Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გურია არსებობს!!!

გურია არსებობს!!!
ყოველ საღამოს, როცა კურიერის დასასრულს სახვალიო ამინდს გვაცნობენ ცოტა არ იყოს ნერვები მეშლება...
საქმე არც გაუმართლებელ ან გამართლებულ პროგნოზშია. არც მაღალ და დაბალ ტემპერატურაში ან წნევაში. საქმე დავიწყებულ კუთხეს ეხება. დავიწყებულს თუ მივიწყებულს ეს საკამათოა, მაგრამ ამით არსი მაინც არ იცვლება. გურია „და სახვა...“-ს კატეგორიაში გადავიდა.
ცოტა რამ მისი წარსულიდან.

კონკრეტულად კი ოზურგეთის (მახარაძის) წარსულიდან. იყო დრო როცა ის თავს იწონებდა სილამაზით. თუმცა თავი არა მარტო სილამაზით ჰქონდა მოსაწონი. ეს ყველაფერი რითაც თავს იწონებდა დღეს შედის კატეგორიაში სახელწოდებით “იყო”. მათ შორისაა უნიკალური სუბ-ტროპიკული ქალაქ-ინსტიტუტი, მერიის დახურული სამხედრო ქალაქი და აეროდრომი, მანქანათმშენებელი, ჩაის ფაბრიკები, უნიკალური ასკანიტის ქარხანა, მომღერალი შადრევნები და ხელოვნური ჩანჩქერი, იპოდრომი, საჯიშე ცხენები და ცხენბურთიში დღეს უკვე დავიწყებული შეჯიბრებები, გურული სიმღერების ფესტივალი და პეპსის კონკურენტი, საექსპორტო გამაგრილებელი სასმელი ბახმარო. მე მგონი ერთი რაიონისთვის საკმაოდ სოლიდური ჩამონათვალია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ეს ყველაფერი იყო… სამწუხაროც. (რუსული სამხედრო ბაზის გამოკლებით რათქმაუნდა)

იყო დრო ყველა რანგის საგანგებო სტუმარს გურიისკენ მოაქანებდნენ. აქ კოხტად და მყუდროდ მოწყობილი პატარა ოაზისი იყო. საქართველოში არ მეგულება რომელიმე სოფელი მშვიდობაურს რომ შეედავებოდა პირვლეობაში. პირველი სოფელი წყალქვეშა რესტორნით და უცხოელი ტურისტებისთვის გათვლილი სასტუმროთი. გურიაზე იღებდნენ ფილმებს, მღეროდნენ სიმღერებს, სწერდნენ მოთხრობებს ( ამ შემთხვევაში ნ.დუმბაძე არ მყავს მხედველობაში). გაიხსენეთ ძველი საბჭოთა ფილმები. უმეტესი მათგანი გურიაშია გადაღებული. ვიცი, იტყვით შევარდნაძის დაკვეთა იყოო. მაგრამ ამ შემთხვევაში შევარდნაძეს წითელ კაბინეტებში ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობნენ. დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკოთ გურია ძალზედ კარგად იყო გაპიარებული. არამარტო კარგად, არამედ დამსახურებულადაც. დღეს კი…
ერთი ანეგდოტი გამახსენდა რომელიც აგვისტოს ომს უკავშირდება. მოფრინავს თურმე ორი რუსი მფრინავი, ფოთი დაბომბეს და ბათუმისკენ მოფრინავენ. გადაუფრინეს გურიას და ერთი მეორეს ეკითხება… ვანია, ეს დაგვიბომბავს უკვეო… ცუდი ანეგდოტია. ცუდი .
ისე არ მინდა გამოვიდეს თითქოს კომუნიზმს მივსტიროდეთ.. იქამც ყოფილა. უბრალოდ გამგებელს კი არა გაგებას ვითხოვთ და ყურადღებას.
ფესტივალი ვახსენე. ნამდვილად ტარდებოდა გურული სიმღერების ფესტივალი. დამფინანსებელი თუ აღარავინაა იქნებ სხვამ მაინც აიტაცოს იდეა. კრიმანჭული ბატონებო.. კრიმანჭული. მსოფლიო გააოცა შვიდხმიანმა სიმღერამ და ერთი ფესტივალი რა გახდა!? ყველა კუთხე მღეროდეს და გურია დუმდეს? არადა რომ იკითხო ოხ, საიუნჯეა... გამოვამზეუროთ მერე თორე მოედო ობი
ერთხელ კრემლში ხრუშოვმა უსმინა თურმე  უსმინა და ბოლოს მეზობელს გადაუჩურჩულა „ По моему там кто то мешает’-ო. სხვათაშორის  მისგან მალულად აშენებული ოზურგეთის დრამატული თეატრი ხრუშოვისგან განსხვავებით ახლაც განაგძნობს ცხოვრებას.
მაგრამ ეს ყველაფერი იყო.
ახლა რა არის? ახლა რეალურადაა ძალიან ბევრი გასაკეთებელი. ასაშენებელი და გასაპიარებელიც. ურეკში მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა,( ღია საკონცერტო სცენა). შეკვეთილი, ლეკიანი და წყალჭმინდა მოლოდინის რეჟიმშია. ბახმარო და გომის მთა კი მაღალ თაროზე შემოდობილნი. არადა მშვენიერი იდეა იყო გომის მთაზე საბაგიროს გაკეთების.. . იმედია ამ იდეებსაც განაახლებენ. გურია მართლაც უნიკალური კუთხეა, სადაც დღესდღეობით პრიორიტეტად მიჩნეულ ტურიზმს სხვა კუთხეებთან შედარებით არანაკლები გასაქანი შეიძლება მიეცეს. ამ ხნის განმავლობაში რაც გურიაში თვალსაჩინოდ აშენდა ეს პოლიციის ახალი შემინული შენობაა (კი ბატონო კაი რამაა), გარემონტებული რკინიგზის სადგური და შეკვეთილში გახსნილი გასართობი პარკი „ციცინათელა-ა რომელიც გეოგრაფიის არმცოდნეს და ხიდზე გადასვლა გადმოსვლისას უზარმაზარი აბრის (სადაც ოზურგეთი აწერია) ვერწამკითხავს ქობულეთს, ან სულაც ბათუმის ტერიტორია ჰგონია ( კიდევ ერთხელ მადლობა აჭარის ტელევიზიას უფასო რეკლამისთვის). სხვათაშორის ადრეც ისე ხდებოდა. ამერიკაში ჩასულ გურულ ცხენოსნებს კაზაკებს უწოდებდნენ…
ჩამოგვიყვანეთ ურეკში ინვესტორები, ნახონ გასინჯონ მაგნიტური სილის სამკურნალო ძალა, ჩავაწვენთ სილის აბაზანებს მივაღებინებთ. დარწმუნებული ვარ მოეწონებათ და დაფინასების იდეაც დაებადებათ… თუ არა და იყვნენ სილაში…
ავიყვანთ ბახმაროში, მზის ამოსავალ გორაზე. ვანახებთ მის სიმალაზეს…მის შემყურეს ნამდვილად შეუყვარდება იქაურობა… თუ არა და გამოიკვლიოს გზა თვითონ. ეს ხუმრობით რათქმაუნდა… 



