31.10.09

რეკლამა

              დღეს წვიმს. მგონი ამ სიტყვებს რამოდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ხშირად გამოვიყენებ. მაგრამ მოდით დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ. არა, წყალი იყო და შუქიც. ამაზედ არ ვწუწუნებ ამჯერად. უბრალოდ წვიმის გამო გარედ გასვლა შემეზარა და ტელევიზორს მივუჯექი. ვნახოთ მეთქი რა ხდება ტელესივრცეში. ქართულ არხებს მივადექი. არა გადაცემებზე არ მინდა ვისაუბრო. ეგ სულ სხვა თემაა. მე ქართულ და ქართულად გახმოვანებულ რეკლამებზე მინდა შევჩერდე.

რას იზამ. საკმაოდ კარგად გამოსდით ჩვენი ზომბირება. გინდა თუ არ გინდა რეკლამას უფრო ხშირად ისმენ და გამახსოვრდება ვიდრე ის რის გამოც იჯექი ტელევიზორთან. მიუხედავად იმისა რომ არც მანქანა მყავს და არც თბილისში ვცხოვრობ, უკვე მზად ვარ გადავიხადო პარკინგის საფასური ოღონდ ეგ წითელი მერსედესი აღარ დაგორავდეს ეკრანზე. გადატანილი სიძნელეების გამო ავტომობილის ძრავის სტრესებმა და დარდებმა რუმ პეტრილის საწვავის გამო ხო ძილი დამიკარგა, საწყალი თურმე რამდენს ნრვიულობდა. რაც მთავარია წინასწარ ვიცი უკვე რომ კორეგა იმ დამშეული ბებოს პროთეზს საიმედოდ ჩაამაგრებს და ხურხვნა, კბენა ღეჭვაში ხელი ნაღდად არ შეეშლება. მაგრამ უკვე მაღაზიიდამ ქუჩაში  გამოსვისას თვალით ჩასაფრებულ ექიმს ვეძებ რომელიც მოვარდება, გაურკვეველი წარმოშობის ნათურას ჩამჩრის პირში და ჩამყვირებს - არიქა სენს პირში ბაქტერიები მრავლდებიანო. რას მიძვრები პირში შე კაი კაცო?! არ ვიცი რა დალია და რამდენი დალია წინა ღამით იმ გგონამ მაგრამ ფაქტია რომ ნაბახუსევზე, კბილის ჯაგრისზე გადასმულ ქოლგეითში დისკოფართი ელანდება, თან ისინიც იქედან უძახიან - “ჰე შემოგვიერთდიიი”.  ბატონი კახი ბავშვებს სათამაშოებს ართმევს ქუჩაში და ბარში მჯდომ წყვილებს იატაკის აყრას აიძულებს. აქამდე ვიცოდი რომ პე-ეს-პეს აფთიაქთა ქსელი ნანიბრეგვაძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა კი გაირკა რომ წურწულიას აუხევია. არაო, ეგ ჩემი ოჯახის აფთიაქიაო. სვანიძეებში დაჩმორებული ქმარი უკვე ერთი წელია ჭურჭელს რეცხავს.მეზობლად კი მეორე მამა ტუალეტში ცხოვრობს და ძირითადად იმით ერთობა რომ გასახების ჭუჭრუტანიდან ტუალეტის ოკუპანტიდან განთავისუფლებით შეპყრობილი ოჯახის წევრების მიერ ძღვნად მირთმეულ ტორტზე ანთებულ სანთლებს აქრობს. დააკვირდით საწყლებს რა სახეები აქვთ? მათაც უნდათ, თან ძააალიან უნდათ ტუალეტში… ის რა კაცია?! ყოველდღე რომ ჰპირდება გოგოს თოთხმეტ დღეში პარიზში წაგიყვანო და ეგეც გახარებული იხეხავს და იხეხავს კბილებს. ის ქართველი მსახიობი კი წელიწად ნახევარია ყოველ დღე ეკითხება თავის სტომატოლოგს “ ვაიმე კბების გათეთრება მინდა და რას მირჩევთ?!” არიელი გენაცვალე არიელიი და თქვენი თმები არასოდეს იქნება ასეთი ლაღი და მომხიბვლელი. მართალი გითხთხრათ ვერ გამიგია თავდაბანილი გოგონები ასე ზამბარასავით ხტუნვა-ხტუნვით რატომ დადიან ქუჩებში..ასე რომ გაიარო ლამაზი თმა კი არა მელოტიც რომ იყო ფაქტია მაინც აღმოჩნდები ყურადღების ცენტრში. იმ ლამაზმანს კი ვერა და ვერ გაურკვევია “დედა ნახე რა ფერია?” დედაა სხვა ფერის თუ რა ხდება?. ეგ კიდე არაფერი. აღმოვაჩინე რომ ზრდადი მომავალი მაქვს თან ანაბარიც.. არ მეგონა მომავალი თუ მეზრდებოდა სადმე. მაგრამ ფულს რაც შეეხება ახლა ყოველ ორმოცდაათ თეთრიანზე მერსედესის სიმბოლო მელანდება იმიტომ რომ დამარწმუნეს. მაგ ფასად მერსედესის გარდა ავერათერს იყიდიო. თუმცა რატომ? ეპილაციაც ხომ 50% ღირს? თან ერთი უფასოოოდ. მაგრამ ის ერთი რა არის მაინც ვერ გამოვთვალე…ალბათ ეგეც ისეთივე საიდუმლოდ დარჩება როგორც ღამის საფენები რომლებიც უკვე ოთხ ფრთიანია და მალე მოტორსაც ჩაუდგამენ და პამპერსები, რომლებიც სუნთქავენ. ახალი არიელი ინტელექტის მქონე ემზიმებით რომ უფრო კარგად რეცხავს ვიდრე ძველი ეგ ბავშმაც იცის, ჭუჭყს დაინახავენ თუ არა ეგ ემიზები ებრდღვნებიან და მიდიი… ახალი ტელევიზორი რომ უკეთ უჩვენებს ვიდრე შენი ეგეც ფაქტია. მაგრამ ის ვერ გამიგია რატო მაჩვენებენ და მახარბებენ ახალი ტელევიზორის საოცარი ეკრანის ფერთა მრავალფეროვნებას ჩემი ძველი ტელევიზორის ეკრანით? ბარე მომიტანე და მაჩვენე?! მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , მისი ყიდვა და საკუთარი დანიშნულებით მოხმარა რომ შეიძლებოდეს ყველაზე პოპულარული რეკლამირებულ ნივთებსა და აგილებს შორის ჩვენი ღრმადპატივცემული პატრული იქმებოდა. ასეთი შტურმით ეთერი არც კარიესს, არც ქერტლს და არც ღამის საფენებს აუღიათ. თუმცა ყველაფერი წინა რის.მთელი ზამთარი ეკრანს მიჯაჭვულებმა უნდა გავატაროთ და რა ვიცი კიდევ რა შედევრი მელოდება ან რა ფობია.

