Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"დაძველებული ახალი ბულვარი"

"დაძველებული ახალი ბულვარი"

სულ რაღაც ორიოდე წლის წინ იყო ეს. ბათუმის ძველ ბულვარს რაღაცნაირი სიხალვათე ეტყობოდა. მახსოვს ახლად გამომცხვარი ბარების მენეჯერები წუხდნენ - "ხალხია ცოტა"-ო. თუმცა არც მაშინ უჩიოდა ბათუმი დამსვენებელთა სიმცირეს. უბრალოდ მათი თავმოყრის ადგილი შეიცვალა. ყველაფრის თავი კი ახლაი "სასწაული"  -  ახალი ბულვარი იყო.

"იქ სადაც ადრე ჩხაოდა ტურა ჩვენ გავაშენეთ კლუბის კულტურა"

დაახლოებით ასე შეიძლებოდა შარშან გადმოეკეთებინათ ძველი კომუნისტური სლოგანი. ახალი ბულვარი მართლაც ახალი ამღმოჩენა იყო. თითქმის ყოველ შაბათ კვირას განაღდებული კონცერტებით, სახელდახელოთ გადატანილი ან გახსნილი კლუბებით და "ყინულის სასახლით". ჩამოყვანილი მომღერლებით, მუსიკოსებით, ჯგუფებითა და ლამის მაყურებლებით.

წელს აღარც ეს "აფრები" აუშლიათ ... აღარ არისო საჭირო ?!

რა გითხრათ, მშვენიერი რამ არის ახალი ბულვარი (განსაკუთრებით მზის ჩასვლის შემდეგ, რადგან ჩრილი ძნელად მოიპოვება ) სადა, ლამაზი და ყოველგვარი ზედმეტი შენობა-ნაგებობების გარეშე. თავისი შეზლონგებით, სარბენი ქვიშის ბილიკით, ველობილიკითა და იმ უჩვეულო გარემოთი რომელიც ძალიან განსხვავდება მისი ძველი კოლეგისაგან.

როცა ბავშვები გრილდებიან...
უფროსები ბავშვობას იხსენებენ

ჩაიარა დრომ ( გასაკვირად მალე ) და ახალი ბულვარი დაგვიძველდა. მართალია მას უკვე გაუჩნდა თავისი გულშემატკივარი. ძირითადად ეს განმარტოვების მსურველი წყვილები (რასაც უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ძველი ბულვარი თავისი გადანათებულ-გადატვირთულობის გამო ), ხმაურიანი ქალაქიდან დასასვენებლად გამოსული დამსვენებლები ( დღეს აქ უფრო სიწყნარეა ვიდრე გადახუნძლულ ძველ ბულვარში ) და სკეიტით, ან როლიკებით გართობის მსურველები არიან. ძველმა ბულვარმა კი ხმაურიანი, გადაძიძგნილი, შაურმის სუნის მატარებელი ადგილის ფუნქცია ირგუნა ( ბულვარის ცენტრში, ზღვის პირას ეგ უფრო მკაფიოდ იგრძნობა, თუმცა არც უმწვადობას უჩივის ).

არადა წესით ახალი ბულვარი უფრო ადვილად მოსარგებია ნებისმიერი კლუბის, ბუნგალოს, კონცერტის თუ ხალხმრავალი ღონისძიების ჩასატარებლად ვიდრე კოხტა და კეკლუცი ძველი ბულვარი სადაც სიწყნარე და დასვენება უფრო გინდება (გარემო განაპირობებს - მაგრამ პირობები არა ).

რაღა დაგიმალოთ და თავიდანვე მომეწონა იდეა თუხთუხის მოყვარულთა არმიის ახალ ბულვარში გადაბარგების შესახებ. მაგრამ რატომღაც ეგ იდეა მხოლოდ ერთჯერადი აღმოჩნდა. წელს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია უფრო "ახალბულვარობს". ის კი "ძველი წყალსაცავივით" ისევ ელის თავის "შადრევანთან მოთამაშე გოგონას".

ის არგუმენტი რომ "შორსაა, მაქ რა მივა" და ასე შემდეგ აბსოლუტურად უადგილოა. როცა რაიმე ტარდება და მისვლა გწადია, უკაცრავად და წინდის საყიდლად გადადიან თურქეთის საზღვარს...

დღეს ახალ ბულვარს კიდევ ერთხელ ვეწვიე. გარდა იმისა რომ წვიმდა და ხალხიც არსად ჩანდა ( მე მანქანით გავისეირნე თორე ისეთ წვიმაში აბა იქ ვინ წავიდოდა ) თუმცა ხალხთან ერთად ესოდენ დიადი და ქათქათა ყინულის სასახლეც შეწუხებულა წვიმისგან და დაჩუტულა. ეტყობა მასაც მოსწყინდა დაველებულ ახალ ბულვარში და სადმე, ძველთან ახლოს, ხალხ მრავალ და თუხთუხა ადგილზე გადმოიჩოჩებს. ან არ გადმოიჩოჩებს. არ მიკითხავს.

აი ასე, დაგვიძველდა "ახალი ბულვარი" სამაგიეროდ გაგვიახალგაზრდავდა "ძველი", გაგვიახლდა ანბანის კოშკის მიმდებარე "ნასტადიონარი" ტერიტორია და სადარბაზოებში ჭარბად ნასვამი ლუდის სიმძიმილსაგან განთავისუფლებული ორგანიზმიდან ამოხეთქილი შვების გმინვებმა და მიმყოლმა სურნელმა საგრძნობლად იმატა!!!

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]