Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩემი ოთახი

ჩემი ოთახი
ოთახში ხის სუნი დგას. დაღლილი ჩამოვჯექი ლოგინის კიდეზე და ნაცნობ კედლებს მოვავლე მზერა. აქ არაფერი შეცვლილა. დრო თითქოს არც გასულა.თითქოს ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი დაძინებამდე ჭერზე რო აცეცებდა ფართოდ გახელილ თვალებს და ოდნავ დაბზარულ, ალაგ ალაგ ჩამოყრილ თეთრ საღებავზე გაჩენილ ბზარებში ცხოველების, ხეების, ზღაპრის გმირების სილუეტების ამოცნობას სცდილობდა.

მზით გამთბარი, გაღუღუნებული საბანი. 

ეზოში ხეტიალით დაღლილი ფეხის კუნთების სასიამოვნო ბჟუილი . 
სასტუმალთან ანთებული სანათის კედელზე აწოლილი ლანდი და ღია ფანჯრიდან შემოსული, მიჩუმებულ ქუჩაზე ჩავლილი მანქანის შორეული ხმა. 

წევხარ და გრძნობ თუ როგორ იძირები მოგონებებში. რომლებიც ისეთივე თბილი და სასიამოვნოა როგორც შემოდგომის მზით გამთბარი საბანი.. 

აქ იწექი როცა მაღალი სიცხე გქონდა და მთელი ღამით წარბებშეყრილი, წელში მოხრილი ბებო დაგფუსფუსებდა, შუბლზე ტილოს გიცვლიდა და თავისთვის ჩურჩულებდა ლოცვებს.

აქ ემალებოდი გუდიანს და საწოლიდან ფეხის გამოყოფაც გეშინოდა. 

სწორედ აქ იწექი როდესაც პირველ სიყვარულს უძლებდა გული. სკოლიდან მოსული ერეოდი მოძალებულ ფიქრებს და ვერ გაგერკვია რა იყო და რას მოგიტანდა, მაგრამ საოცრად გსიამოვნებდა ეს გაურკვეველი გრძნობა და გრძელი, თეთრად გათენებული თამეები. 

აქ ოცნებობდი, აგებდი ზღაპრულ კოშკებს, იგონებდი სიტუაციებს საიდანაც რაღათქმაუნდა გმირულად- გამარჯვებული გამოდიოდი. 

აქ აწყობდი გეგმებს მომავალზე და სხვაგვარად, სულ სხვაგვარად ხედავდი მას.

აქ იწყებოდა ყოველი დილა, რომელიც უფრო ლამაზი, იმედიანი და წარმატებული დღის მომასწავებელი იყო ვიდრე გასული.

აქ შენი ოთახია. შენი დიდი სამყაროს პატარა ნაწილი. 

თუმცა მაშინ ის გაცილებით დიდი გეგონა. 


რა სასიამოვნოა აქ ყოფნა...
რა ცუდია რომ ხვალ ადგე უნდა და წახვიდე...

23 ოქტომბერი 2009

2 comments:

  1. მე ახლაც ჩემი ბავშვობის ოთახში ვზივარ და ეს ჩემი ნავსაყუდელია.:)

    ReplyDelete
  2. :) პატარა ციხესიმაგრე :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]