 მანამდე კი გაიღიმეთ. ჩვენ ზრდადი მომავალი გაქვს…

30.10.09

ქართული ღვთაებენი





დღეს საკმაოდ უჩვეულო თემის წამოწყენა მომინდა.რამდენად განსხვავდება წინა თემებისგან თავად განსაჯეთ. სავსებით შესაძლებელია რომ მას ცალკე ბლოგი გავუკეთო მაგრამ ჯერჯერობით აქედან დავიწყებ. ვისაუბრებთ საკმაოდ საინტერესო თემაზე. ქართულ წარმართულ ღვთაებებზე. მოდით პირდაპირ დავიწყებ. მაშ ასე...


ქართული ღვთაებენი


ყოველთვის დაუმსახურებლად მივიწყებულად მეჩვენებოდა ქართული წარმართული ღვთაებათა პანთეონი. მითუმეტეს კარგად გაპიარებული ეგვიპტური, სკანდინავიური, სპარსული და ბერძნულ-რომაული პანთეონების ხშირი ხსენების ფონზე ( მითუმეტეს რომ ბერძნულს თავის ღმერთთა პანთეონის დიდი ნაწილი სხვა მითოლოგიიდან დასესხებული ხვთაებებით ააქვს შევსებული და შემდეგ კარგად “გაპიარებული”, ეგ საქმე კარგად გამოსდიოდათ)
მოდით თავი ვანებოთ სხვებს და ჩვენს საკუთარს მივხედოთ.


სამწუხაროდ ძნელია ვივარაუდოთ თუ რომელი იყო უმთავრესი ღვთაება .თუმცა სანამ თავად რვთაებეს მივადგებოდეთ გავიგოთ მაშინდელი სამყაროს მთლიანი არქიტექტურა. სამყარო იყოფოდა არამარტო ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურადაც. რის შედეგად წარმოგვიდგება გარკვეული შრეები რომლებშიც სხვადასხვა ძალები ბინადრობენ და რომელთანაც კავშირი ღვთაებებისთვის და მითიური არსებებისთვის ჩვეულებრივ ხდებოდა. ხოლო მოკვდავთათვის სხვადასხვა სახის საკრალური გზებითა და საშუალებებით იყო შესაძლებელი. გარკვეულ სურათს გვიხატავს თავად ქართულ ენაში შემონახული სიტყვა “სკნელი”, რომლის სხვადასხვა მნიშვნელობა არსებობს. მაგალითად ზე-სკნელი ასახავს ზეცას და მის ბინადართ. ჰორიზონტალურ, ანუ მიწიერ სამყოფს სკნელი ასახავს. ხოლო მიწისქვეშეთს სიტყვა ქვე-სკნელი. ასევე ემატება სამყაროს ჰორიზონტალური ჭრილი, წინა-სკნელი და უკანა-სკნლი. ვინაიდან  წინასკნელსა და უკანა სკნელს ჰორიზონტალურისაგან განსხვავებით კონკრეტული მიმართულება არ ააქვს (ანუ სამხრეთ დასავლეთით..და ამდაგვარი ) ადამიანები მას უბრალოდ მისტიურად: ბოროტ, ხიფათიან, იდუმალ და ფათერაკიან სამყოფს (იქ-აურს) ნათელ და კეთილგანწყობილ (აქ-აურს) უკავშირებდნენ.

 მიუხედავად იმისა რომ გადმოცემების თანახმად სამყაროს მრგალ, ზღვით ან მთებით შემოსაზღვრულ სამყოფად აღვიქვამდით. ამას სულაც არ შეუშლია ხელი იმის გაცნობიერებაში რომ გარე-სკნელი, რომელიც ჰორიზონტულ სამყაროს გარს აკრავდა, უცვლელ მარადისობად და “გაყინულ სიბნელედ” წარმოგვედგინა. რაც დღევანდელ კოსმოსად შეგვიძლია მოვნათლოთ.


