Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

იურმალა, Jurmala, Юрмала

იურმალა, Jurmala, Юрмала

ჯერ კიდევ "ლამპებიან" ტელევიზორის ეკრანზე, ზედმიწევნით თმაგადავარცხნილი და მანერული დეიდა-ბიძიების მიერ წაყვანილი კონცერტების, მერე კიდევ მხიარულთა და საზრიანთა კლუბების წყალობით იურმალა ყოველთვის ასოცირდებოდა ჩემთვის მზიან, თბილ, გადაყვავილებულ წალკოტთან სადაც მუდამ მღერიან და თუ არ მღერიან ოქროს ქვიშიან პლიაჟზე ირუჯებიან. 

ეს ისეთივე სტერეოტიპი იყო, როგორიც უცხოელებს ჩვენზე, ქართველებზე აქვთ ჩამოყალიბებული. ზოგს "გენაცვალე"ს მეტი თუ ვიცით სიტყვა რაიმე, ვერ წარმოუდგენია. ზოგსაც ყველა მომღერალი ვგონივართ და ზოგსაც პირსისხლიანი ტერორისტები. მოკლედ, სტერეოტიპები და შაბლონები.


ხოდა რაკი რიგაში ვიყავი, რიგიდან კი იურმალა სულ რაღაც 20 კილომეტრშია. გადავწყვიტე აქაც გამესეირნა. მზე დიდად არ გვანებრივებდა სითბოთი. თუმცა სეირნობა შეიძლებოდა. ხოდა ასე... იურმალა


პირველი შთაბეჭდილება ეს ისევ ასოციაცია იყო. ურეკი, ოღონდ ზედმიწევნით მოვლილ-დავარცხნილი, კეთილმოწყობილი, სუფთა, მშვენიერი კოტეჯებითა და სასტუმროებით სავსე, დალაგებული, შემდეგ ალაგებული და შავი ზღვიდან ბალტიის ზღვასტან გადაბარგებული. აი თურმე როგორი შეიძლება იყოს ურეკი...



გაზაფხულის ბოლომდე ისევე როგორც ყველა საკურორტო ქალაქს, იურმალასაც სძინავს. თუმცა აქ მუშაობს ყველა ბარი, რესტორანი და კაფე რომელიც შენობაშია განთავსებული. ანუ ხაზს ვუსვამ - სძინავს და სულაც არ არის მკვდარი.


ქუჩებში სეირნობისას მეგონა სამშენებლო ფირმის მიერ წარმოდგენილ სახლების მრავალფეროვნებით გემოზე გაჯერებულ კატალოგს ვათვალიერებდი. აქ ყველაფერი იყო, მოკრძალებული კოტეჯიდან დაწყებული, არქიტექტურის ნამდვილი შედევრითა და ახალი რუსის ლამის ბაჯაღლოში ჩასმული სასახლეებით დამთავრებული.


თუმცა იურმალას ნამდვილი სახე მე აი ასეთ, ხით მოპირკეთებულ კოხტა სახლებში დავინახე. ქონდათ ამ სახლებს რაღაც კეთილი, მშვიდი და მყუდრო. აღდგომა ახლოვდებოდა და ინტერიერისა და ექსტერიერის დეკორში ჭარბობდა სააღდგომო ბოცვერის და ჭრელი კვერცხების საზეიმო თემატიკა


სავარაუდოდ იკითხავთ იურმალაში თუ იყო ზინტერი სადღააო. აქვეა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით. რომც გადამეღო არ დაიჯერებდით რომ ეს ლეგენდარული ზინტერის ლეგენდარული სცენა იყო. სცენა, რომელიც ეკრანზე ასეთი პომპეზური და დიადი ჩანს, სინამდვილეში... კაი, აღარ გავაგრძელებ. ჯობია იყოს დიადი



ეს კი ის საწყალი კუა, ყველა რომ რაღაცას ეპოტინება. გამონაკლისი არც მე ვიყავი რაღათქმაუნდა. გამიძლო ვაჟკაცურად. დაჩვეულია ტურისტების უკბილო ხუმრობებს


ეს ვაჟბატონი კი იჯდა იქვე, თავისთვის. მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის საჭირო კადრის გადასაღებად ლამის მთელი ათი წუთი ვუტრიალე... აი ასე, თავისთვის იჯდა და მოთმინებით ელოდა თუ როდის მოვწყდებოდი თავიდან ეს მაბეზარა ტურისტი ჩემი კამერითურთ. ტიპიური კატა... მის ტერიტორიაზე ვიყავი


კი, აი ეს შეგრძნება ყოველთვის თან დამყვებოდა, რომ სადღაც აქ... ან იქ ზღაპრის რომელიმე ეპიზოდს ქონდა რეალური შანსი რომ ამხდარიყო


თუმცა მთვლემარე იურმალაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მალე მოვა ზაფხული და ეს ოდნავ მიძინებული ქუჩები, სკვერები და პლიაჟი ათიათასობით გარუჯული გიჟის ხელთ იქნება. აი მერე კი სულ სხვა ზღაპარი ახდება. სულ სხვაა რიგა ზაფხულში და ზამთარში. მანამდე კი ნელინელ იღვიძებს, იზმორება, ეზოებს ილაგებს, თავს იწესრიგებს... მალე დიდი სტუმრიანობა ექნება


მეც დავტოვე ჩემი ნაკვალები ქვიშაზე და იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში ცოტათი უფრო მოცლილი, უფრო თბილ პერიოდში და უფრო დიდი დროით დავუბრუნდებოდი.
მანამდე კი ისევ გზა მელოდა და ისევ წვიმიანი რიგა. თუმცა აბა როდის გამხდარა წვიმა ხეტიალისთვის ხელის შემშლეი... მალე ღამის რიგის წვიმით გადარეცხილ ქუჩებში გველის გასეირნება


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]