ვითომ ეგ დღე გავიარეთ?! |
რამოდენიმე დღის წინ რადიოს მუსიკალურ ბაზას ვახარისხებდით (გავცხრილეთ) რაღაცეები დავამატეთ, რაღაცეები გადავაადგილეთ და დასალაგებლად ქართულ ესტრადასაც მივადექით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სწორედ აქ არ დაგვხვდა არაფერი დასალაგებელი. ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც უწინ. უბრალოდ „მტვერი გადავწმინდეთ“ და ეგ არის.
რეალობა კი ასეთია, ახალი ქართული სიმღერების ხვედრითი წილი იმდენად მიზერულია სხვა დანარჩენებთან რომ მისი ფიზიკური არსებობაც ეჭვქვეშაა. მე არ ვსაუბრობ იმაზე რომ „ქართველებმა არ ვიცით სიმღერა და შოუ ბიზნესი“. მაპატიეთ მაგრამ ავბედით 90 იანების მიწურულს გაცილებით მეტი სიმღერა იწერებოდა (მოპარულიც და საავტორც) ვიდრე ახლად აღებული ახლანდელი ესტრადა. ამ დროს იყვნენ „ფლეში“, „სახე“, „ქუჩის ბიჭები“,“ვაკის პარკი“,“33-ა“,“სოფტ ეჯექტი“,“ინსაიტი“,“მწვანე ოთახი“ და ეს მარტო ჯგუფები ჩამოვთვალე, იყო რეპერების მთელი არმია და საკმაოდ კარგად გამობრძნედილი როკერებიც (ჟნარობრივი აჯაბსანდალი გამოვიდა მაგრამ მაინც). ზოგს რა ბედი ეწია მერე და ზოგი სად წავიდა ეგ სხვა საქმეა. ავი თუ კარგი სიმღერა იწერებოდა და მსმენელამდე მიდიოდა. და ეს ხდებოდა მაშინ როცა არც ეკრანს მიკერებული ჯეოსტარი არსებობდა, არც ვარსკვლავების აკადემია და არც ეს ტვინის წამღები სმს კონკურსები. როცა „ვარსკვლავები“ მღეროდნენ და არა ქრებოდნენ პროექტის დასრულებისთანავე.
კარგი, გასაგებია რომ ჩამოთვლილმა ჯგუფებმა და არ ჩამოთვლილმა მომღერლებმა თავიანთი უკვე თქვეს (იმღერეს) მაგრამ დავიჯერო იმდენი იმღერეს რომ დღეს სამღერიც არ დაუტოვეს ახლანდელ მომღერლებს?! ვიცი, ზოგი იტყვის როგორ არ იწერება სიმღერებიო, ახლაც იწერება მაგრამ?!... ხო და რა მაგრამ? სულ თითზე ჩამოსათვლელი ახალი სიმღერა ვიცი, ისიც იმიტომ რომ ახალია, ქართულია და ბოლო პეშვი წყალსავით ვუფრთხილდებით, ვაპკურებთ რადიო ეთერს სულ რომ არ გადაჯიშდეს ახალი ქართული სიმღერებისაგან.
ადრე ხარისხზე ვწუწუნებდით, ახლა საწუწუნოსაც ვეძებთ!
სადღაც გაქრა ეს კონცერტების მოგრძო აღლუმი. არადა კარგად მახოსვ ზაფხულობით მინიმუმ სამი მაინც ტარდებოდა ბათუმში და ეს მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში და მხოლოდ ფართო მაშტაბიანი. ამას მოყვებოდა, დღეს უკვე გაუჩინარებული ბათუმური ჯგუფების პატარა, გემრიელი კონცერტები წლის სხვადასხვა დროს და ერთიანობაში რაღაც ხდებოდა, რაღაც კეთდებოდა და იქმნებოდა... დღეს ეს უკვე მოგონებად იქცა. ვინაც გზა ნახა წავიდა. ზოგმაც დუმილი არჩია და რაღაცის მოლოდინში იყუჩა. შესაბამისად იყუჩა მუსიკამაც. არა და მომღერლებიც გვყავს და კომპოზიტორებიც. მაგრამ სად არიან?!
გაგვაგონეთ თქვენი ხმა თორემ ქართულ ესტრადას წითელ წიგნში შეიტანენ მალე.
ისეთი შეგრძნება მაქვს, ვისაც მუსიკასთან რაიმე კონტაქტი ქონდა კომპიუტერს მიუჯდა და ელექტროულ მუსიკას მისცა თავი. ფაქტია რომ ამ მხრივ გაცილებით დიდი და სერიოზული წინსვლა შეინიშნება (რაც ძალიან კარგია) ვიდრე სხვა მიმართულებით.