რაკიღა კოსმოსს მივწვდით, სანამ იქედან დავბრუნდებოდეთ კოსმოგონიურ წარმოდგენებზეც ვისაუბროთ. ამ დრომდე აღმოჩენილი სვასტიკების და მსგავსი გამოსახულებების ფონზე  რომელიც საკმაოდ ხშირად გხვდება უძველესი კულტურის კერებში: შუამდინარეთ, ირან, ინდოეთში. თამამად და სიამაყით შემიძლია წარმოგიდგინოთ მათ შორის უძველესი ქართული (კავკასიური) 7 ქიმიანი ბორჯღალო.რომელიც საკმაოდ მრავლად შემოგვინახა მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურამ. 

ბორჯღალო მარტო პოპულარული ორნამენტი არ გახლდათ.( თუმცაღა გხვდება 8 ქიმიანი  ბორჯღალოებიც, რომელიც სხვადასხვა ნაირად, რვაქიმიან ყვავილად ან ოთხი წრით და რვა ქიმით, ანუ ჯვარი ჯვარში გვხდება. მისი ნახვა ქართული ხუროთმოძღვრების თითქმის ყვლა ძეგლზე შეიძლება. ანალოგიურ სქემაში ჯდება ქართული ასმომთავრული ანბანიც, რომელზეც შემდგომ ვისაუბრებთ ) ეტიმოლოგიურად ის წარმოადგენს ორი სიტყვის სინთეზს: “ბორჯ”- ბურჯი, ფესვი. ხოლო “ლაღა” მოსავალს, გამოსავალს, ნაყოფს. შესაბამისად  წმინდა მოსავალს აღნიშნავს. მისი შვიდი ქიმი კი ცის მნათობთა თანმიმდევრული განლაგების და უწყვეტი ბრუნვის ნიშანია. მისი ცენტრი თავად “ბორჯ”-ია, ანუ საწყისი ( წმინდა ფესვი,ხილულისა და უხილავის საწყისი). შემდეგ გამოდის “ღალა” 7 მნათობი: 7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია: 1. მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე. 2. ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური. 3. მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი. 4. მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი. 5. დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი. 6.ზუალი — სატურნი. 8. ჰელიო(იგივე არდი) —მზე . ასე რომ ცის მნათობთა მოძრაობის და ციკლების შესახებ კარგად გაწაფულები ვიყავით. თუმცა ეს გასაკვირი არ არის იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ რომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება გახლდათ. შესაბამისად ხვნა თესვასა და მოსავლის მოყვანას შესაბამისი დაკვირვება და შესწავლა ესაჭიროებოდა. ( რისი თვალსაჩინო მაგალითია მიწათმოქმედების 12 თვიანი ციკლი რომელიც მითიური პერსონაჟის, უძლერესი გმირის -  ამბრნის ძალად დასაფლავებასთანაა კავშირში და რომელსაც 12 ხარი მიათრევდა საფლავისკენ. შუა გზაზედ მარხილიდან ამბრის ცალი ფეხი უვარდება და გოლიათის სიმძიმის გამო გზად ხნულს ტოვებს. შესაძლებელია ვივარაუდოთ რო ამბრის მოთოკვა და შებოჭვა ციკლების სისტემატიზაციის მცდელობას უკავშირდება რაც თავისთავად ყოველ მე-12 თვეს თავიდან იწყება) მე მგონი ცოტათი გადავუხვიეთ გზას. ნაადრევია მიწზე გადმოსვლა. ზეცაში კვლავ გვაქვს საქმე და არც თუ ისე ხელწამოსაკრავი.
ყველაზე მეტად გავრცელებული ქართული ღვთაება გიორგი ( თეთრი გიორგი ) გახლავთ. როგორც წესი გიორგი სხვადასხვა ძალთა და არსებათა მფარველად მოიხსენიებენ მაგრამ სათავეში ის მთვარის კულტთან ასოცირდებოდა. ცის ეს მნათობი საკმაოდ დიდი პატივსაცემი ობიექტი იყო ძველ მიწადმოქმედთა,მევენახეთა და მონადირეთა საქართველოში, შესაბამისად თეთრი გიორგი წარმოგვიდგება როგორც ყოვლისშემძლე ღვთაება რომელთანაც ასოცირდება ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან) და კიდევ მრავალი კულტი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად. მას მიაწერდნენ ნადირთ მფარველობას, მიწათმოქმედების მფარველობას, ზეციური ცეცხლისა და ქუხილის მბრძანებლობას. გაქრისტიანების შემგედაც კი ქართველი ხალხის ძეპირსიტყვიერ ლეგნდებში (სადაც ქრისტე ღმერთიც და მამა ღმერთიც ფიგურირებენ ) წამოწყებულ კამათსა თუ შერკინებაში ყოველთვის გიორგი იმარჯვებს. რაც იმის მანიშნებელია რომ ქრისტეანობის შემოსვლის შემდეგაც (რასაკვირველია მან სულ სხვა იერსახე მიიღო)  საკმაოდ კარგად შენარჩუნა თავისი პოზიცია ქართველთა “საყვარელ ღვთაებათა პანთეონში”. გიორგი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე “კარგად” ტრანსფორმირებული და "შემონახული" ღვთაებათაგანია.


