Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ეზოში გადმოსული მზე

ეზოში გადმოსული მზე

აქ დილა იმაზე ადრე იწყება, მანამ - ვიდრე მთის იქით მზე ბოლო გაზმორებას მოასწრებდეს. შენც უნდა იჩქარო თუ გინდა მრავალძარღვას ხალიჩაზე ზაფხულის სიზმრით დამძიმებულ ცვარს მოუსწრო, მოასწრო და პირველმა გაიარო. მერე ქალაქიდან გამოყოლილი თვითირონიით ჩაიცინო "აბა.. რაა მამული". 




ირგვლივ ყველაფერი იღვიძებს. უფრო სწორედ აქ შენ იღვიძებ და ამჩნევ რომ მხოლოდ შენ გეძინა. ახლა ფხიზლდები. სხვა კი უკვე კარგახანია ფუსფუსებს, ზრუნავს, საქმიანობს. მაგრამ ისე, ჩუმად, თავისთვის, აუჩქარებლად. ჯერ კიდევ იზმორება მზე. ჯერ არ გადმოსულა. ჯერ გრილა.


დაეხეტები მწვანეში და სადღაც გუშინდელ დღეში ჩატოვებული სამსახური, საქმეები, პრობლემები, ქაოსი სწორედ ისე განაღვლებს როგორც ძილის წინ სახიდან ჩამობანილი მტვერი. ახლა აქ ფოთლის მიღმა მიმალული მწიფე მაყვალი უფრო გაღელვებს ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი... დაცვარული, მწიფე, სქელი, დაბუშტული მაყვალი


ერთი, ორი, სამი... 
აგერ კიდევ რამდენიმე... 
აქ კიდევ... 
აი სად დამალულა მაყვალი..
გაბრაზებული ობობები ჩრდილისკენ მიიჩქარიან. მათ გეგმებში ხომ საერთოდ არ შედიოდა ვიღაც ტუტუცი ადამიანი, რომელიც აი ასე, უნამუსოდ დაუფხრეწდა მშვენიერ აბლაბუდას. 
აგერ ისევ... მაინც როგორ იმალებიან. სწორედ ასე აგროვებდი ადრეც, წლების წინ. ოღონდ არა ქილაში, არამედ პეშვში და როცა აგევსებოდა, იქვე ჩამოჯდებოდი და ნება-ნება, ღიღინით დაიწყებდი ცმაცუნს. არსად გეჩქარებოდა. ჩრდილში, მშვიდად, გრილად გარინდული მუსრს ავლებდი შეგროვილ ნადავლს. შემდეგ კი მაყვლის წვენით შეღებილი თითებით ისევ ეძებდი მსუყე, გაბეყილ მაყვლებს მწვანე ფოთლების მიღმა


მოგროვილი მაყვალი პეშვში აღარ ეტევა. მიდიხარ, მოგაქვს პატარა ქილა და ახლა იქ აგროვებ ზაფხულის დოვლათს. თითო-თითო მარცვალი, თითო-თითო მაყვალი და დროც ისე ჩუმად იპარება რომ ვერც კი ამჩნევ თუ როგორ წამოგადგა თავზე მზე. მოვიდა, დაგხედა, დაგაკვირდა. ხვდები რომ უკვე დროა შეისვენო. წიგნი გახსენდება. და სად იკითხება წიგნი ყველაზე კარგად?! - რა თქმა უნდა ჰამაკში.


მართალია ისეთი ციდა აღარ ხარ როგორც მაშინ. მაგრამ შენს წონასაც გმირულად უძლებს ლეღვი და ტყემალი. უბრალოდ თუ რწევა ზედმეტად გაგიტკბება მზით გამთბარი ტყემლის ნაყოფი უმალ დაგენარცხება შუბლზე - ჰეი, ვირო. ნელა მანდ. ბევრი არ მოგივიდესო. შენაც ნებდები

მზე ზენიტშია. ახლა შენი თავშესაფარი ლეღვის და ტყემლის ფოთლების ჩრდილი და ის სამყაროა, ქალაქში გულვერდადებულმა წიგნმა რომ ჩაინიშნა მეთორმეტე გვერდზე და ახლა ხელჩაკიდებული რომ მიყავხარ უკან - სამოგზაუროდ. 

