Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ის ნაძვის ხე

ის ნაძვის ხე
„მაგ საქმეს მაინც არავის გვანდობ და დროზე ჩამოდი, მიხედე“

არ ვიცი როგორი იყო ჩემი რეაქცია როცა პირველად ვნახე. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ის მუდამ იყო ჩემს ცხოვრებაში. მისი მორთვა კი ცალკე აღებული, ძალზედ სერიოზული და საპასუხისმგებლო რეტუალი იყო. იმდენად სერიოზურლი რომ მის ჩატარებას არავის ვანდობდი. იმდენად საყვარელი რომ არასდროს ვრჩებოდი სახლში ნათლისღებას. როცა ნაძვის ხეს შლიდნენ...
როცა სამზარეულოში წინასაახალწლო ფუსფუსი იდგა, სხვენიდან დიდი, დამტვერილი მუყაოს ყუთი ფრთხილად, ფაქიზად ჩამომქონდა. მისი გახსნა იმ ჯადოსნური სკივრის გახსნის ტოლფასი იყო ათას ულამაზეს საგანძურს რომ ინახავდნენ ხოლმე მეკობრეები, ჯადოქრები თუ ვინ იცის კიდე ზღაპრის რომელი პერსონაჟს ქონდა ამ სკივრისათვის თავისი განძი მიბარებული. აქ ყველა ნივთი განუმეორებელი იყო.


თუმცა სანამ მათზე ვისაუბრებდე ნაძვის ხეც მინდა გავიხსენო. უფრო სწორედ კი ის საწყალი, ნაძვის ხის წაჭრილი კენწეროები საახალწლოდ რომ გამოჰქონდათ გასაყიდად. როგორც არ უნდა გეცადა, ძალიან ძნელი იყო ამოგერჩია ნაძვის ხე რომელსაც ან სიმაღლე ექნებოდა შესაფერისი, ან კენწერო იმდენად მყარი რომ არ იხრებოდეს,  ან ტოტები იმდენად სუსტი რომ ძაფით დამაგრებას, გამყარებას არ საჭიროებდნენ, ან კიდე სულაც ცალ მხარეს გამოზრდილი და მეორე მხარე სრულიად „მელტი“. ამ შემთხვევაში ორ ცალს ერთის ფასად იძლეოდნენ, სახლში რომ ერთი მეორეს გვერდით მიგება და იქნებ მთლიანობაში რაღაც გამოსულიყო. მართალია ის ნაძვის ხეები არასდროს ჰგავდნენ ნახატ ფილმებში, ზღაპრებში ან კიდე საახალწლო ღია ბარათებზე დახატულ ფუმფულა ხეებს, მაგრამ ასეა თუ ისე, ავი თუ კარგი ნაძვი იდგა და სასწრაფოდ ითხოვდა მოკაზმვას.

„საიდუმლო სკივრიდან“ ამოღებული ყველა სათამაშო განსხვავდებოდა ერთიმეორესაგან. ყველას თავისი ხასიათი, განწყობა და ადგილი ქონდა იმ ხეზე, რომელიც სულ მალე ჯადოსნურ ხედ გადაიქცეოდა. პირველი სათამაშოს ჩამოკიდება სუფთა ტილოზე ფუნჯის პირველ მოსმას ჰგავდა. დიდხანს ვყოყმანობდი სად მიმეჩინა მისთვის ადგილი, სად იქნებოდა უფრო უკეთ. ყველა ხე ხო არ გავს მეორეს. ჯერ მსუყე, გაბეყილი ბურთები იჩენდნენ ადგილს, შემდეგ გაცილებით მომცრო, ზოგიც ძალიან უცნაური ფორმის ბურთიც ჩნდებოდა ნაძვის ტოტებზე. თუ რომელიმეს ბედმა უმუხთლა და მეორე წლამდე ვერ მოაღწია, ან კიდევ შემთხვევით გატყდა. მათი ცხოვრება დაფშვნილ მდგომარეობაში საახალწლო ნიღბებზე და ქუდებზე გრძელდებოდა. ადრინდელი შუშის გატეხილი სათამაშოების ბედი ეგ იყო, ვფშვნიდით ძალიან წვილად და წებოგადასმულ ნიღბებს ვაყრიდით ციმციმებათ... ეჰ ბავშვობა..


შემდეგ ჯერი განათებაზე დგებოდა. ისე უნდა გადანაწილებულიყო რომ არც ერთი ტოტიც არ დარჩენილიყო უყურადღებოდ, განათება ხომ ძალიან მნიშვნელოვანია...
მას მერე რაც ნაძვის ხეს რამოდენიმეჯერ დაარტყამდა წრეს ნაირფერი ნათურების წყება. სხვადასხვა არსებების ჯერი დგებოდა. სკაფანდრიანი კოსმონავტი ნაძვის ხის კენწეროსთან ახლოს მოყუჩდა. ოლიმპიელი დათუნია მწვანე, მოოქროვილ გირჩთან ახლოს. ჩუქჩა გოგონამ უფრო ღრმად, ნაძვის ხის სიღმეში მოძებდა ადგილი, მას „შპილკის“ რკინის სამაგრი ქონდა ფეხად და ყველგან მყარად იდგა ხოლმე. ციგურებიანი ფიფქია, ყვითელი წიწილა, იხვის ჭუკი, მომღიმარი მზე, თოვლის კაცი, ცალთვალა მეკობრე, ჯუჯა და კიდე ვინ იცის რამდენი უცნაური არსება იდებდა ბინას საახალწლო ნაძვის ხის ტოტებზე.