სინამდვილეში კი დიდი სიამოვნებით მოგაწვდით ლინკებს და ცნობებს იმის შესახებ თუ რა და სად შეგიძლიათ ნახოთ გურიაში. ზოგს იმასაც გავაგებინებ რომ გურია არსებობს. მათშოროს იქნებ ღრმად პატივცემულ რუსთავი2 ის ხელმძღვანლობასაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. კაი ბატონო ვთქვათ არც ზღვა გვაქვს და არც მთა, არც კურორტი და არც განვითარებული ინფრასტრუქტურა - მაგრამ დავიჯერო არც ღრუბელი და არც მზე არ სჩანს გურიის თავზე ამინდის პროგნოზიდანაც რომ ამოშალეთ!?
გურული დედაკაცის არ იყოს კაი საწყევარი მასალა კია. „თქვენ გნახეთ ხვალინდელი დღიდან ამოღებულიო...“ დაფიქრდით იქნებ გაგახსენდეთ... გურიაა!!! დუმბაძე მაინც...
თუმცა იმასაც ვხდები რომ ყველაფერი მაინც ერთი ადამიანის ინტერესზეცაა დამოკიდებული. ხოდა როგორმე უნდა მივიქციოთ მისი ყურადღებაც. ბატონო პრეზიდენტო, შემოგვიარეთ გურიაშიც. თუ არა და იქნებ რუსთავზე გაიგოთ რა ამინდია ჩვენთან!?

პ.ს. ეს პოსტი "კურიერის" შემდეგ დავწერე და ათასჯერ გადავაკეთე. დარწმუნებული ვარ  ახლა რომ არ გამოვაქვეყნო კიდევ არაერთხელ შეიცვლის ფორმას. მაგრამ სათქმელი მაინც  იგივე იქნება.
იუხედავად "ამინდისა" გურია არსებობს !

4 comments:

  1. kargi iyo :)
    Guria daiviwyes, magram gurulebi ityvian tavis sityvas odesme :D
    Mokitxva Baxvs.

    ReplyDelete
  2. გურია ყველაზე მაგარი კუნჭულია დედამიწის გულზე, ზურგზე თუ სადაც არ ხოლმე იქა!...:)

    ReplyDelete
  3. gamarjoba, am statiis avtors rogor sheidzleba rom davukavshirde. dzalian saintereso informaciaa guriaze

    ReplyDelete
  4. გამარჯობა დავით, რითი შემიძლია დაგეხმაროთ? გურიის შესახებ არასაინტერესო ინფორმაცია არ არსებოსბ :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]