04.09.2013

ანიმეს დიდოსტატი ჰაიაო მიაძაკი 宮崎 駿


დღემდე ძალიან მიყვარს ანიმაციური ფილმები. ზოგს უკვირს- "ამხელა კაცი რეებს უყურებ"ო. მე კი როგორც წესი ის მიკვირს თუ რატო უკვირთ. ეს ხომ ანიმაციაა, მითუმეტეს როცა საქმე ანიმეს ეხება. ჩემი პირველი ფილმი, რომლის წყალობითაც ანიმეს საოცარ სამყაროში შევაღე კარი, ეს ლაპუტას ცის კოშკი იყო. ალტერნატიული სამყარო, საბჭოთა მულტიპლიკაციისაგან განსხვავებული პერსონაჟები და რაც მთავარია, ეს იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი და არა 5 ან 10 წუთიანი გამონათებები. ერთი დიდი და ბედნიერი საათი ანიმეს სამყაროში მოგზაურობისა.



ანიმეს ისტორიით და მახასიათებლებით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ ისე მოხდა რომ ფილმი, რომელიც მე პიველად ვნახე და ის ადამიანი, რომელზედაც ახლა მინდა მოგითხროთ ერთი და იგივე პიროვნებაა - ჰაიაო მიაძაკი ( 宮崎 駿 ).  ის ოცდათერთმეტამდე ფილმის რეჟისორი, მულტიპლიკატორი, სცენარისტი და იდეის ავტორი გახლავთ. ჩემი "მეზობელი ტოტორო" , "ლუპენი" , "პრინცესა მონონოკე", "მოსიარულე კოშკი" და კიდევ ძალიან ბევრი ანიმე, რომელიც თქვენ ასე ძალიან მოგწონთ - სწორედ მისი შემოქმედებაა.


არაჩვეულებრივი, მომხიბვლელი სამყარო რომელშიც ხაიაო იწვევს თავის მაყურებელს ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას. ეს ის სამყაროა რომელიც არ გბეზრდება, სადაც ვერ გამოთვლი რა გელოდება წინ და ყოველ ჯერზე იმ პატარა ბიჭის გაოცებული თვალებით შესცქერი გაცოცხლებულ კადრებს როგორც მაშინ - ანიმეს პირველად ხილვისას.

"მე არ ვარ მთხრობელი, მე ის ადამიანი ვარ, ვინც ნახატებს ხატავს" - ამბობდა ის თავის თავზე. " მე ვაცნობიერებ რომ მალე ანიმატორები აღარ ვიქნებით საჭირო, ჩვენ უბრალოდ გადავშენდებით, როგორც გადაშენდნენ ფრესკის ოსტატები. მაგრამ მე მიხარია, რათა ამ გაქრობის პირას მდგარ სამყაროში გავატარე 40 წელი" 

ხაიაო რიგით მეორე იყო ოთხ ძმაში. დედის ავადმყოფობის გამო სასურველი საავადმყოფოებისა და პანსიონატების ძებნაში ხშირად უხდებოდათ სხვადახვა ქალაქში მოგზაურობა. დამამთავრებელ კლასში იყო როდესაც ერთს საღამოს მისი საბედისწერო ნაცნობობა შედგა ანიმაციასთან. ხაიაომ დიდ ეკრანზე იხილა ანიმაციური ფილმი "ლეგენდა თეთრ გველზე". მას შემდეგ დაიწყო მისი და ანიმეს სიყვარულის ისტორია. რთულმა ბავშვობამ საგრძნობლად დაატყო თავისი ხელი მის შემოქმედებას. თუმცა მისი ფილმების შემხედვარე ვერავინ იტყვის რომ ის პესიმისტია, ვერავინ მის გარდა:

" თანამედროვე სამყარო პირქუშია, უნაყოფო და ცრუ. მე პესიმისტი ვარ. მაგრამ როდესაც ჩემს რომელიმ კოლეგას ბავშვი უჩნდება ისღა დამრჩენია რომ პატარას ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო. რადგან არავის არააქვს უფლება უთხრას ბავშვს რომ ის არ უნდა დაბადებულიყო ამ სასტიკ და საოცრად ძვირ სამყაროში. რომ ჩვენ მას დიდად ვერაფრით დავეხმარებით და ერთად-ერთი რაც  შეგვიძლია გავაკეთოთ ეს - მისი დალოცვაა. ბავშვები დიდებზე გაცილებით უკედ ხედავენ ყველაფერს. ისინი უფრო მგრძნობიარე და გახსნილები არიან.  სწორედ ამაზე ფიქრში ვქმნი მე ჩემს ფილმებს .
პესიმიზმის მიუხედავად მე არ ვაპირებ შევქმნა ფილმი რომელიც ამბობს : გაიქეცი, თავს უშველე, არაფერი გვეშველება. მე ყოველთვის ვამბობ : ნუ გეშინიათ, ოდესმე ყველაფერი დალაგდება და სადღაც აუცილებლად გელით რაღაც კარგი. ცხოვრება ხომ  უკუნში მოციმციმე სინათლეა
"
ის არაერთი სრულმეტრაჟიანი ფილმის ავტორია. მის კალამს ეკუთვნის ასევე რამოდენიმე მანგაც. ხაიაოს ფილმებმა იაონიაში კოლოსალური წარმატებას მიაღწია. მისი ფილმი "მოჩვენებების გატაცებული" იაპონიის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ ფილმად დაასახელეს.


იგივე ბედი გაიზიარეს "მოსიარულე კოშკმა" და "პრინცესა მონონოკომ".


თუ დააკვირდებით, ნახავთ რომ თითქმის ყველა მთავარი პერსონაჟი პატარა გოგონაა. ხშირად ეკითხებოდნენ მას ამის მიზეზს, ისიც დიდხანს და ხატოვნად საუბობდა ზოგადად ქალის მნიშვნელობაზე. მაგრამ ბოლოს თქვა:  " ვიცი კიდე მკითხავთ ამის შესახებ ოდესღაც, ამიტომ მირჩევნია ეს გითხრათ - იმიტომ რომ ზოგადად მიყვარს ქალები"


მის ფილმებში უცნაური არსებების ხილვას ყველა შეეჩვია. მაგრამ ყველაზე ხშირად მის ფილმებში  შეხვდებით ღორებს.  - "დიახ, ღორები ბლომადაა - ამბობდა ის - შესაძლოა იმიტომ რომ ღორის დახატვა გაცილებით უფრო იოლია ვიდრე ჟირაფის. მაგრამ მე მგონი რომ ისინი გაცილებით უკედ გვანან ადამიანებს როგორც გარეგნულად ისევე ხასიათით ვიდრე სხვა რომელიმე არსება" 


 მისი შემოქმედების ძირითადი ხაზი ადამიანის, ბუნებისა და თანამდეროვე ტექნოლოგიების კონფლიქტზე გადის. თავადაც აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში :

" მახსოვს თანამშრომლებს ვთხოვე ცეცხლის მწველი ალი დაეხატათ. ძალიან გაუჭირდათ, როცავიკითხე მიზეზი - აღმოჩნდა რომ უმეტესობას თვალადაც არ ქონდათ ნანახი ხის მორზე მოკიდებული ცეცხლის ალი. მაშონ მე შესვენება გამოვაცხადე და ვთხოვე ყველას - წადით და თქვენი თვალით ნახეთ. მე მივხვდი რომ ძალიან მოხუცი ვარ მათთან შედარებით. მე ჯერ კიდევ მახსოვს შეშის ღუმელში შენთებული ალი და ის დრო, როცა აბაზანისთვის წყალს ცეცხლზე ვაცხელებდით. ახლა კი ყველაფერი ერთი ღილაკის დაჭეით ხდება. მე ვიცი რომ კომპიუტერს გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე ადამიანის ხელს. მაგრამ ისიც ვიცი რომ მე უკვე მოვხუცდი იმისთვის რომ ეს ყველაფერი გამოვცადო"

