Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე
ის ალბათ მე-7 კლასში იყო როცა პატარა წიგნის მაგვარი ბროშურა შევუკარით სტამბაში და ძალზედ მოკრძალებული ტირაჟით დავბეჭდეთ. ამ ბიჭის ნიჭით მოხიბლულები გვიხაროდა რომ ის ჩვენს გვერდით იყო და ღაღაცით დახმარება შეგვეძლო. თუმცა კარგა ხანია დაფრთიანდა და თავისი სიმაღლეების დასაპყრობათ სულ ზემოთ მიიწევს, მაინც რატომღაც ის მორიდებული,მომღიმარი ბიჭუნა მახსენდება რომლის პირველ მოკრძალებულ წიგნს მოკრძალებული ნახატები დავურთე. დღეს ინეტში მის ლექსებს წავაწყდი და მოგონებები გამიღვივდა...

ფესტოსის დისკო

A

აჰა, აღსრულდა –
ჩემი კბილიდან თქვენს კბილებზე ენის თოკით ბრმა სიტყვები მოირწევიან,
ხვალ შუბის ტარზე მზის წასმისას,
ფილტვის ხრამები სუნთქვით გასცემენ მათ საშინელ, დიდებულ სიკვდილს.
შეისხით ფრთები ამბის სმენად,
ვისაც ფრთები გაქვთ
და ნუ გაშინებთ, რომ მზე თითქმის საღამოვდება.
გატეხეთ ღამე –
გამოიღეთ მთვარის ქილა
და გატეხეთ ქილა – მოისვარეთ თეთრი მურაბით,
რომ სიზმრები კანზე გასხდნენ ჭიანჭველებად
და აღარასდროს გაახსენდეთ ფერადი სახლი.
ანუ იფხიზლეთ,
ანუ ფრთები შეისხით სმენად –
ენის თოკზე ბრმა სიტყვები ხმას აცეცებენ
და უფსკრულების შესაჭმელად ემზადებიან.

B

სანამ ისმენდეთ, იგალობეთ ფესტოსის დისკოს ორი მცირე საგალობელი
ია-ჭაბუკნო,
დაფარული ტაძრის ამბავი მოგვითხრეთ,
დედათქვენის საშვილოს ამბავი,
რადგან დედათქვენი მუცლითმეზღაპრეა
და როცა დაიბადეთ,
პირიდან ოქროს წყალი წაგცდათ
და მერე იტირეთ.
ქვეყნის სიმაღლისანო,
სიცოცხლის ძალნო,
მარადმავალნო ანგელოზნო,
მოდით ხელახლა ააშენეთ თქვენი ქალაქი,
ოჯახის ფუძის განწმენდელნო
და შენ დედაო,
მოდგმის ნანინავ,
რომელმაც შობე ხუთი ვაჟი
და თმების ნაცვლად მუზარადი გამოაყოლე,
და ძვლების ნაცვლად ხმლების კონა გამოაყოლე
და ქარქაში გარღვეული გამოაყოლე.
მრავლისმნახველო ნანაღმერთო,
ხანგრძელ ჰყავ შენივ ტაძარი,
ნუ დაამადლი კანდელში ზღაპრებს
და სარკმელი შენივ ვაჟებისთვის
ღია დატოვე.
დაიფარე ჩვენი მიწა,
ჩვენო მჭედელო,
ჩვენო მჭედელო
აადუღე ახალი წყალი.

C

რიუოკვანის უღრან სახლში ისე ბნელოდა,
რომ შემეშინდა და უმალვე დავხუჭე თვალი _
გამოვიქეცი იმ საშინელ, უთქმელ ჩეროდან,
ხახვის ნაფცქვენი დაგიყრიათ და არ ვიწვალე.
თუმცა ამინდი არ მინდობდა - ერთხელ, როცა შემეჭიდა,
ქარი გამომდო, დავეცი, ჩვილმა ქვებმა ხერხემალი გადაიტყავეს
და მუხლზე, როგორც ნანიშნევი, სისხლი დამაჩნდა.
თუმცა სტომაქიც არ მინდობდა და ყველა სიტყვა
თქვენთვის აბგაში შენახული, გზაზე შევჭამე,
მერე ხახვის ნაფცქვენებიც მივაყოლე და
ნიშნავს, რომ გზებიც უნებლიედ შემომეჭამა.

რადგან მამა ვარ,
სხვა რა შარაა,
ისევ ხორცი უნდა მოვიქნა:

-არაფერია მზეზე მეტი
და მზეზე ცოტა,
შეისხით ფრთები
და მიწაში ფრთები გაიდგით.

ძლისპირი ზღაპრით და უზღაპროდ\


                             მე თვალით ქორი,

კბილით ბროლი,
ბაგით ცეცხლი,
ტანით სარო,
მუხლით მგელი
ანუ
მუცლითმეზღაპრე.
და სხვა ბევრი სიცრუეც ვთქვი –
კალოსავით გავლეწე მტერი
და აბჯრის ძნები მხარზე გავიდე..
მტვერი არაა იმის მეტი
რაც ქარს შემორჩა,
მტრის სხვა მტვერი ბზედ მოვხვეტე,
თხებს დავუყარე –
ცად კი მზე მოკვდა,
მზე იხრწნება
და 
ღრუბლის იაფ სუდარიდან ელვად მოჟონავს,
მკვდარი მზის სუნი ცის ციცაბო კედელს ჩამოყვა.
განრისხდა ღმერთი და ჩამომძახა –
კაცი ხარ და პირსა მიქცევ,
კაცი ხარ და ფეხმძიმე,
აიღე დანა და გაიპე მუცელი.
გავიპე მუცელი
ანუ
მე თვალით ბატი,
კბილით ჩვილი,
ბაგით ნაცარი,
ტანით ვაზი,
მუხლით ბოცვერი.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]