Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ტრუსიკის გარეშე არ დაიშვებიან !

ტრუსიკის გარეშე არ დაიშვებიან !

როგორც იქნა სათანადოდ დათბა და მეც კეტების შესაძენად გავემართე. მაღაზიაში, სადაც კეტებს ვარჩევდი, ერთი სექცია გაპრიალებულ, ბზინვარე ლაქის ფექსაცმელებს ეკავა. თუმცა ამ ფეხსაცმელებს არც დავაკვირდებოდი რომ არა ერთი ბიჭი, რომელიც დიდის წვალებით ირგებდა ფეხსაცმელს ხოლო მისი მხლებელი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალა, დიდის დაკვირვებით აფასებდა შედეგს. ბიჭს დიდად ხალისი არ ეტყობოდა, ბოლოს წამოსცდა კიდეც - „კაი რა. ქორწილის მერე ამის ჩამცმელი მაინც არ ვარ და რა მნიშვნელობა აქვს?“. „ არა გივიკო, როგორ რა მნიშვნელობა აქვს, რაც კარგია ის ავირჩიოთ „ უპასუხა სავარაუდოდ ჯერ კიდევ სასიდედრომ. – „ მაიას თქვენებმა ისეთი პატივი სცეს...“ ამ წონადი არგუმენტის შემდეგ ბიჭმა მორიგი ბზინავი საქორწინო ფეხსაცმლის მორგება დაიწყო. ვიჯექი და მათი „წვალების“ შემყურე ვფიქრობდი, ნუთუ კიდევ ძალაშია ეგ „ტრადიციები“.

ქართული ქორწილი რომ ცალკე თემაა ეგ ცხადია. მაგრამ ქორწილს, როგორც ქართულს ასევე უცხო მოდგმისასაც რომ ხშირად ახასიათებს საკმაოდ უცნაური რაღაცეები ესეც ცხადია. ეს წინა საქორწინო შოპინგ-მოპონგი. მერე რომ არავის არაფერში ადგება და კარადაში იმტვერება.

კენიაში დედოფალს არც თეთრი ფოია-ფოია კაბის და არც ლაკის წკაპუნების დარდი არააქვს. იქ წითელი და შავი საღებავით გაკეთებული ნახატებითაც კმაყოფილდებიან. ეს ნახატები როგორც ხელებზე, ასევე ფეხებზეც კეთდება და საღებავის საკმაოდ კარგი ხარისხის წყალობით ნახატები თითქმის ერთი წელი ძლებს. რაც დედოფლის სტატუსზეც მოუთითებს. თუმცა თუ ფიქრობთ რომ მამაკაცის ოჯახი მხოლოდ საპატარძლოს გაფერადებით გავა ფონს, ძალიან სცდებით. თავად ღრმად პატივცემული სიძე ქორწინებიდან მთელი თვის განმავლობაში ქალის სამოს ირგებს და საოჯახო საქმეებითაა დაკავებული. რათა შეიგრძნოს ქალის ყოფის მთელი სიმძიმე. ესეც შენი თაფლობის თვე ...

საქორწინოდ დიეტაზე „შემომსხდართა“ საყურადღებოდ მინდა ვთქვა რომ ნიგერიაში, ქორწინებამდე დედოფალი ყველანაირად სცდილობს წონაში მოიმატოს. „ლოგინის ვერ შევსების“ შიშით პატარძლები მშვენივრად ეძალებიან სასუსნავს. წინააღმდეგ შემთხვევაში წონაში მოტყუებულმა სასიძომ შესაძლოა საერთოდ უარი თქვას ქორწილზე.

ზოგი ქორწილისთვის კარგ თამადას ეძებს, ზოგიც მაყარში წარჩინებულ ადამიანს. კორეაში კი ქორწილში ყველაზე სასურველი და საპატიო სტუმარი დედალ მამალი იხვია. ისინი თვლიან რომ იხვებს ყველაზე „ტკბილი“ ოჯახი აქვთ და ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის ერთგულები არიან. ამიტომაც მათ საპატიო აგილს მიუჩენენ ხოლმე და თავს ევლებიან. საინტერესოა ერთგულებასთან ერთად ტვინის წამღები ყაყანიც გადაეცემა თუ არა შეუღლებულთ?! ყოველ შემთხვევაში იხვის ტოლმის რეცეპტი კორეელებსაც ეცოდინებათ.

