Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ცეცხლთან მოცეკვავე

ცეცხლთან მოცეკვავე
დეკემრის თვე იყო მაშინაც. უნივერსიტეტიდან სახლისკენ მოვდიოდით. ერთი გზა გვქონდა გასავლელი. მას შავი, მაღალსაყელოიანი ქურთუკი ეცვა. ციოდა და წამოწეულ საყელოში მალავდა ცხვირს. საახალწლო ინტერმედიისთვის ვემზადებოდით, რეპეტიციებიდან მოვდიოდით და გვიხაროდა რომ სცენარს რაღაც კარგი პირი უჩანდა. გზადაგზა ვიხსენებდით მინიჭებული როლებიდან ფრაზებს და სიმღერის ტექსტებს. ცეკვის ილეთებსაც, ხო, ცეკვის ...
ძალიან უყვარდა ცეკვა... არა, ძალიან არა... ის ცხოვრობდა ცეკვით და როგორც თვითონ იყო მოხიბლული, ისევე ხიბლავდა ყველას ვისაც კი უნახავს თუ როგორ ცეკვავდა...


გზად მაღაზიაში შევიარეთ და იმ დროს "სეზონის ჰიტად" ქცეული პულივიზატორში "ჩატენილი" ხელოვნური თოვლი ვიყიდე. ჩამობნელდა, ლამპიონების ჯერი დადგა. ტროტუარის კიდეზე, ბარდიულზე შედგა და ცეკვაცეკვით გაყვა ... მეც ვცადე, არც ისეთი ცეკვა გამომივიდა და არც ისე სწრაფად და სწორად სიარული ... გადაიკისკისა.
ძალიან უხდებოდა სიცილი.
ვის დასცინი მეთქი და "პულივიზატორს" თავი მოვხსენი. მიხვდა რასაც ვაპირებდი და კივილით გაიქცა, დავედევნე და პულივიზატორი მივუშვირე.
შავი, მაღალყელიანი ქურთუკი ხელოვნური თოვლის საფარით დაიფარა. მოტრიალდა, წამართვა პულივიზატორი და დანარჩენი მე დამაცალა...
ორთავე გათეთრებულები და "დათოვლილები" ვუცქერდით ერთმანეთს და ვიცინოდით ...
შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს ის ხელოვნური თოვლი არ იყო, რომელიც მერე დნებოდა... ამაზეც ბევრი ვიცინეთ და სახლამდე გზა ასე, ხელონური თოვლის საფარქვეშ გავიარეთ. ის მაინც ცეკვავდა და იცინოდა...

ყოველთვის ცეკვავდა და იცინოდა...
და როცა ქებას ისმენდა წითლდებოდა....
იღიმოდა და ცეკვავდა...
ისე ცეკვავდა რომ ივიწყებდა ყველაფერს რაც მის გარშემო იყო, ყველაფერს რაც ადარდებდა და აწუხებდა... ყველაფერს რაც ხელს უშლიდა ყოფილიყო თავისუფალი. რეპეტიციებზე რაგინდ დაღლილებიც არ უნდა ვყოფილიყავით, ყველა ვჯდებოდით და ვუცქერდით თუ როგორ ცეკვავდა ის. სოლო ნომერიც კი მოიფიქრა სადაც ალისფერი, უზარმაზარი ნაჭრით ცეკვავდა... ეს ცეცხლის ცეკვა იყო, ცეცხლის თუ ცეცხლთან ?! ... მომაჯადოვებელი, მომნუსხველი და ... მისი.

რამოდენიმე ხნის შემდეგ კი ვგებულობთ ... ავტოავარია ... თიკო აღარარის ... ცეცხლი ჩაქრა

დიდი დრო გავიდა. ცხოვრება თავიდან ალაგებს რეალობის მოზაიკის ნაწილებს... იმ მელოდიის გაგონებაზე დღესაც მისი ცეკვა გვახსენდება. ალისფერ ნაჭერთან ერთად ცეცხლის ალივით მოგიზგიზე, ლამაზი და მომნუსხველი ... დარჩა მხოლოდ თბილი, მზიანი მოგონება ცეცხლთან მოცეკვავე გოგონაზე. თიკოზე

ახლაც დეკემბერია ...

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]