Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილო!!!

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილო!!!

უფოთლო ხეზე შერჩენილი კარალიოკის მომჭკნარი, მაგრამ ძალიან გემრიელი ნაყოფი. ქუხნიდან ამოსული თეთრი, კლაკნია ბოლი. კარიას გვერით მიყრილ წამოსანთებ გამხმარი ფიჩხზე შემომჯდარი ჭრელი ვარია და ჭიშკრისკენ მომზირალი ახალგაზრდა კურცხალი...





ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...

მჭადის დასაკრავად მიფიცხებული თიხის კეცებიანი მობუტბუტე ბუხარიდან გამოსული ახლად მოჭრილი, ნედლი შეშის სურნელი და ოდნავი კვამლი. ბუხრის თავზე შემომდგარი წმინდა ბასილის მანდარინით, კანფეტებითა და ვაშლით მორთული წვერები. ერთ რიგზე მწკრივში ჩამოკიდებული კუპატებისა და შებოლილი ღორის ბეჭის მოდარაჯე ცხვირმურიანი კატა. ჭიშკართან ძაღლის ყეფა და მონდომებული „მასპინძელოო“


ჰაი, ჰაი, ჰაი ალილოო...


მობრძანდი... შემო, შემოი ძლივს დევიჭირე სითბო და ნუ გამიფიათებ ახლა კარებს. მეიტა მაი ჯორკო და მეიწიე ცეცხლისკენ.. ხოხო რას ტკაცუნობს!? აი ი წიფელაა, ბაღჩის ბოლოს რომ იყო. დაგენანა!? რავიცი კარგად კი ეფიცხები? მაი აფერი, კიდო ამოა...

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...


ალმოდებული ნაკვერჩხლის ტკაცუნი. აშიშხინებული ლორი. მოტკბო-მომჟავო წითელი ღვინო, წითელი მჟავე ფხალი, ჩაზუფზუებული საცივი, კეციდან არეკილი ხაჭაპური და ნაცარში გარჩეული მსოფლიო პოლიტიკა „რას იტყვი, როის შევალთ ამ ნატოში? ისე ბუშმა ვერ დაგვაყენა საშველი და აი შავი კაცი სანდოა ვითომ?“

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...

ფარდაგადაწეულ ფანჯარასთან, საზამთრო ვაშლში ჩარჭობილი, ანთებული თაფლის სანთლები. „ჩემი დარდი, ჩემი სატკივარი, ისე გაქრეს და დაცალმტვერდეს რაფერც ეს გაქრება და დაცალმტვერდება“-ს ბუტბუტით მუცლის გარშემო, სამჯერ შემოტარებული საშობაო ღვეზელის მოფრცქვნილი და ბუხარში გაქნეული ქერქი.

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...

ექვსი იანვრის ღამით ნამღერი ოცდახუთსა დეკემბერსა. საათის თორმეტზე სამჯერ გავარდნილი ორლულიანი თოფი. ფეხარეული მეკვლის მიერ კაებში შემოყრილი ნაირ-ნაირი კამფეტი და ფართუკის ჯიბიდან ამოღებული, კარგა ხნის წინად გადამალული დაშაქრული ჯანჯუხა...
ფელამუშს ბავშვობის სუნი უდის

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...

შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი... ფეხი ჩემი-კვალი ანგელოზისა... აჰა თქვენ აგუნას პურიც და ხვავი ბარაქაც. აგუნა, აგუნა გადმოიარე, ბახვი, ასკანა გადმოიარე.ჩემს მამულში ყურძენიო მტრის მამულში ფურცელიო....

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...

ოდიდან ამომავალი თბილი კვამლით გამტყდარი ზამთრის სუსხი. ქურდულად, მალვით დაწყებული თოვა და კრიმანჭულს ამოყოლილი დიდი, უდიდესი სიყვარული.

ღმერთო, ქე იცი ვინცხა ვარ, ქე იცი რაცხა მინდა და რაფერც მინდა. ხოდა აბა შენ იცი!!!

ჰოი, ჰოი, ჰოი ალილოო...

10 comments:

  1. daviiiit gamicocxlda bavshvoba tvaltsin da esaa. ilarion brucianivit avtirdi lamis :D:D:D magaria dzaan! saagollllllll

    ReplyDelete
  2. გაიხარე. შენც გილოცავ ტარიელ. კაი რამაა ბავშვობა :)

    ReplyDelete
  3. if ra dadebiti posti iko!
    kinva gadatanili akraliokebi mikvrda rogor :)
    kvelaze mtad egeni metkbilebodnen :)

    ReplyDelete
  4. გეთანხმები. სიტკბო ყინვის მერე უფრო ეძალება :) მარა სადაა ყინვა :)

    ReplyDelete
  5. როგორი თბილი და ტკბილი პოსტია :). კიდევ ერთხელ დამწყდა გული, რომ არაფერი მაქვს გურიაში და კიდევ ერთხელ ვიგრძენი სისხლის და მიწის ყივილი...

    ReplyDelete
  6. გურია გულშია, გურულობა დიაგნოზი :) ის მუდან იქნება შენთან სადაც არ უნდა იყო !!! გაიხარე

    ReplyDelete
  7. kargi posti iyo ) dedachemis soflis sungamoyolili.

    ReplyDelete
  8. თბილი პოსტია. და ტკბილიც:) ერთხელაც იქნება და შობას გურიაში შევხვდები:) როდის და როგორ არ ვიცი,მაგრმ შევხვდები:)

    ReplyDelete
  9. ვიმოგზაურე გურიაში, გავთბი მაი ბუხართან მეც, ,,დევიჭირე სითბო" და არ მინდა ,,გამიფიათება" ახლა მაგის. :)) (არ ვიცი ეს სიტყვა რამდენად სწორად ვთქვი, არ დამცინოთ გურულებმა, პირველად გავიგონე)
    ვულოცავ შობას ,,მთავრისკლუბს", მრავალს დასწერობედეს , ასეთი კარგი პოსტებით!

    ReplyDelete
    Replies
    1. გაიხარე. დაესწარი მრავალს, ტკბილად, ბედიერად და ხალისიანად ;)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]