Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Chocolatte Coffee-room ოდესიდან ბათუმში

Chocolatte Coffee-room ოდესიდან ბათუმში

თავგადასავლები უყვართ. როცა რუტინული ყოფა მოსწყინდებათ შემთხვევით გამვლელ ავტომობილს აჩერებენ და ავტოსტოპით იწყებენ მოგზაურობას. შორს, სადაც ნაკლებად იგრძნობა ცივილიზაციის ნაკვალები, სადაც თავისულფლებაა, სიმშვიდე და სილამაზე. ზოგადად მოგზაურობა ხიბლავთ. ახალი ემოციების შეგრძნება და განცდა, "ტარზანკიდან" ხტომა, მთებში მოგზაურობა, ჯერ გაუვლელი ბილიკების გათელვა. უყვართ ცხოვრება და არასდროს უშვებენ შანსს ჩვეულებრივი ყოფა ახალი ისტორიებით გაიფერადონ. აქაც აი ასე, შემთხვევით აღმოჩნდნენ. ბათუმმა თავისი როლიც ითამაშა და წამოწყებული მოგზაურობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.


არტური და ირა, ოდესელი წყვილი რომელიც ახლა თავიანთ პატარა კაფე Chocolatte Coffee-room-ში ელის ახალ მეგობრებს. მათი ახალი თავგადასავალიც სწორედ ეს პატარა კაფეა რომელიც ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს.


ჩვენთან დამკვიდრებული "ტრადიციის" მიხედვით მეგონა რომ აქაც თამბაქოს გამონაბოლქვის ღრუბელი დამხვდებოდა. ჩვენთან ხომ ყველგან ეწევიან სადაც შეიძლება და სადაც არ შეიძლება. მაგრამ გამახარეს, ჩვენთან არ ეწევიანო. სწორედ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ ჩემი არჩევანი - რაღაც გემრიელობა მეჭამა ან დამელია - ამ პატარა კაფეზე შევაჩერე.

როცა ვუთხარი - კარგია თქვენთან რომ არ ეწევიანთქო. გაუხარდათ.
არტური -  "როცა ჩამოვედით ცოტა გაკვირვებულებიც ვიყავით, აქ ყველგან ეწევიან, კაფეში, რესტორანში, სალონში, მაღაზიაში. მგონი საქართველოს მოსახლეობის 90% ეწევა"
ირა - "ზოგმა ისიც კი გვითხრა რომ გაგვიჭირდებოდა კაფის ამუშავება, რადგან მოწევის უფლებას არ ვაძლევთ კლიენტებს. მაგრამ ეგ ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, გინდა მოსწიო სიგარეტი, კი ბატონო - გადი გარეთ და მოსწიე. დღეს ორი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, ერთს პატარა ბავშვიც ახლდა. ისე გაუხარდათ როცა გაიგეს რომ აქ არ ეწევიან დაგვპირდნენ ხშირად ვივლითო"

ბათუმი ძალიან მოეწონათ. ალბათ ოდესას აგონებთ. პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და რაღაცნაირად თბილი გარემოაო. აქ უკვე გვცნობენ და გვესალმებიან, ამბებსაც გამოგვკითხავენ ხოლმეო. ძალიან აინტერესებთ როგორი იქნება ბათუმური ზაფხული. დიდი იმედი აქვთ რომ ხალხი ივლის და მათ მიერ მომზადებულ ტკბილეულს დააგემოვნებს.

ხოდა მეც ხშირად ვივლი. მითუმეტეს რომ გარდა თამბაქოს კვამლის არ არსებობისა, არსებობს ძალიან ბევრი გემრიელი მიზეზი იმისა რომ ამ კაფეს ხშირად ვეწვიო.


სანამ ბარში შესულს დეტალურად გამოგკითხავენ თუ რის დაგემოვნებას ინებებს თქვენი აღმატებულება და სანამ შეკვეთილის მზადება მიმდინარეობს. შეგიძლიათ კაფის ინტერიერით დატკბეთ. მართალია ის ბათუმის ფარგლებში ყველაზე პატარა კაფეა, მაგრამ ფართის სიმცირის მიუხედავად ვერ იტყვით რომ არაკომფორტულია. მოირგეთ მურთაქები, მოიჩოჩეთ მაგიდა და მეპატრონის ხელით ნაკეთი ნივთების ფონზე შეგიძლიათ აწუკვე ტრადიციად ქცეული სელფების გადაღებით დაკავდეთ.


ხოლო თუ სმარტფონით ინტერნეტში სხვისი სტატუსების კითხვას ადამიანური ურთიერთობა გირჩევნიათ, კი ბატონო. როგორც უკვე მიხვდით ირაც და არტურიც გულუხვი მასპინძლების  გარდა საინტერესო თანამოსაუბრენიც არიან. ლაღად და ხალისიანად მოგიყვებიან თავიანთ დაკვირვებებს, თავგადასავლებს და იმასაც კი თუ როგორ ცდილობდნენ გამოეცნოთ თუ რა უფრო ესიამოვნებოდა ქართველ კლიენტს. თავიდან ნამცხვრები უცდიათ, მაგრამ არ გაამართლა და როგორც არტური ხუმრობს ისევ თვითონ გაუკეთეს "უტილიზაცია" აი ყავამ, კოქტეილებმა, ქაფქეიქებმა, ნუშის და შოკოლადის ორცხობილებმა კი გაამართლეს. თუმცა აქ კიდევ ბევრ გემრიელ სასუსნავს და დასალევს წააწყდებით. ამათგან უმეტესობას კი თავად მასპინძლები ადგილზევე აკეთებენ, ამიტომაც აქ ყოველთვის დგას ვანილისა და კარიცის გემრიელი არომატი.


მოკლედ ასე ბატონებო, თუ ახლადგამომცხვარი შოკოლადიანი ბლინის და ცხელი ჩაის, ნუშის ქაფქეიქის ან შოკოლადის ორცხობილას, ან კიდევ სხვა რაიმე გემრიელი სასუსნავის დაგემოვნება მოგინდებათ თამამად შეგიძლიათ ეწვიოთ ამ პატარა კაფეს. აქ არც სიგარეტით გაგჭვარტლავენ და არც ზედმეტი პომპეზურობით მოგაბეზრებენ თავს. აქ ახალ მეგობრებს გაიჩენთ და დროსაც საამოდ გაატარებთ. მითუმეტეს რომ ამ კაფეს ასეთი გემრიელი სახელი ქვია - Chocolatte Coffee-room


2 comments:

  1. იფ, იფ, იფ, გემრიელი პოსტი, გემრიელობებით ))) მშვენიერ )) მადლობა ინფორმაციისთვის )

    ReplyDelete
  2. ხოდა დაუმატე შენს სახეტიალო მარშრუტს კიდევ ერთი პუნქტი :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]