Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გამოუტყდი ბათუმს სიყვარულში 10 000 ლარად!

გამოუტყდი ბათუმს სიყვარულში 10 000 ლარად!
ბავშვობაში მუსიკალურ სასწავლებეში მიმიყვანეს, "ჟუჟუნა წვიმა" მამღერეს, მაგიდაზე თითები რიტმულად მაკაკუნებიეს, ერთმანეთს გადახედეს და პაწაწუნა ვიოლინო მომაჩეჩეს. ეს შენი ინსტრუმენტიაო. დავდიოდით მერე მე და ჩემი ვიოლინო გაკვეთილებზე, შემაჯამებელ კონცერტებზე და მერე დიდ სცენაზეც ვუშლიდით ნერვებს ერთმანეთს. ერთი გამოსვლა ჩამრჩა მეხსიერებაში. სამ დღიანი გალა კონცერტი იყო, საიდანღაც ჩამოსული აუარება სტუმარი ირეოდა და ყოველ დღე სხვა დარბაზი გვხდებოდა.
ჩვენი სიმებიანი "კვარტეტუნა" რათქმაუნდა სამივე დღეს ერთსა და იმავე პროგრამას უკრავდა. მაგრამ ერთი გოგონა მახსოვს, რომელიც ყოველ დღე ერთსა და იმავე სიმღერას ახლად მოსულ სტუმარს უძღვნიდა. (მისი დაწერილი სიმღერა იყო) მადლიერი დარბაზი კი ქუხდა ტაშით, ეს რა კარგი გოგონააო. ისე გავბრაზდით ამ "სიცრუის" გამო, კარგად მახსოვს იმ გოგოს არც ველაპარაკებოდით. დავსაჯეთ თითქოს.
ეს ამბავი სულ ახლახან ამომიტივტივდა გონებაში. ახლა უკვე მართლა მეცინება იმ გოგოზეც და უფრო მეტად ჩვენს სიმებიან "კვარტეტუნაზე"... ასე რომ აღვშფოთდით.
მას შემდეგ ჩამომიყალიბდა რაღაცნაირი უნდობლობის და არაგულწრფელობის გრძნობა ნებისმიერი, სპეციალურად ჩატარებული კონკურსის შედეგად შექმნილი სიმღერის და მისი ავტორის მიმართ. ახლა ბათუმში ბათუმზე შექმნილი სიმღერების კონკურსი ტარდება. საკმაოდ დიდი საპრიზო ფონდით. კაცმა რომ თქვას აქ ცუდი არც არაფერია. რა მოხდა თუ იმღერებენ ისეთ ლამაზ ქალაქზე როგორიცაა ბათუმი და მას სიყვარულში გამოუტყდებიან. ძალიანაც კარგია, ბოლოს და ბოლოს სიმღერები დარჩება რაც თავისთავად ძალიან კარგია.
მაგრამ, როცა სათუთი გრძნობების ლამაზად გამოხატვის ძირითადი მამოძრავებელი ძალა 10 000 ლარია. თან როცა სპეციალურად იწერება სიმღერა და არა  უეცრად, მუზის ფრთამოქროვილი შთაგონებით... მეყალბება და რა ვქნა. სწორედ მაშინ მახსენდება ის მომღერალი გოგონა რომელიც თავის სიმრერას ახალ- ახალ სტუმარს "აბრალებდა"...
თუმცა სავსებით შესაძლებელია რომ ამ კონკურსზე მართლა ალაი გულით ნამღერი სიმრერებიც იყოს. ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ (კვალიაშვილის ნამღერი "ბათუმს" ხო ანალოგიურ კონკურზე დაიბადა! თუ მანამდე ქონდათ დაწერილი და უბრალოდ აქ იმღერეს?)... მაგრამ აქვე სხვა იდეაც მიჩნდება...