დღეისათვის ეს ვიკმაროთ... ჰა?! როგორია?



22.10.09

პალიასტომი

   ძამა შენ თევზის საჭერად ხარ წამოსული თუ ჭიაყელბის საბანაოდ?! გადააგდე ნორმალურად მაი ანკესი იქეთ. მეიცა, აი ერთი კეპკა მაქ და მაგიას მაინც ნუ წამოამევ ანკესზე, ნელა მეიქნიე! კაია, წაი ახლა და მოძებნე საცხა გადააგდე...

დაახლოებით ასე მაკვალიანებდნენ პალიასტომის ნაპირთან ჩემთან ერთად სათევზაოდ წამოსული ძმაკაცები. არაჩვეულებრივი მზიანი დღე იყო და რაღათქმაუნდა არც ჩვენ ვიყავით მოღრუბლულ განწყობაზე.  იქ სადაც ერთზე მეტი გურული შეიკრიბება მოწყენას რა უნდა. ხან ერთს ამოვიჩემებდით და ხან მეორეს. ვგლახაობდით ასე და დარწმიუნებული ვარ წყლის ქვეშ თევზიც გულიანად იცინოდა ჩვენზე. ერთი საათი ლიფსიტაც კი ვერაფერი ვერ დავიჭირეთ .

- ევიწიოთ პაწა ზევით. ეგება იქ გაგვიმართლოს
- ახლა შუადღე ახლოვდება და თევზი ლაფში წვება
- გაჩერდი ერთი, ძაან იცი შენ ლაფში წევს თევზი თუ ასფალტზე. ჭადი ყურში მიგაქ
- შენ რო იცი ჩემზე მეტი იმიზა ასწრებდნენ ერთმანეთს კალმახი და წვერა, არა მე დამიჭირე არა მეო...
- ე ძამა ვიცი მე აი ადგილი. შარშან ვთევზაობდით და აფერი არაა აქ
- დანაშაულის ადგილზე მომიყვანე ბიჯო?
ერთი სიტყვით გამოცდილი მეთევზე ჩვენში არც ერთი არ იყო. რამოდენიმე მოყვარული, რომლსაც მარტო ჭერის პროცესი სიამოვნებდა. ერთი "უპონტობის" გამო წამოსული, ერთიც მე და კიდევ ერთი ძალად წამოყვანილი, მანქანის  მოჯუჯღუნე პატრონი.
- ერთი არ დგიჭერიათ ზუთხი და გაგძნეყვავთ თქვე საცოდავებო...

პალიასტომი გინახავთ? ულამაზესი სანახავია. როცა ნიავი ჩამდგარია მოკრიალებული სარკესავითაა. მერე აიქოჩრება და მის ზედაპირზე შეგიძლია დაინახო თუ როგორ ცეკვავს ქარი. მერე შესაძლოა საერთოდ შეიცვალოს ფერი. ჩაქუფრდეს. ხოლო თუ გადაირია... ზღვაზე ნაკლები არაფრით არაა. თუმცა ასეთივე იყო ჩვენი შავი ზღვაც. მტკნარი და იდუმალებით მოცული. ეს მანამ, სანამ ხმელთა შუა ზვა არ შემოერვარა ( ამაზე მერე მოგითხრობთ )

მართალია თევზს რო იჭერ ჩუმად უნდა იყოო ამბობენ. მაგრამ ჩვენი გაჩერება იქნებოდა?
-ბიჯო ადრე გახსოვს კაკლებს ვჩეჩქვავდით და წყალში ვყრიდით თევზის მოსაწამლად
- რად გინდა ბიჯო შენ კაკალი, ჩაყავი ენა და მაგაზე მეტი საწამლავი რას ააქ?
- ნუ იხვანები ფრიადოსანივით და იქედ ჩააგდე ანკესი. ნუ მეკვეხები
- თევზს შენ ვერ იჭერ, ჭიაყელას ვერ აცმევ. ქალი შენ არ მოგყავს. რაია კი მარა რა გეტაკთ?
- რაია ძამა და ჭკვიანს ჩვენ არ ვუდივართ და აბდალი ჩვენ არ გვინდა
- ნუ გეშინიათ. გაგარონიებთ ჩემთან კურსებს. თვარა მერე ასაკი ხო იცი?!...
- რაია ძამა ? უჩივი უკვე რამეს? ვეღარ ქოქავ?
- ხო გეუბნები?! ჩააყოფიო უნდა ენა წყალში და ამოტრიალდება პალიასტომი...
ვხარხარებდით და ვითვლიდით არც თუ ისე დიდ ნადავლს. თუმცა საღამოს პირს უფრო წამოვიდა თევზი. მოშივდათ ეტყობა.
- ე ბიჯო გამწარდნენ მგონი. რაა ეგ?
- თემურას გახედე. ბრიფინგი აქ იმდენი თევზი ესევა....
- ბიჯო ჭიაყელა გამითავდა მასესხეთ!
- გადატრიალე ბიჯო ქვა და ნახავ
- მიე მიე, თვარა თევზს ჭიაყელაში არ შეეშალოს და არ მიახტეს მაგ გამხმარს...
საღამოს ტურები აწიოკტნენ...
- უი და ზმუკი! რა საზიზღარი ხმააქვთ მაინც ?!
- შენ დაგინახეს და გოუხარდათ ნათესავის მოსვლა!
- ე ბიჯო გაჩერდი თვარა გირტყი აი ღორჯო თავში
- ხო იქნიე რა გენაღლება შენი დაჭერილია თუ? ჯართი არ დარჩა ფსკერზე შენ რომ არ ამოგეხიკა. აბარებს აი ეტყობა
- ჯართს მე კი არა მამაშენი აბარებდა 5 წლის წინ შენი სახით კოლეჯში. შენი იმედი აქ იჯახს?
- ვაი შე აბდალა. მამაშენს მართლა ჯორკო გეეკეთებია ჯობდა შენს გაკეთებას. ჩამოჯდებოდა ქემაინც კაცი მარა ისეთი უვარგისი ხარ სამი ფეხის მაგივრად ორი გექნებოდა მაშნაც...
- ბიჯო ნუ გამომაყვანიებ შენს ჭიშკართან შენი სახელობის წყაროს. რო ბჟირდები და იკვაჭები მოი გაარჩიე თევზი...
- შეხედე ბიჯო? ამ თევზივით არ იყურება თამაზა რო გადათვრება?...
- შეყარე ბიჯო შეშა, არ ჩაქრეს ცეცხლი თორე ჩაგიქრობ სიცოცხლეს...







