Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გამომზეურებული

გამომზეურებული
გამომზეურება, ეს სიტყვა ყოველთვის ბავშობაში მაბრუნებს. ზაფხულობით, როცა მზე ურცხვად გვანათებდა ზამთრობით სანატრელ და აწ უკვე შემაწუხებლად გულუხვ, მხურვალე სხივებს, ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე,“ ისეთი მზეა დროა გამოვამზეუროთო“ და ოჯახის წევრებისთვის ნათელი ხდებოდა რომ სულ მალე ჩვენი ეზო პატარა მუზეუმს დაემსგავსებოდა.
ეზოში თანმიმდევრობით იხსნებოდა დიდი, ტყავგადაკრული ჩემოდნები, პატარა სოკვოიაჟები, სკივრები და ნაფტალინის სუნთან ერთად სამზეოზე ამოდიოდნენ ბებიაჩემის ნამზითვი, დიდი ბებიის ნაჩუქარი თუ ბაბუაჩემის ნაყიდი, თავის დროზედ ხმარებაში ძალზედ ხშირად მყოფი მაგრამ აწ უკვე წლიწან წლამდე სკივრებისა და ჩემიდნების ფსკერზე, მათსავით გამოსამზეურებელ მოგონებებად ქცეული ასობით რაღაც რაღაცეები.

დიდი ბებიის ხელით აყვავულებულ ალუბალზე შემომსხდარი მერცხლებით ამოქარგული ბალიშის პირები. ათასგვარი სირთულის თარგით მოქარგული და გამოყვანილი თეთრი საყელოები, ბებიაჩემს რომ ეკეთა თურმე სკოლის პერიოდში. ჯერ კიდევ თავისი ჯერის იმედიანად მომლოდინე ფარჩა და აბრეშუმის ყვავილოვანი საკაბეები. მოვერცხლილ ბალთიანი დიდთავა და ვიწრო ქამრები. უჩვეულო თავიანი, ლაკის და ნაჭრის „პორტმანები“. ჯერ კიდევ კეკლუცად მბზინავი, ბებიაჩემის სიყრმის ლაქის ფეხსაცმელები. ათასფერი, ათასგვარი და მშვენიერი თავსაფრები... რიგრიგობით რომ ჰკიდებდა გაბმულ თოკზე გასანიავებლად და ნიავის ყოველ შეხებაზე ხან დიდი ხომალდის ქარით გავსებულ აფრებს მივამსგავსებდი და ხანაც სცენის დიდ, აზიურ ფარდას, რომლის იქეთ კიდევ ათასი საიდუმლო ინახებოდა. და ეს ასეც იყო


ხო, ასეც იყო და ამ დამალულ საიდუმლოს, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ბაბუაჩემის წილი სკივრ, ზარდახშა, ჩემოდნები ერქავა. ათამდე სხვადასხვანაირი ცილინდრი ყოველ წელს ცდილობდა ჩემს თავზე მორგებას, მაგრამ ამაოდ, ვერც ჩემი დიდი ყურები შველოდა საქმეს, ისინი მაინც მეფხატებოდნენ ცხვირზე. დიდი და ჭრელი ჰალსტუკების მთელი წყება თამამად იკავებდა თავის ადგილს ბებიაჩემის თავსაფრების გვერდით. გამოჩენისთანავე უმალ ცხენებად ქცეულ ხელჯოხებზე ამხედრებული რაინდი მედგრად ებრძოდა თავსაფრებს მიღმა მიმალულ, ბაბუას საზამთრო, მელიის კუდს ყელიან პალტოში მიმალულ გოლიათს სანატრი განძის გამოსახსნელად და დაუცხრომელი ბრძოლის შემდეგ ამ განძსაც ეწერა მზის შუქის ხილვა... მოჩუქურთმებული ზარდახშის თავი იხსნებოდა და მზის შუქზე საამოდ ელვარებდნენ ბაბუას თეთრი პერანგებისთვის განკუთვნილი მანჟეტების თვლები, ძველი ბროლის ჭაღის ბურთულები , ბებიის თმისამაგრი „გრებეშოკის“ მარგალიტები, ნახევრად ძვირფასი მძივები, ბაბუას დიდი, დასაქოქი , ვერცხლის ჯიბის საათები, ბალთები, საკინძეები დაძველი, ძალიან უჩვეულო ფორმის ფოლაქები. ფოლაქები?! რა ფოლაქები?! უთვალავი თვალ მარგალიტი და ოქრო ვერცხლი...

ბაბუას აზიაცკებში ჩადგმულს კიდევ ერთი სურვილი მიღიტინებდა. ვიცოდი რომ ძნელი იყო ყოველთვის ამაზე უფროსების დაყოლიება, მაგრამ დიდი სევდიანი თვალები და მთელი დღე დამჯერე ბიჟის იმიჯი თავისას მაინც შვებიდა. დიდი მუდარის შემდეგ ქარქაშიდან ორლესილი ხმლის ფოლადის წკრიალი ისმოდა. აი, ეხლა კი რაინდი მართლა რაინდობდა, მერე რა რომ ცხენი ხელჯოხი იყო, აზიაცკებიც დიდი ქონდა და ჩაფხუტის შეცვლელი ბაბუას საზაფხულო ნასვრეტებიანი ცილინდრი ყოველთვის მებლანდებოდა თვალებში... სამაგიეროდ ხმალი იყო ნამდვილი, ორლესილი და საოცრად მჭრელი. იმდენად მჭრელი რომ თუ დროზე არავინ გამაჩერებდა ჩემი მკლავის სიმაღლეზე იყო დაყვანილი სიმინდი, მაყვალი, ფეიხოას ნორჩი ნერგები და საერთოდ ყველაფერი რაც კი გზად მეღობებოდა და მემტერებოდა. 


რამდენი გველეშაპისთვის წამიცლია ამ ხმლით თავი, რამდენი დევისთვის მომიღია ბოლი და რამდენი საგმირო საქმე ჩამიდენია ისეთი რომ მსოფლიო მიხსნია დაღუპვისაგან... არადა მიუხედავად ამდენი გმირობისა მადლობელი მაინც არავინ იყო. მზე როგორც კი გადაექამებოდა დასავლეთისკენ, თან ეს ყოველთვის მაშინ ხდებოდა როცა თამაში და ფანტაზია მხოლოდ ეს-ესაა ძალას იკრებდა... ჩემი საგმირო საარაკო ეპოპეა ისევ ისე კოხტად და თანმიმდევრულად იკეცებოდა, იფუთებოდა და თავიანთ სკივრ, ჩემოდან, ზარდახშას უბრუნდებოდა, იკეტებოდა და კარადებსა და სხვენში ნაწილდებოდა. მაგრამ ამჯერად ნაფტალინთან ერთად მათ მზის სხივების სითბოც მიჰქონდათ და მომავალ გამომზეურებამდე ტკბილად იძინებდნენ.

აი, ასეთი იყო გამომზეურებული წარსული, რომელშიც შვილიშვილი მომავალს თამაშობდა.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]