და შენაც მოგზაურობ. ჯერ წიგნის მიხედვით. შემდეგ კი ფოთლების ჩურჩულთან ერთად შემოპარულ რულს სულ სხვაგან მიჰყავხარ. აი იქითკენ - შუადღის ძილს მოყოლილი სიზმარი რომ ჰქვია და შენაც ნებდები. ინაბები და მიცურავ იმ სიამით, რა სიამითაც იძინებდი ყოველ ჯერზე, როცა თაკარა მზისგან დათანგული სიზმრისკენ მიმავალ დაჩრდილულ ბილიკს იპოვიდი ჩეროში.

და ასე მოგზაურობ მანამ სანამ არ მოგბეზრდება. ან შენი მოგზაურობა არ მობეზრდება ხის ჭიანჭველას და მის საგანგებო მარშრუტზე, რომელიც რატომღაც შენს ჰამაკზე გადის, გზად გადახერგილ შენს ფეხს არ ჩაკბეჩს. ხო, არც თუ სასიამოვნო გამოღვიძებაა. მართალია პეპლების ფრთების ცხვირთან ფაფხურს რაღაცნაირად ჯობია. მაგრამ მაინც.

იღვიძებ, ისევ გინდება რაიმე გემრიელობა და გახსენდება შენი შეგროვილი ნუგბარი. აი ჭიანჭველისგან მიყენებული ემოციური სტრესის საუკეთესო კომპენსაცია


მზე უკვე მინელდა. ისე გამალებით და დაჟინებით აღარ გადევნებს თვალყურს. შენს ეზოშიც დღით დაღლილი ხეების ჩრდილები ნელინელ იწყებენ წამოწოლას. ირგვლივ გამოცოცხლდა ყველა და ყველაფერი. თითქოს შენთან ერთად გამოიღვიძეს შუადღის ძილისაგან და ახლა დღის მეორე მოქმედება იწყება. დიდად განსხვავებული და სახეცვლილი ვიდრე იყო პირველი. ახლა უფრო აქტიური ხარ. ეძებ რაიმეს, რითაც გინდა დაკავდე და აი ისიც. შენი ერთგული მეგობარი - ველო. მართალია ეს ის არ არის ბავშვობაში "მწვანე წამლით" გაფერადებული შენი მუხლების ძირითადი მიზეზი რომ იყო. მაგრამ მაინც შენი ველოა. წინ კი მწვანეში ჩაფლული, მშვიდი და ლაღი გზა გაქვთ. ამ გზებზე რამდენჯერ დაგღამებიათ შენ და შენს მეგობრებს. რამდენჯერ შეუხსენებია ავტომობილის ანთებულ ფარებს რომ სახლში დაბრუნების დროაო - ეჰ. იმდენი სიკეთე.


მზე ჯერ არ მიმალულა. ახლა დროა სახლისკენ მობრუნდე და იჩქარო. საქმეა გასაკეთებელი. ის საქმე, რასაც მხოლოდ ზაფხულობით აკეთებ ხოლმე და რასაც ასე იშვიათად განდობენ იმ მიზეზით რომ ისევ ბავშვობ. ცოტაც და სახლში ხარ.
ონკანთან მიდიხარ. რეზინის შლანგის ვეება რგოლებს ხელზე იხვევ. ცალ თავს ონკანზე ამაგრებ და ეზოში გადიხარ - ეზო უნდა მორწყა.

ეს ის რიტუალია, რომელიც ასე ძალიან უხდება ცხელი დღის საღამოს. ჯერ დინჯად უსხამ წყალს მოწყურებულ ნარგავებს. ყვავილებს, ხეებს. რწყავ ადუღებულ ქვაფენილს, ასფალტს, ცემენტს, ეზოს და გრძნობ თუ როგორ ხარბად სხვამს მიწა შენს მიერ ნაპკურებ წყალს. 