დღისით ხო ლამაზია პალიასტომი. ღამით კი ორჯერ უფრო საოცარი. განსაკუთრებით მაშინ როცა ვარსკვლავები და სავსე მთვარე დაჰყურებს ზემოდან და მაშინ როცა კოღოების საწინააღმდეგო მაზი გაქვთ წაღებული. თორე კოღოს მოგერიებაში თვითგვემის პროცესი გარანტირებული გაქვთ. კოცონის ბირბირი. მეგობრების ხმები. სგარაზე დადობილი ნადავლი , კარალიოკის არაყი და გრძელი ნათელი ღამე. ტურების შემოყმუვლება, საპასუხო გინება, კოღოს გადაჯიშების პერსპექტივები და დაუჯერებელი ზღაპრები... აქანა ძამა აა ამხელა თევზი მოდიოდა....

15.10.09

11 a

რამოდენიმე პოსტი წავიკითხე სადაც არც თუ ისე სასიამოვნო მოგონებები იყო მოთხრობილი სკოლის შესახებ. მართალი გითხრათ ცოტა არ იყოს დავფიქრდი. ნუთუ ასეთი რუხი იყო ჩემი სკოლის კედლები?!
მაგრამ რატომღაც მხოლოდ სასიამოვნო, სასაცილო და ტკბილი მოგონებები ამომიტივტივდა. არა. სიე არ მინდა გამომივიდეს რომ ყოველი დღე რაღაც განუმეორებელი დღესასწაული იყო. აქაც იყო რაღაც "დაჯგუფების" მაგრავი პატარა ბანდები და ფსევდო ავტორიტეტები. მაგრამ კლასი საამაყოდშემიძლია ვთქვა რო ერთიანი იყო. როგორც კარგში, ასევე ცუდშიც. თუ ვისაუბრებთ საერთო სტერეოტიპებზე და ჩემთვის დღემდე ირონიის საგნად ქცეულ შაბლონურ დოგმებზე. არც ჩემი კლასი იყო მათგან ძალიან შორს, მაგრამ ეს არასდროს გამხდარა ურთიერთობის გამსაზღველად. კი ბატონო გაუპროტესტებიათ მოგრძო თმები და მამაჩემის დროინდელი შლაქსები. მაგრამ მერე უღიარებით რო ეგ მცდარი აზრი იყო და ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. რაც მთავარია აღიარეს. თუ ჩხუბი იყო სხვა კლასს ვეჩხუბებოდით და თუ ქეიფი იყო იქაც ერთად ვიყავით. ერთად ვიყავით შატალოს ორგანიზატორებიც. ავიხიზნებოდით და მოვდიოდით 32 ბავშვი. არც ერთი არ რჩებოდა. მივდიოდით და ხან იპოდრომს, ხან ნაძვნარს და ხანაც რომელიმე ეკლესიასთან ვიკრიბებოდით. რამდენჯერ გავურიცხივართ გაცოფებულ დირექტოსრ პედ.საბჭოზე. მაგრამ მეორე გაკვეთილზე ისევ მერხთან ვიჯექით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი კლასი მარტო ხულიგნობაში კი არა სწავლაშიწ დიიდ წარმატებას აღწევდა და ამიტო ასე ხელწამოსაკრავი არ ვიყავით. მახსოვს, მესამე სართულიდან, საკლასო ოთახიდან მერხები გადავყარეთ. თქაშათქუშით დაენარცხნენ ასფალტს. მერე რო გადავიხედეთ კედელს გაკრული, შიშიდან გათეთრებული სასწავლო ნაწილი დავინახეთ. ბედზე გადაურჩა მერხზე მიხატვას :) ერთი საათი წიოდა დირექტორთან. მაგრამ მეორე კვირას რეგიონის ჩემპიონები გავხდით და სასწავლო ნაწილი სიხარულით გვკოცნიდა" თქვენ ხართ ჩემი სიამაყეო"...
ჯოკერს ვთამაშობდით და ადგილების მიხედვით ვანაწილებდით ვის სახლში ვის ღვინო და ვის პურმარილი მოეტანა. დანარჩენი ვუზიარდებოდით და ყოველ შაბათს დიდი გნიასი გვქონდა. თვეში ერთხელ ბიჭები "სათევზაოთ" მივდიოდით და მეორე დღეს შემწვარგოჭზე ვქეიფობდით...
ერთი თუ შეყვარებული იყო მთელი კლასი გულშემატკივრობდა. ოო რა ცვეტში იყო საღეჭი რეზინები "love" და შოკი. შნაპსის სუნი ახლაც მახსოვს. ნაძვნარში მოწეული სიგარეტი მაგნა და სუნის გასაქრობად მოღეჭილი დაფნის ფოთოლი. გამოდევნებული დირექტორი და მეზობლად მდებარე ბაღის ღობეზე მოწყობილი ესტაფეტა (სხვათაშორის მანდ ვნახეთ თუ როგორ ცდილობდა ღობეზე გადმოხტომას ჩვენი დირექტორი მარინა ). მუსიკის ოთახში  ჩაკეტილი კარები და პუგაჩოვას ფირფიტაზე აცეკვებული კლასი.სკოლის 150-ე თაობა ვიყავით და გვანებივრებდენ თითქოს :)
სევდაც იყო. როცა შაკო გამოგვაკლდა. მაშინ პატარები ვიყავით მაგრამ იმდენად დიდი გამოდგა ეს ტკივილი რომ დღემდე გამოგვყვა ყველას...
არ ვიცი. თამამად შემიძლია ვთქვა რომ სკოლა და მის კედლებში გატარებული წლები მართლაც ძალიან ლამაზი და ჩემი ბავშვობის ოქროს ხანა იყო. ახლაც მახსოვს ბოლოზარზე აცრემლებული გოგონები. მასწავლებლები, რომლებიც მართლაც წუხდნენ რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და მთელი სკოლა, რომელიც გვაცილებდა. გვემშვიდობებოდა მთელს კლასს როგორც ერთს...
დიდი სიამოვნებით დავიბრუნებდი სკოლინდელ თუ გინდ ერთ, წვიმიან დღეს. მერხს ჩემი ნახატებით. გახუნებულ დაფას. შეშის მბოლავ ღუმელს. ზარის ხმას და დილას. როცა ზიხარ მერხთან და შესცქერი საკლასო ოთახის კარებს იმ იმედით რომ ღდეს ყველა მოვა...