არასდროს არ უშვებდა შანს ხელიდან თავად წარემართა შემოქმედებითი პროცესი. ის ყოფილიყო მთავარი შემოქმედი და არა პროდიუსერი და მისი კანონები. აბსურდად მიაჩნდა ყველა შაბლონი. განსაკუთრებით თარგი, რომლის გარშემო იგება წარმოებული ფილმების აბსოლუტური უმეტესობა. როცა ბოროტების სათავედ მხოლოდ ერთი რომელიმე პერსონაჟი სახელდება , რომელზედაც შეიძლება იზეიმო გამარჯვება ან დაადანაშაულო ის. "ეს აბსურდია" - ამბობდა ის.


მისი ფილმები აღრფთოვანებას იწვევს როგორც პატარებში ასევე დიდებში. მას შუძლია მიძინებული გრძნობები გაეღვიძებინა. მის ისტორიებს ერთნაირი გულისყურით ადევნებს თვალს როგორც დიდი ასევე პატარაც. სევდა, რომელიც მის ფილმებს ყოველთვის თან ახლავს ერთნაირად მოქმედებს ყველაზე. არის მათში რაღაც ნოსტალგიური. სხვათაშორის ხაიაოს მიაჩნდა რომ ბავშვები უფროსებზე მეტად განიცდიან ამ გრძნობას. თავად ნოსტალგია კი ყველაზე გავრცელებული და ბუნებრივი ადამიანური ემოციაა. რადგან ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა ერთი მეორეზე მიყოლებული დანაკარგების წყება.

ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანისთვის თავისუფლების შეგრძნებაა. იმ გრძნობის, რომელიც მის ფილმებს თან ახლავს. მთავარი ბედნიერებაა და როგორც ოსტატი იტყოდა - ეშმაკსაც წაუღია ლოგიკა.


"ბავშვებს გამოყოლილი აქვთ შთამომავლობის ისტორიული ცოდნა და მეხსიერება. უბრალოდ როცა იზრდებიან ეს მეხსიერება და ცოდნა სულ უფრო და უფრო მიუწვდომელი ხდება მათთვის. მე ძალიან მინდა გადავიღო ფილმი, რომელიც ოდნავ მაინც დაუბრუნებს დიდებს ამ მეხსიერებას და თუ მე ამას შევძლებ -  შემიძლია მშვიდად მოვკვდე"


რამოდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი რომ მიაძაკი დამსახურებულ პენსიაზე აპირებს გასვლას. დავიღალეო ბრძანა ოსტატმა და დიდი დასვენებისთვის ემზადება. ცოტა არ იყოს ნაადრევად მეჩვენება მისი ასეთი განცადება. რატომღაც ვფიქრობ რომ ეს "პენსიაც" ცოტათი დაიგვიანებს რადგან მისი ანიმესადმი სიყვარულმა შეუძლებელია ასე უცებ დაათმობინოს ასპარეზი კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი ქმნილების შექმნამდე. ჩვენ კი კიდე ერთხელ, როგორც სუფრაზე იტყვიან - "ამ გახსენებაზე" - შეგვიძლია გადავავლოთ თვალი ჩვენს საყვარელ ანიმე ისტორიებს და კიდევ ერთხელ დავიბრუნოთ ბავშვური ნოსტალგია.


დიდი მადლობა ოსტატო 

Post a Comment

2 комментария:

  1. კაია მიყვარს ანიმები 16 წლის ვარ და ეხლაც მულთფილმებით ვარსებობ

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ანიმე ნებისმიერ ასაკში საინტერესოა - ვისა უყვარს იმათთვის ;)

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!