თუმცა ტოლმამდე მეფე დედოფალს საქორწილო ტორტის დაგემოვნება მოუწევთ. თუმცა არამგონია ის ტორტი რომელსაც ბერმუდის კუნძულებზე მეფე-დედოფალს უმზადებენ ძალზედ მოეწონოთ საქართველოში. რამოდენიმე სართულიანი ტორტის „კენწეროში“ ხის ნერგია მოთავსებული, რომელიც შეუღლებულებმა ქორწილის მერე ეზოში უნდა დარგონ და მათი სიამტკბილობაც იქამდე გასტანს სანამ ეგ ხე არ გახმება. საინტერესოა ნერგებით კერძების მორთვა მხოლოდ საქორწინოდ იციან თუ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იყენებენ ხოლმე იქაური ქალბატონები. ლობიო ტყემლის ნერგით, საცივი ნიხვზის ნერგით, მჭადი სიმინდის ტაროთი და რავიცი კიდე რა ... ვინ იცის ამის შემყურე გამწარებული ქმარი რამდენჯერ შეეცდება ეზოში დარგული იმ ბედნიერების ხის მოჭრას და გახმობას.

იაპონიაში კი საცოლე სიძეს მთელი ოჯახის თანხლებით სტუმრობს ქორწილის წინა დღეს. ყველაზე გამორჩეულ კიმანოს იცმევს და თავზე სამკუთხედად იხურავს თავსაბურავს. რატომ სამკუთხედად? იაპონელებს სჯერათ რომ გათხოვებამდე ყველა პატარძალს პატარა რქები აქვს და სწორედ ამ რქების დასაფარად იფარებენ სამკუთხედად გაკეცილ თავსაბურავს. შემდეგ კი მომავალ მეუღლესთან ერთად სვამენ ცხრა ყლუპ საკეს, რაც იმის მაუწყებელია რომ ისინი უკვე ცოლ-ქმარი არიან და სავარაუდოდ იმისაც რომ თუ პატარძალი ზომაზე მეტად ეშმაკი აღმოჩნდა, პატარძლის პატარა რქები შეიძლება სამომავლოდ ქმრის დიდ რქებად გადაიქცეს.

ყველაზე სახალისო ტრადიცია კი მაინც ბრაზილიაშია. ტრადიცია, რომლის გამო ბრაზილიელი დეპუტატები კანონში (თუმცა ეს არსად არ სწერია) ცვლილების შეტანასაც კი მოითხოვენ რათა „საწყალ“ პადრეს ნერვები მწყობრში ქონდეს. საქმე იმაშია რომ ბრაზილიაში (არ ვიცი ვინ შემოიღო) დედლოფალს თეთრი სადედოფლო კაბის ქვეშ საცვალის ტარება დიდად არ ეხალისებათ. არა, საქმე აუტანელ სიცხეს არ ეხება. მათ მიაჩნიათ რომ უსაცვლოდ მათი სიყვარული გაცილებით დიდხანს გასტანს (ნეტაი თქვენ) ვიდრე საცვალ ჩაცმულ მდგომარეობაში. საქმე იქამდე მივიდა რომ ( ეტყობა რამოდენიმე მღვდელს და მაყარს ნერვებმაც კი უმტყუნა) რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ კონკრეტული კანონის შემოღებას სადაც მითითებული იქნება რომ „ ჯვისწერაზე დედოფლები ტრუსიკის გარეშე არ დაიშვებიან“ . საინტერესოა ვინ შეამოწმებს ამ ყველაფერს. ალბათ სპეციალურად გაწვრთნილი და გატრენინგებული ტრუსიკ შემმოწმებელი საჯარო მოხელე. ისიც საინტერესოა მითითებული იქნება თუ არა ნებადართული საცვლის კონკრეტული ფორმა, ტანგა, სტრინგი ... ბანდაჟი. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი (დეპუტატები) არა მხოლოდ საცვლის, არამედ დეკოლტეს ზომაზეც კი დაობენ და მის ერთგვარ სტანდარტიზაციაზეც ფიქრობენ რათა მღვდლებს ლოცვა არ დაავიწყდეთ.

წამით წარმოვიდგინე ანალოგიური სახის „პრობლემებით“ ჩვენი პარლამენტიც რომ დაინტერესდეს... რა საინტერესო იქნება სხდომების ყურება.

ასეა თუ ისე წესები და ოინები ყველას საკმაოდ ბლომად მოეპოვება. იმ ბიჭმა მოირგო თუ არა ფეხსაცმელი მაღაზიაში ნამდვილად აღარ მახსოვს. მე ვიყიდე კეტი და წამოვედი. მაგრამ დაამტკიცებენ თუ არა ბრაზილიაში ამ კანონს ძალიან მაინტერესებს... ნეტა ქორწილში არ დაგვპატიჟებენ!?


3 comments:

  1. PARLAMENTSHI CHVENTAN EG ROM GAXDEBA GANXILVIS SAGANI, AI MASHIN MEC VUYUREB PARLAMENTS ! :)

    ReplyDelete
  2. რამდენი ვიცინე)) ნეტაი უაზრო ადათ წესები რომ გვაქვს იმაზე იდავონ პარლამენტში და საცვალზე სულ ნუ დაიღლიან პულტებს.

    ReplyDelete
  3. :)მართლა კარგი სეირი იქნება. ნებისმიერ 100% და პროფილ-ვანო-ნანუკას შოუებს აჯობებს :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]