აი რომ გამოჩნდეს ვინმე ფულიანი, მაგრამ ჩემნაირი ავანტიურისტი და გამოაცხადოს კონკურსი " საუკეთესო სიმრერა სოფელ ქვაბღაზე. საპრიზო ფონდი 40 000 ლარი".

"I LOVE QVABGA"

ოჰოჰოო.. რამდენს შეუყვარდება ქვაბღა... რამდენისთვის გახდება მუზების სამყოფი, სიყვარულის საბუდე, სიყრმის აკვანი, საოცნებო ალაგი, სულის სავანე, ოცნების მარგალიტი, მიწიერი სამოთხე, მსოფლიოს ჭიპი და რა ვიცი კიდევ რა.... სულ არ გამიკვირდება მერე გუალალუმპურელმა ან კომბოჯოელმაც რომ თავი ურტყას სცენას "შენი ვარ შენთვის მოვკდები, შენზედვე მგლოვიარეო"

ისე, იდეას არაუშავს. ჩვენს საღათა ესტრადას თუ ასე მოტივირებულად არ ვაწერინეთ ქალაქებზე, ქვეყანაზე, წელიწადის დროზე, მერე იქნებ გრძნობებზეც დაწერონ სიმღერები... თორემ გაგვეპარა მოუსავლეთში და ეგაა.

6 comments:

  1. ლოლ

    კარგი ხარ! :დდ

    ვიოლინოზე უკრავ და გვიმალავ??? Oooo

    ReplyDelete
  2. ვუკრავ-დი ნანა. ეგ ომამდე, რევოლუციამდე და საერთოდ იმ საუკუნეში იყო :)

    ReplyDelete
  3. ვიყავი კონცერტზე.
    აბსოლუტურად არ ვეთანხმებოდი ჯიურის გადაწვეტილებას ...ძალიან გამიკვიდა კიდეც, რომ არ დაგიმალო...
    პ.ს და აი მსოფლიოს ჭიპზე რა გითხრა აბა :დ

    ReplyDelete
  4. ჟიური კონკრეტულად საკომკურსო გადაწყვეტილებას იღებს. დრო კი შემდეგ თავად ფილტრავს ყველაფერს!

    ReplyDelete
  5. კარგად წერ, დათო, ბევრი ვიცინე 40 ათასიან კონკურსზე. იგივე აზრი გაუჩნდა ჩემს ახლობელსაც, ოღონდ ის ჩოხატაურიდანაა და 20 ათასზე შეჩერდა.
    რაც შეეხება ბათუმის კონკურსს, მე ძალიან მომეწონა. რადგან ბევრი კარგი სიმღერა იყო, თანაც კარგი შესრულებით. გულწრფელობაზე ნუ ვისაუბრებთ, რადგანაც რაც კი ღირებული შექმნილა თუნდაც კლასიკურ მუსიკაში, უმეტესობა სწორედ დაკვეთით იწერებოდა.

    ნათია, "გრან-პრი", ჩემი აზრით, დაიმსახურა გია ნიკოლაძემ სიმღერის სისადავით, გულწრფელობით და ემოციურობით. თუმცა აქვე აღვნიშნავ, გემოვნებაზე არ დაობენ.

    ReplyDelete
  6. მიხარია რომ მოგეწონა იდეა. დაკვეთით დაწერილს რაც შეეხება ნაწილობრივ დაგეთანხმები. გულწრფელობის დიდი დოზა რომ არა აქამდე ვერც მოაღწევდნენ ის ნაწარმოებები. ამ შემთხვევაში დაკვეთა გასამრჯელო უფრო იყო ვიდრე თვითმიზანი.

    მართალია, კარგია რომ ბევრი ახალი სიმღერა გამოჩნდა. დღეს უკვე თითო სიმღერაც გვიხარია ისე ვართ დამშეულები ახალზე. გემოვნებაზე ამბობენ არ დაობენო... მართალია გემოვნებაზე ჩხუბობენ საქართველოში :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]