 ხუმრობა საქმე როდი იყო ყველანი ისე გაგენაწილებია რომ არც საზიარო და არც გასაყოფი ტოტი ჰქონოდათ. რატომ? ნუთუ ასეთი კითხვის დასმა 7 წლის ბავშვისთვის შეიძლება? უბრალოდ გაუკვირდება თქვენი არაკომპეტენტურობა და ეგაა. ღამის 12 საათის შემდეგ ხომ ყველა სათამაშო ცოცხლდება, მითუმეტეს ნაძვის ხეზე, მითუმეტეს ახალ წელს... ცოცხლდებიან და ახალი თავგადასავლების ძიებაში ახალ, ჯერ არნახულ და გაგებულ ისტორიებში ხვდებიან. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვინ სად და როგორ დაბინავდებოდა ნაძვის ხეზე.


როცა ნაძვის ხის მობინადრეები თავიანთ ადგილს დაიკავებდნენ, წვიმების ჯერი დგებოდა... ვერცხლისფერი, სადა, დაშვებული წვიმები მოყვებოდნენ ერთი მეორეს. მართალია თავიდანვე ვაპროტესტებდი მათ სახელწოდებას... „რა უნდა წვიმას ახალ წელს და ნაძვის ხეზე მეთქი“ მაგრამ რა ვქნათ, ასე ქვიაო მხრებს იჩეჩავდნენ უფროსები და მეც სხვა რა გზა მქონდა. ვკიდებდი „წვიმას“. თუმცა ბამბის თოვლით მაინც ვიღებდი რევანშს. ბევრი, პატარ-პატარებად დაქუცმაცებული ბამბის ქულები ათოვდა ნაძვის ხის ტოტებს და ოდნავ მაინც ემსგავსებოდა საახალწლო ტყეში ნამყოფს... (გავლილს მაინც)
როცა მეტ ნაკლებად ნაძვის ხის მორთვა მოკაზმა დასრულდებოდა, დგებოდა ყველაზე მთავარი მომენტი. მომენტი რომელსაც ყველა უნდა დასწრებოდა ვინც კი სახლში იყო. ყველას ვეძახდი. ჩაბნელებულ ოთახში თავს ვუყრიდი და ... „სამი, ორი, ერთი... აენთეეე“


ჩაბნელებული ოთახი ათასფრად ნათდებოდა, ციმციმებდა და ცოცხლდებოდა საახალწლო ნაძვის ხე. მისი თბილი ნათებით ყველა იხიბლებოდა. მცირე ხნით ყველას უბრუნდებოდა ის უცნაურად თბილი, ნაცნობი განცდა ბავშვობის დროინდელ საახალწლო ზღაპარში რომ აბრუნებს... მათთვისაც საახალწლო ნაძვის ხის ციმციმებივით ნათდებოდა ის მივიწყბული განცდები ადრე რომ ეუფლებოდათ, პატარაობისას...  მართალია მათი აღრფრთოვანება რამოდენიმე წუთი გრძელდებოდა. მერე ყველა თავთავის საქმეს უბრუნდებოდა, მაგრამ ეგეც ღირდა საქმედ. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კი ისევ მე და ნაძვის ხე ვრჩებოდით...

ახლაც ყველას სძინავს. ოთახის კუთხეში კი ისევ ციმციმებს ნაძვის ხე. ამჯერად ის ხელოვნური, თუმცა ფუმფულაა და ლამაზი (ისეთი როგორიც მულთფილმებში და ღია ბარათებშია ხოლმე) ისევ ისე ირეკლება ათასფრად ნათურების ციმციმი სათამაშოების პრიალა ზედაპირზე და ისევ ისე იმალებიან ტოტებს შორის ჩუქჩა გოგონა, ოლიმპიელი დათუნა, ციგურებიანი ფიფქია და კიდე რამოდენიმე ნაძვის ხის ძველი სათამაშო. საოცარი განცდაა როცა ისევ იქ ხვდები ახალ წელს სადაც ათასგზის გიოცნებია საახალწლო ღამით მომხდარ საოცარ თავგადასავლებზე, სასწაულზე, ზღაპარზე რომლის მონაწილეც აუცილებმად თავად იყავი და კიდე ვინ იცის რამდენი საოცარი აბმავი უკარნახია პატარა ბიჭის მეოცნებე გონებისთვის საახალწლოდ მორთულ, მოციმციმე ნაძვის ხეს.

ახლაც აქ ვარ.                                                                                        01.01.2012 გურია  

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]