შექსპირი პიაცაზე - კი, მშვენიერი იდეაა. მით უმეტეს თუ ეს ბუღაძისეული ინტერპრეტაციით და წულაძისეული სიმსუბუქითაა მოთხრობილი. "ზაფხულის ღამის სიზმრის" შემდეგ ეს უილიამის ალბათ ერთ-ერთი პირველი პიესაა, რომლის ხილვასაც გადახურებული ბათუმის არანაკლებ გადახურებული პიაცის მოედანზე ინატრებდა კაცი.
რა გითხრათ ?! ისედაც სეფაგადაჭიმულ პიაცაზე ონავარი ნიავის ძიება ისეთივე ამაო იყო, როგორც ბოლო რიგებიდან სცენაზე შეყვარებულთა სასიყვარულო, საკეკლუცო დიალოგის შინაარსის გარჩევა. ამას სცენის ირგვლივ მდებარე ბარებში მსხდომ, შეკვეთის მომლოდინე კლიენ - ტურის შიგადაშიგ შეძახილ - შეყმუვლებასაც თუ დავუმატებთ და სადღაც, სცენის იქით ცხოვრებისგან გაბრაზებული ჭურჭლის მრეცხავის არაადამიანურად ხმაურიან შრომის პროცესს. თამამად შემიძლია გითხრათ რომ სცენის ირგვლივ ტიპიური ბათუმური "ჯოჯოხეთი" იყო
სცენაზე კი უილიამ ბუღაძე-წულაძისა. სხვების არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მომწონს შექსპირისეული დროის თეატრების ერთგვარი ფაბულა. ეს საყვარელი ფუსფუსი, კულისისა და სცენის ლამის შერწყმა. არეულობა, ქაოსი, სიმსუბუქე, უშუალობა, გადათამაშება, იმპროვიზაციითვის დატოვებული სივრცე და რა თქმა უნდა იუმორი. იმასაც დავამატებ - მგონი საქართველოში შექსპირი ყველაზე გემრიელად სწორედ წულაძემ აუღლა, მოირგო და გააქართულა. ამას თუ კახიძის მუსიკას დავუმატებთ - უილიამსაც ძალზედ ეამებოდა ყოველივე ამის ხილვა.
ბოლო-ბოლო სწორედ ასე ამეტყველდა 2012 წელს გლობუსის თეატრში შექსპირი ბუღაძე-წულაძისეული ქართულით. 37 ენათა შორის, რომლითაც უილიამი იმ წელს თავისი სათქმელის მაყურებლამდე მიტანას სცდილობდა, ერთ-ერთი ქართულიც იყო. კი ბატონო.
გლობუსის თეატრის მაყურებელთა ყურამდე არ ვიცი, მაგრამ პიაცაზე უილიამს გაუჭირდა. ბოლო რიგებში სულ უფრო ხშირად და ხშირად იმატა "რაიო?! რა უთხრა?!"-მ.
მაგრამ ვისაც სმენაში ან იღბალში გაუმართლა და წინა რიგებში მოახერხა ჩაკვეტება ჩაჯდომა, თავი შექსპირისეული ისტორიის თანაზიარად იგრძნეს. სცენაზე ხომ ის მსახიობები იდგნენ, ვისი ხილვაც ბათუმში, თან სცენაზე ყველას ძალიან სწყუროდა. მით უმეტეს მალხაზ აბულაძე მეც კარგა ხანია არ მყავდა ნანახი ბათუმურ სცენაზე.
ორმა მოქმედებამ ძალიან სწრაფად და საამოდ ჩაიარა. სიცხის და (აღარგანვმეორდები) მიუხედავად საღამო შედგა. მართალია მთლად ისე არა როგორც ავტორს და რეჟისორს ნებავდა... მაგრამ, როგორც გენებოთ ბატონებო, როგორც გენებოთ.
ამ ყველაფერმა ისევ რამდენიმე წლის წინ წამოწყებული მშვენიერი პროექტი, ქუჩის თეატრიც გამახსენა. რომელმაც არა ერთი საინტერესო სპექტაკლი აჩუქა ბათუმელ მაყურებელს. დიდი იმედი მაქვს რომ ანალოგიურ ღონისძიებებს ჩვენი ღრმადკურთხეული ჩინოსნები გაცილებით დიდი ყურადღებას და ფინანსებს დაუთმობენ ვიდრე ფონოგრამაზე პირის ამღებ, წლების წიაღში ჩამალულ "არტისტებს". თუმცა ეს სამომავლოდ. მანამდე კი "როგორც გენებოთ"
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!