აეე. კლასელებოოო მიყვარხაართ...............

13.10.09

რექსაა


რექსა.
სახელების შერჩევაში დიდი ორიგინალურობით მამაჩემი არასდროს არ გამოირჩეოდა. საერთოდ სამი მოქმედი სახელი არსებობს ჯერ-ჯერობით. როკი, რექსა და ჯეკა. სქესს არანაირი მნიშვნელობა არააქვს. არც იმას არააქვს მნიშვნელობა შენ რას დაარქმევ. მაინც ეგ სახელები იქნება ხმარებაში. იმიტო რო მამაჩემს ცნობიერებაში ძაღლთან ასოცირებადი მარტო ეგ სახელები აქვს ჩაბეჭდილი. ასე რომ უკვე გვყავდა ჯეკა მე2-ე, როკი მე-5-ე და რექსა მე-3-ე. რექსა მე-3-ე დედალი, შავი გერმანული ავჩარკაა. ბზინვარე ბეწვით და სევდიანი თვალებით. მიუხედავად მისი საკმაოდ შთამბეჭდავი ზომისა და ავი გამომეტყველებისა, საკმაოდ კეთილი ძაღლია. როგორც ჩვევია ავჩარკებს. მისი საყვარელი საქმიანობა ჩემს კვალდაკვალ, პირში ჯოხ მოგდებული ძუნძულია.მაგრამ ამაზე ცოტათი ქვემოთ.
დღემდე ვერ ვხვდები რატო აჩვევენ ძაღლებს ბრძანებების შესრულებას რუსულ ენაზე. რატო ჩავდეთ რათველებმა ეს ცინიკური ნაღმი ასე ირონიულად ამ საქმეში. გაიხსენეთ, ზუსტად რუსულად ვესაუბრებით ძაღლებს. მაგალითად: "პაშოლ", "სვოლოჩ", "ჩუჟოი,ფას","იდი ვონ" და ასე სემდეგ. თითქოს ეს ჩვენი ძარლები დიპლომირებულ ენის სპეციალსტები იყვნენ და ქართულად არ ეკერკებოსნენ..მაგრამ რას იზამ...
ხო, იმაზე ვსაუბრობდი უკან დამსდევს მეთქი. პატარა, საყვარელი და სულელ ლეკვი რო იყო, ფეხსაცმელს რო მიღრღნიდა და ყაპყაპებდა მაშინ ვასწავლე. ავიღებდი ჯოხს, გადავუგდებდი და მასაც მოჰქონდა. მაგრამ ძაღლი გაიზარდაა.. მე კი როგორც წესი სახლში იშვიათად ვარ. ერთხელაც ჩავდივარ, ეზოს კარებს ვაღებ და ვხედავ რომ რაღაც შავი მასა მოწყდა და ჩემკენ მოქრის. სანამ გავარკვიე რომ ეს რექსა იყო ჩემი კი დამემართა... ხოდა დღესაც ჩემსავით თავი ბავშვი ჰგონია და სულ თამაშს მთხოვს. როცა აშვებული გვყავს კარებთან მელოდება. როგორც კი დამიგულებს გარეთ გასულს, მოწყდება, გაიქცევა, ატყდება ხრაგუნი, რაღაცა დაიმტვრევა, რაღაცა გადმოვარდება და ვხვდები რომ ჯოხს ეძებს. რაღაცას იპოვის და მოვა ქეშელით. დამიგდებს წინ და ენაგადმოგდებული, განათებული თვალებით მელოდება როდის გადავუგდებ. მაგარი სანახავია ეგ ყველაფერი. თუმცა ყოველთვის თამაშის ხასიათზე როდი ვარ. ხოდა დამდევს ამ ჯოხით უკან. პრინციში თუ ჯოხი ვერ იპოვა ნებისმიერი რამ რისი გადაგდებაც შესაძლებელია და პირში ჩეტევა იმას აპორწიალებს. მათ რიცხვში ხშირად ხვდება ცოცხი, ფეხსაცმელი, შეშა, აქანდაზი და კიდე სხვა რაღაცეები.
ყველაზე სასაცილო კი მაშინაა როცა გთხოვს რო გამეთამაშეო. მუცელზე კოტრიალებს, ხტუნავს, ცუნცრუკებს. თუ რამეს აკეთებ მოვა და გვერდით დაგიდგება, გაგლოკავს და გაიქცევა, დაილამება. ერთი სიტყვით მაგარი სასაცილო ვინმეა.
იყო შემთხვევა სახლიდან ყველა წასულები ვიყავით და რექსა მეზობლების იმედზე დავტოვეთ 3 დღეში დაგვირეკეს ," რომელიმე ჩამოდით თორე არც წყალს სვამს და არც ჭამსო, გარეთაც არ გამოდის მისი სახლიდანო". ჩავედი. ჩავედი და ისეთი ყეფა-წკმუტუნი ატეხა, გამოცოცხლდა, მთელი დღე დამდევდა და არ მშორდებოდა. ფეხზე მეყრდნობოდა, თავს მადებდა. შემეცოდა. ეგეც ხო იჯახის წევრია. ისიც ითხოვს სითბოს და სიყვარულს რომელსაც პურის ნატეხსავით გადავუგდებთ ხოლმე...
რექსა