იწოვს, ხრუპავს, ნაყრდება.შლანგის თავზე ცერა თითის მეშვეობით წყლის ჭავლი სხვადასხვა მიმართულებას ღებულობს, ხან წვრილდება და უფრო მეტი ძალით სწვდება შორს მდებარე ნარგავებს. ხანაც მარაოსავით იშლება და თანაბრად ეპკურება ყვავილებს.

შენ კი ეს პროცესი იმდენად გიტაცებს რომ გავიწყდება შენი პირველადი მისია, ეზოს მორწყვა. 

დგეხარ წყლისგან გაწუწულ შუაგულ ეზოში და თავად გაწუწულს ბალღივით გხიბლავს ჩამავალი მზის სხივებზე მიშვებული წყლის ჭავლით დაჭერილი ცისარტყელის ფერები.

- მიხვდი, დაღამდა... გაცივდები


შეძახილზე ხვდები რომ მართლა გაერთე. თონიდან მოსული ახლად გამომცხვარი ლავაშის სურნელის კი შენი კუჭი გრძნობს. თბილი, კნაწუნა პურის სურნელი გაბრუნებს რეალობაში. გახსენებს რომ სტომაქსაც უნდა ყურადღება. მთელი დღის მანძილზე მხოლოდ მაყვალი და შთაბეჭდილებებით შორს ვერ წახვალ. მიდიხარ, იღებ ყველაზე ფუმფულას. ორ ცალს და მოდიხარ სახლისკენ.


ჩაი ეს თემაა. თემა რომელიც ბავშვობიდანვე გიყვარდა. მითუმეტეს როგორ უხდება მას ახლად გამომცხვარი ლავაშის მოტეხილი ყუა და ყველი. მარილიანი და ტკბილი. გემრიელი და მსუყე. ალალი და უბრალო. ეს ის გემოა, რომელიც არასდროს არ აგერევა არც ფრონცქ საჭმელში და არც პერო სასმელში. ეს ისაა რაც გიყვარდა და დარწმუნებული ვარ გეყვარება. დღესაც კამათობთ თუ სადამდე უნდა იყოს სავსე ჩაის ჭიქა. რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაყარო და რატომ არ ატან უფრო მეტ ყველს.

მერე მზე სულ მინელდება, დანებდება. ხეების ჩრდილიც საბოლოოდ გალღვება და დაფარავს შენს დასველებულ ეზოს. საღამოს მთის ნიავს სიგრილეც ჩამოჰყვება და აივანზე, მოჟღურტულე მერცხლების ბუდის გვერდით ანთებულ ნათურასთან პეპლების მეჯლისი დაიწყება. შენც ჩამოჯდები, მეზობლებთან ერთად გადაქეავ აწმყოსა და წარსულს. კეცზე დაკრული მჭადივით გადაატრიალებ მსოფლიო პოლიტიკას და ბოლოს მაინც შენი ეზოს. შენი მზით გამთბარი ეზოს ამბებით დაასრულებ.

შემდეგ ახვალ დასაძინებლად. გაღუღუნებულ ლეიბზე წამოწვები და ფანჯრიდან შემოსულ ჭრიჭინების დაუფასებელ შრომას მიანდობ სმენას. წამოწოლილს გასული დღე რაღაც უჩვეულოდ ლამაზი და დიდი გგონია. უფრო დიდი ვიდრე სამსახურში გატარებული 24 საათიანი ბიუროკრატიული დღე. უფრო ლაღი, უფრო ლამაზი, უფრო ადამიანური. და ისევ შენი ოთახი და ისევ ის განცდა, მშობლიურის, შენის, შენეულის, რაც ასე თბილი და შენია გიპყრობს მთელი არსებით. შენთან ხარ, შენ ხარ, შენია. სწორედ ისეთივე შენი როგორც შენს ეზოში გადმოსული მზე


2 comments:

  1. როგორ მომნატრებია აქაურობა:) ჩავიკითხე- მზის და სოფლის სუნი ამყვა

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]