Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ნუ დაივიწყებ ოცნებებს

ნუ დაივიწყებ ოცნებებს
მიყვარს ასეთი საღამოები. სავარძელში მოკალათებული, ფინჯან ყავასთან ერთად ზიხარ ღია ბარში. უკრავს მშვიდი მუსიკა. ჩაწითლებულ ჰორიზონტზე კი ალაგ-ალაგ წვიმის ფარდაა ჩამოფარებული. შორიდან რამოდენიმე წამის წინ ცაზე გადანარბენი ელვის გრუხუნი მოდის და უყურებ თუ როგორ ნელ-ნელა იქოჩრება მზის მისაღებად გამზადებული ზღვა…უჰ, კარგია. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს კინოთეატრში ვზივარ და უზარმაზარ ეკრანზე ვუყურებ ძალიან ლამაზ ფილმს.


ბარმენმა მუსიკა შეცვალა. რაღაც რუსული ჩართო. რამოდენიმე ისეთი იყო. არც ღვინო და არც წყალი. და უცებ… ეს სიმღერა კინოფილმიდან "ნახვამდის მერი პოპინს"… ბავშვობიდან მოდის… ლამაზი… სევდიანი მაგრამ საოცრად ნათელი და ტკბილი… ადრე მას სულ სხვა განცდით ვუსმენდი. უბრალოდ ფილმის სიყვარულიდან გამომდინარე… დროთა განმავლობაში კი ის სულ უფრო და უფრო ახლო ხდებოდა… დროთა განმავლობაში მეც პატარა ბავშვიდან გადავიქეცი “მისტერ ჰეი”-დ.

საამოდ გეღიმება და მოგონებებში ბავშვური ცელქი ოცნებები ნათდებიან. გახსოვს რომელიმე მათგანი? მე კი. სხვათაშორის თითქმის ყველა ის ოცნება ამოსრულდა. რაზეც პატარა ბიჭი, თუჩის კუთხეში შემალული ღიმილით ოცნებობდა ხოლმე როცა მწვანე მდელოზე გაწოლილი შესცქეროდა ლურჯ ცაზე ზანტად მღოღავ ღრუბლებს.

ოცნება. განა არის რაიმე მასზე უფრო ლამაზი, ტკბილი, სათუთი და ფაქიზი?

განა ოცნების დაბადება ისეთივე ტკბილი განცდა არ არის როგორც მისი ახდენით გამოწვეული ემოცია?


განა არ გქონია ოცნება რომელსაც გადანახული მარგალიტივით უფრთხილდებოდი?

განა არ გქონია ოცნება რომელზეც ათასჯერ უთქვამთ რომ “ეს არარეალურიაააა”?, დაუცინიათ კიდეც. მაგრამ მაინც შეგინახავს და აგისრულებია.


ოცნებები... ისინი საოცრად წააგავენ დებიუტანტ, დამწყებ მსახიობებს. კულისებში რო ნერვიულობენ. ზოგს სჯერა საკუთარი თავის, ზოგს ეშინია და წახალისება სჭირდება. ზოგიც იმდენად თამამია რომ პირველი გადის რეალობის სოფიტით განათებულ სცენაზე და ცხვირზე სათვალე ჩამოშვებულ, ქილიკა “კააი ერთი”-ს, ამაყად თავმოღერებულ, ზემოდან მომზირალ “ნუთუ”-ს და ირონიანარევ ღიმილ შეპარებულ “რაო პატარა”-ვს სცდილობს დაუმტკიცოს უფლება არსებობაზე. რამდენი გაუცილებიათ კულისებში ირონიით და ზურგს უკან ხითხითით. რამდენი მინახავს აქვითინებული და იმედგაცრუებული. მაგრამ რამდენი, სახეანთებული, თუნდაც თვალცრემლიანი მაგრამ მაინც რევანშისთვის მობრუნებული და გამარჯვებული?

ნამდვილი ოცნება ასეთია მეგობარო. თუ მას დაბადებიდან აქვს ფრთები. ის აუცილებლად აფრინდება. 

განა არის რაიმე ოცნებაზე ჯიუტი?

ხშირად მსმენია. “ეგ უბრალოდ ოცნებაა და მეტი არაფერი. მე არ მაქვს ოცნება, მე მხოლოდ მიზნები მაქვს და მათვის ვიბრძვი. ოცნება კი არარეალურია და დროის ფუჭი კარგვა. ეგ არის ოცნება…” ვწუხვარ მეგობარო. ვწუხვარ რომ ამას ამბობ. თუმცა მჯერა რომ შენც დიდი მეოცნება იყავი, უბრალოდ ვიღაცამ შენი ოცნება ჩაქოლა, დადაღა და ახლა შენც იგივე გინდა გაუკეთო, ან დამალო, არ გამოაჩინო და ასეთი ცივი “ფსევდორეალობით” განირიდო მორიგი ტკივილი. მაგრამ მერწმუნე, ოცნებები არასდროს არის ფუჭი. ისინი მხოლოდ მაშინ ხდებიან რეალურნი თუკი მათი გწამს და გჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისევ იმ კულისებში იქვითინებენ.


გწამს? გჯერა? მაშ შენი ოცნებაც შეისხამს ფრთებს. განა არის რაიმე ოცნებაზე უფრო ლამაზი და ჯუტი!? 
იოცნებე, ნუ დაკარგავ ოცნების ნიჭს. მათგარეშე ძალიან გახუნდება ცხოვრება. გაიხსენე. განა რა თავისუფალი იყავი მაშინ რწმენა თითქმის საკმარისი იყო ყველაზე არარეალური ზღაპარიც კი რეალობად გექცია.შენ ახლაც გაქვს ოცნების ფრთები. გჯეროდეს. ცვლილებათა ქარი ხომ ისევ უბერავს...

ეს კი ისე... იქნებ რამოდენიმე კითხვა შენც დაგისვას შენმა თავმა და გაეცი პასუხი

3 comments:

  1. მე მაქვს ჩემი მწვანე და ჩემი ლურჯი ოცნება :) მაგრამ ამაზე პოსტს დავდებ ამ დღეებში ;)

    ReplyDelete
  2. :) დიდი ინტერესით ველი :)

    ReplyDelete
  3. ზოგიერთი ოცნება ასრულებამდე არ ისვენებს. პატრონზე უფრო ჯიუტია

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]