20.03.2012

განაახლე შენი სტატუსი


სტატუსი, ის ყოველთვის განსაზღვრავდა შენს ვინაობას და ადგილს საზოგადოებაში. სტატუსი სამსახურში, მეგობრებში, ნათესავებში და ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი - ვირტუალური სივრცე. თუმცა აქ  პირდაპირი მნიშვნელობით შენი სტატუსი განსაზღვრავს არა მხოლოდ შენს ვინაობას, არამედ შენს განწყობას, შენს გრძნობას, შენი აზრების და აზროვნების წყობას, სურვილს, მისწრაფებას, რისხვას, სინანულს, ბედნიერებას... ყველა ემოციას. სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი ადამიანის სულის დიდი მოზაიკის პატარა ნამსხვრევებია.

ხშირად გიფიქრიათ რას წერთ? ნუ რათქმაუნდა გიფიქრიათ კიდეც. მაგრამ რამდენად გიფიქრიათ იმის თაობაზე თუ ვინ და როგორ კითხულობს ამ სტატუსებს? ხშირად გვჩვევია ციტატებით საუბარი. ხშირად ვიხიბლებით იმ მარგალიტივით კეკლუცად აწყობილ სიტყვათა ელვარებითა და შინაარსით, რომლებიც ცხოვრებისეულ სიბრძნეს ქადაგებენ და გზა მართლისაკენ მიგვინიშნებენ. მაგრამ როგორც წესი ასეთი სტატუსები მხოლოდ ფანჯრის რაფაზე დადებული ლამაზყვავილიანი ქოთანივითაა. რაც სულაც არ ნიშნავს რომ ფანჯრის შიგნით იგივე სილამაზე დაგხვდებათ.

ეს დაახლოებით „იგივე სიმღერაა“ რაც კონტრაჟურში გადაღებულ, კუხე შემოხაზულ და ძალად სასწაულად „მონათლულ“ სურათების „თუ გწამს გაიზიარე“ მიმდინარეობა. შემოხაზულ ფოტოების გაზიარების რაოდენობა რაიმენაირად პირდაპირპროპორციული რომ იყოს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდათა დისლაიქის... ქართველებზე უფრო უცოდველი ერი ალბათ არ იარსებებდა. თუმცა ეგეც როგორც ვთქვი ინდუგენციის ერთგვარი ნაირსახეობაა და ზუსტად ისეთივე გარეთ გამოდგმული ქოთნიანი ყვავილია - როგორც ლამაზი ციტატებით აწყობილი გვერდი.

თუმცა რაღათქმაუნდა არსებობენ გამონაკლისები რომლებიც ამ სხვის მიერ „დამზადებულ“ ქარაგმებს თავისი ფიქრის სწორად იყენებენ და სწორედ ისე ფიქრობენ, რაც მთავარია სწორედ ისე მოქმედებენ და ცხოვრობენ როგორც წერენ. მაგრამ სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი და ძნელად საპოვნელნი არიან.

სხვა სოციალური ქსელებისგან განსხვავებით ფეისბუკს და კონკრეტულად ქართველ მომხმარებელს ნაკლებად ახასიათებს შაბლუნური, (ზაგატოვკა) სტატუსების წერა. ის უფრო რეალისტური და ცოცხალია, შეიძლება ითქვას უშუალოც. ის იმ პატარა ეზოს გავს რომელშიც ყოველთვის ჩარბიხარ სათამაშოდ, საჭორაოდ, ვინმეს ან ვიღაცეების სანახავად და როგორც ჩვენს, ქართულ ეზოში გვჩვევია ყველანი ხმამაღლა ვსაუბრობთ ყველაფერზე, მაგრამ რაღათქმაუნდა გარკვეული (და ხშირად გაურკვეველი ) ქვეტექსტებით.

ვსაუბრობთ ქარაგმებით, ხშირად მეორე ან კიდე მესამე პირში. ხშირად ისეა ნაუღლები სათქმელი რომ კომენტარში ოდნავ მაინც გადაქანებული პასუხის შემთხვევაში აზრი სტატუსსაც ეკარგება და თავად ავტორსაც უსხლტება ხელიდან. ხშირად სტატუსით დუმილის უფლებას ვიყენებთ, ხშირად კი დუმილიც სტატუსია .

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მაინც რჩებიან ჩვენს განმსაზღვრელად. ისევე როგორც წარწერა მაღაზიის ვიტრინაზე. რაც წერია შენს სტატუსში იმას ელიან შენს „მაღაზიაშიც“.


სტატუსი ხომ მეამბოხე, სააშკარაო მიტინგზე გამოსული გრძნობების ერთგვარი ტრანსფარანტებია. ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ თუ მათი მიხედვით განგვსჯიან ჩვენც.
ასე რომ განაახლეთ თქვენი სტატუსი, თუმცა შეეცადეთ რომ მათთან ერთად თქვენი ცხოვრებაც განაახლოთ. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება !

Комментариев нет:

Отправить комментарий

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!