11.10.09

შვებულება გრძელდებაა

შვებულება გრძელდება. მაგრამ ისე არა როგორც მე მეგონა. ჯერ ერთმა მთხოვა ბავშვი მომინათლეო. მერე კურსელმა იმ თვეში ცოლი მომყავსო და თითქოს სამზადისი დავიწყე. მაგრამ თურმე სად ხარ. ძმაკაცი მოვიდა და მოემზადე, ჩემი მეჯვარე უნდა იყოვოოო. თქვე კაი დედმამიშვილებო შვებულებაზე პირი შეკარით მეთქი?!
ასე რომ საააკმაოდ საინტერესო შვებულება მაქვს. მეჯვარეე... მდაა. ვერსადროს ვერ ვიტანდი პიჯაკებს და ჰალსტუკებს. 5 წელი ტუფლის საყიდლად მივდიოდი და კეტით ან ბოტასით ვბრუნდებოდი. ახლა კი, ისევ და ისევ სიძის მოთხოვნით, გამოვიწკიპო უნდა...კოიოსავით დავჯდე. როცა მეჯვარეს ახსენებენ წამოვდგე. ჭიქიან ,ღიპიან ბიძებს მადლობები უნდა ვუხადო იმ სადღეგრძელოებისთვის რასაც ფაქტია რომ იმ ხმაურში ვერ გავიგონებ, მერე "ვაგონი მიქრის" და "ეხ ადესა"-ს იცეკვებენ... სხვები ჭამენ და შენ გიცქერენ... ყოველთვის ვხალისობდი ასეთ, ცოტა არ იყოს შაბლონურ და სასაცილო წესზე. მაგრამ არ ველოდი თუ იგივეს გამოცდა მეჯვარის სტატუსში დამემუქრებოდა. არაა..ავბუნტდები. აბა რისი გურული ვარ. გადავატრიალო უნდა ეგ ტრადიცია (ყოველ შეთხვევაში ამ ქორწილში მაინც) რაც არ უნდა იყოს მეჯვარის პრიველეგია მაქვს ;) ოოო საინტერესო იქნებააა...

სიმართლე გითხრათ მაგრა გამიხარდა. ჩემი ბავშვობის ძმაკაცს მეჯვარედ რომ ვუნდივარ. თან ვინ-ვინ და მის ქორწილს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასე მალე. არავის არ ჯეროდა, მე თავიდანვე ჩამაყენა საქმის ყურში და ასე რომ დიდად არ გამკვირებია ქორწინების ამბავი, აი მეჯვარე კი... არ მეგონა. ხო ხო ხო...ეკლესიაში გვირგვინის ჭერა... ტორტი მუხლებზე...პირველი ცეკვა...სამადლობელოები...განსხვავებულები...მოღეღილი საყელოები...აკოტავებული სახელოები და მერე ჰეჰეეეე....