დუმს შოუბიზნესის სამჭედლო. მხედველობაში არ მაქვს საევროვიზიოდ შესარჩევ კონკურსებზე ან ბათუმზე სახელდახელოდ დაწერილი სიმღერები (რომელიც ძალიან მეყალბება და რა ვქნა? ), ჯეოსტარელების რამოდენიმე მარგალიტი და საჰიმნედ ამღერებული თითო ოროლა ჯგუფი თუ დუეტი. ეს არის კი... მაგრამ ეს იმდენად ცოტაა რომ ხსენებულ პერიოდთან შედარებაც კი სამარცხვინოა
- კი ბატონო, ჯეოსტარელები ძააალიან კარგად მღერიან. მაგრამ მღერიან სხვის სიმღერებს, ძველს. ახლები გამოუშვით, კი არის მაგრამ უფრო ბლომად და თქვენი (ან ქართველი კომპოზიტორის დაწერილი მაინც) თორემ ჯაზურ ვარიაციებს ავტორები ორიგინალშიც არაჩვეულებრივად ასრულებენ.
- ძალიან კარგია დუეტი ჯორჯია, მაგრამ დუეტი ვერ ეყოფა მთლიანად ქართულ ესტრადას.
- ძალიან კარგია რომ არსებობენ „მგზავრები“ და „ფრანი“, ეს ახალი ქალაქური სიმღერისა და რეგის ერთგვარი სინთეზი ძალზედ მოდაშია დღეს, მაგრამ ამ ოდნავ ჩახლეჩილ-ნამთვრალევი ხმით ნაკითხ-ნამღერი ლექსები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს რომ გამოსახულება რომ არა ზოგჯერ მართლა მიჭირს ერთი-მეორესგან გარჩევა (ეს ჩემი „ყურის“ ბრალია).
- ჰიმნები პოლიციაზე, თან ბავშვების შესრულებით თან ედიტ პიაფის სიმღერაზე?! ეს არ არის საესტრადო და საინტერესო.
- ძალიან კარგია რომ ამდენი უცხოელი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვსტურობს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ მათ ცოცხლად მოვუსმენდი ბათუმში. ეს რომ მართლა მშვენიერია ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ სიმართლე გითხრათ უკვე ქართველი მომღერლის ცოცხლად შესრულებული სიმღერის მოსმენა მაქვს ნატვრად ქცეული. (სოფო ნიჟარაძეო არ მითხრათ ახლა, ცოდოა ეგ გოგო. ასე თუ გააგრძელეს მისი ექსპლუატაცია მალე ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდება)
ასე თუ გაგრძელდა ქართულ ესტრადას ოფიციალურად მიენიჭება "სულიკოს" სტატუსი და მერე მთელი ერი დაიწყებს მის "ძიებას"
სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი რას დავაბრალო ეს ყველაფერი. მთავრობას? კარგი დავაბრალოთ. მაგრამ... რა მუხლით მივუყენოთ ეს ბრალდება? რა რა და მთავრობის ინიციატივით გამართული კონცერტების სიმცირეს ნადვილად ვერ შევჩივლებთ. ან როგორ უნდა დააინტერესოს - აიძულოს მთავრობამ მომღერალი (კომპოზიტორი) დაწეროს ახალი სიმღერა? შეუქმნას გარემო? ანუ დააფინანსოს? არ ვიცი მერე რომ ვიღაცამ „მთავრობის კარის მუსიკოსი დაიძახოს“?!!!!
ან დავიჯერო მართლა ასე ერთბაშად გაფრინდნენ მუზები?! რამ შეაშინათ ან სად იჯდნენ ასე ერთად?! ან ის პროდიუსერები თუ ქველმოქმედი ადამიანები სად გაფრინდნენ. ქათმის გრიპმა ქნა ეეს?!
პ.ს. ყველაზე ბოლო (იმედია არა უკანასკნელი) ახალი ქართული სიმღერა თემო საჯაიას „საქართველოს პრეზიდენტი“ მაბადია. სიმბოლურია თუ რა ხდება?! ასეა თუ ისეა ფაქტი ერთია.
სადღაც მართლა მარხია ქართული ესტრადა და მითხარით სადაა, მივალ ყვავილების თაიგულს მაინც ავუტან, დავიტირებ და ასე მოვიოხებ გულს მის რეიკარნაციამდე და მეორედ მოსვლამდე.პ.ს. გავსლა ხუთშაბათს, ვიკიბრბით გმირთა მოედანზე ხუთი საათისთვის. "ნინელი გორდეზიანის" მისამართია გასარკვევი... თუ ეს უკვე სულიკოა?!
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!