებიც.  ამ გამჭვირვალე "ბროლის" ბურთების შემყურეს ახლა ნამდვილად შემეპარა ზამთრის "ნოსტალგია". ესეც საპნის ბუშტებით გაწყობილი ნაძვის ხე ...


ეს ქუდიანი ვაჟბატონი ისე ხშირად მხვდებოდა კუნძების ძირში, ვიფიქრე კიდეც - მოვკრეფ და წავიღებთქო. მაგრამ ასეთი სახის ექსპერიმენტებისთვის ნამდვიალდ არ ვიყავი მზად. ამიტომ დვტოვე - იცოცხლოს.


რაც მთავარი იყო შეშა მოვაგროვეთ, შევახუხულეთ და უკვე თამამად შეგვეძლო ჩვენი მოგზაურობის მეორე პუნქტზე, მზის ჩასავალი მთის დალაშქვრაზე გადავსულიყავით.
ცნობისთვის, აქ იმდენი სახელოვანი და სახელიანი მთაა ირგვლივ, თითო რომ თითო დღეს დალაშქრო მთელი ზაფხული არ გეყოფა. ამიტომაც ჩვენ ყველაზე იოლად დასალაშქრი ავირჩიეთ, მითუმეტეს რომ უკვე საღამი იყო შესაფერისი დრო.


მზის ჩასავალი 


როგორც მიხვდით მზის ჩასავალი მთა ბახმაროს დასავლეთით, მზის ამოსავალის საპირისპიროდ მდებარეობს. გზა არც თუ ისე შორია. მითუმეტეს თუ მის დაფარვას ჩვენსავით ავტომობილით გადაწყვეტთ. 


მთა ალპურ ზონაში მდებარეობს. ტყე ქვემოთ დარჩა, რის გამოც მის ფერდობზე ძალზედ წარმტაცი ხედი იშლება. ქორის, შევარდნის და მიმინოს "ნადიმის" ამსხველი ფაქტები აქ საკმაოდ მრავლად შეგიძლიათ იხილოთ. აი ასე, "ველად გაფანტული" ბუმბულების სახით


სანამ მზე დასავლეთისკენ დააჩქარებს სვლას ვერც კი ამჩნევ თუ როგორ გროვდებიან ქულა ქულა ღრუბლები ბარში ერთ დიდ ფუმფულა საბნად. როგორ მოცოცავენ მთების ფერდობებზე და როგორ იბადება ნისლი. 
შემდეგ მზე სულ უფრო ახლოს ჩამოდის ფუმფულა ჰორიზონტთან და სადღაც იქ. ბინდის საფარქვეშ იმალება. კი, ეს სულ სხვა დაისია. ღრუბლების ჰორიზონტს მიღმა ჩასული მზე. 


ღამე 


შემდეგ კი რაღათქმაუნდა კოცონი. ხმელი ფიჭვი უმალ აგიზგიზდა და ბინდთან ერთად შემოპარულ საამო სიცივეს წარმატებით "ებრძოდა". ცოტაც და კარტოფილისა და ალალ ბედზე მოპოვებული სიმინდის შესაწვავი ნაკვერჩალიც დაიყარა. 

კოცონის ბუტბუტი, დროდადრო ნასროლი ბრაზიანი ნაპერწკლები, ნაცრიდან გამოქექილი შებრაწული კარტოფილი, ცხელი ჩაი და მეგობრების ბაასი. კი. აი ეს ნამდვილად, დანამდვილებით საჭირო კომპონენტია საიმისოდ რომ ტავი ბედნიერად იგრძნო. მიუხედავად იმისა რომ კოცონთან კარტოფილისთვის ბრძოლაში ლამის თითების შეიბრაწე. მაგრამ "ვარდი უეკლოდ" და შემწვარი კარტოფილი კოცონიდანო...

შემდეგ კი იყო დიდი, ოდნავ სუსხიანი და უღრუბლო, უმთვარო ღამე. რომ არა მოძალებული ძილის სურვილი და დაღლილობა წამოვწვებოდი იქვე და დილამდე ვითვლითი ვარსკვლავებით მოკირწლულ ცაზე მოკიაფე მნათობებს. სადღაც შორეთისკენ გეზ დადებულ თვითმფრინავებს და ოცნებებს, რომლბიც ამ ცის შემყურეს ვარსკვლავებივით გათოვს თავზე...

მაგრამ მოვიდა ძილი და ჩემი დღის წესრიგიც სათანადოდ შეიცვალა. მაგრამ დამრჩა ფოტო. ფოტოკამერამ გრძელვადიან რეჟიმზე ვარსკვლავების ტლანქი მოძრაობაც კი აღბეჭტა. სწორედ მაგიტომაა წერტილები ოდნავ გადღაბნილი... თუმცა ფოტოდან განსხვავებით სიზმრები ძალზედ ცხადი და ფერადი იყო... აი ისეთი, როგორიც უნდა გესიზმრებოდეს ბახმარიში.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]