      აქვე მეორე საინტერესო მოვლენა მოხდა. დღეს მეგობრის მანქანაში მობილური ტელეფონი დამრჩა. ოოო რა გრძნობა ყოფილა ეგ... როცა სიჩუმეში დაგებადება კითხვა რატოარ რეკავს, მერე ჯიბეზე ხელს იტაცებ, რო ვერ იპოვი გაგაციებს,თვალით უცებ ძიებას დაუწყებ და მერე გაგახსენდება რომ დაგრჩა...სიჩუმეააა. გირეკონ, გწერონ, გასკდეს ტელეფონი ...მაინც არაფერი გამოვა. 5 დღიანი ტაიმაუტი მაქვს აღებული. დავისვენებ ტელეფონისგანაც :) ეგ იგივე ყოფილა.საათს რო დიდხანს ატარებ და მერე მოიხსნი - რო გგონია რო გიკეთია და შიშველი მაჯა რო დაგხვდება....

მოკლედ. აი ასეთი შვებულება მაქვს... და გრძელდება კიდეც :)

01.10.09

შვებულება დაიწყოო


დღეს შვებულებაში გავედი. გავიგო ერთი რაა ეს შვებულება, ყველა რო თავს იგიჟებს და მისტირის მეთქი და აი. კი გაუძნელდათ, თითქოს მათი შვებულებით ვსარგებლობდი, მაგრამ რას იზამ ;)
მერე კურსელებმა დამირეკეს და ხინკალზე გავედით.იქედან გამომდინარე რომ იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს , ასეთი შეხვედრები ძალიან გვსიამოვნებს. ერთი ქობულეთიდანაც ჩამოფრინდა. კი დავცინეთ ხინკალმა მოგხიბლა და მაგიტომო, მაგრამ მაინც ხო ჩამოვიდა.
ხინკალს ერთი თვისება აქვს. რაც ძალიან არ მომწონს. ჯერ დიდი ხანი აგვიანდება, სანამ მოიხარშება დაგავიწყდება რისთვის ზიხარ. მერე კი ლოდინით დაქანცული მიასკდები ამ ცომეულს, დააცხრები და მერე ისეთი მოთენთილი ხარ რომ საუბრის თავიც აღარ გაქვს. ძალაუნებურად ტახტზე, ტელევიზორზე და... მოკლედ ჰორიზონტალური მდგომარეობა გენატრება...
თუმცა სანამ ხინკალს დავაცხდებოდეთ ამ საწყალ მეგობარს დავაცხრით. საქმე იმაშია რომ სახლში შეუჩდნენ ცოოლი მოიყვანეო. ცოტათი სასაცილო მაგრამ არაუცხო საკითხია ყველა იმ მამაკაცისთვის ვინაც ჯერ არ აპირებს დაოჯახებას და თავისუფლება ურჩევნია. მაგრამ მშობლებს ეგ არ ანაღვებთ... რა ვქნა, დამგრუზესო. არადა ნაღდად ასე იქნებოდა დარწმუნებული ვარ.
ისე საინტერესო რამაა. თუ კაცი არ ქორწინდება ეჩიჩინებიან. "ოო, გეყო ახლა გულავი, ხო ხედავ შენებს შვილიშვილი უნდათ, რა გახდა მართლა ერთი კაი გოგო" და ასე ამგვარად სხვადასხა ინტერპრეტაციით. ვითომ "კარგი გოგო" სადმე "იდოს" დახლზე და მისვლა და აღება აკლდეს, მერე დადებ სახლში და ეგაა :)
ჩემთან ეგ საქმე ასე თუ ისე მოვაგვარე. პირდაპირ მეორე საკითხზე გადავედი. შვილიშვილს მოგოყვანთ, მაგრამ ცოლი არ მინდა ჯერ მეთქი. დადუმდნენ... ჩემი მეგობარი კი ჯერ კიდე ფიქრობს სად დავიმალოო...
მამაკაცი თუ უცოლოა გამუდმებით უჩიჩუნებენ. არიქა ცოლიო. ქალი თუ გასათხოვია. უფრო სწორედ გაუთხოვარი ( ეგ უფრო კაი ტერმინია ამ შემთხვევაში) ნ რას იზამ, სად იყურებიან ეს ბიჭები. მარა არაფერია,"ობლის კვერი ცხაო,გვიან გამოცხვაო". როგორც წესი ასე უნუგეშებენ გულს. კაცო ეგ კვერი მარტო ქალებისაა? ეგებ კაცებისაც ცხვება ჯერ და რო იქნება დრო ქე დაინახავთო? არ ცხრებოდა ჩემი დაჩაგრული ძმაკაცი. რას იზამ ეგრეაა.
ხინკალი დავაგემოვნეთ, ლუდიც დავაყოლეთ. მერე სიგარეტის ბომა თვალები აგვიწვა. გარეთ გამოვედით, სხვა ბარს ვესტუმრეთ და შავ ყავაასთან ბურბონის წრუპვით ვაღიარეთ რომ ცხოვრება მშვენიერი იყო.კაბადოკიაში მოსალოდნელი ვიზიტი დავგეგმეთ. მერე ერთი ორი ტკბილი სმს მოკითხვებით და დავიშალეთ, სმსსებს გავყევით.
ნუ რა ვიცი?! შვებულების დასაწყისს არაუშავდა.
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...