როდესაც რაღაცის თქმა მინდა ხოლემე და გვერდით არ მყავხარ თითოეული სიტყვა მეწვის და მიდუღს. ხო, ძნელია როცა შენს მესაიუმლეს გინდა გაუზიარო ის რასაც ფიქრობ მაგრამ ის არ არის შენს გვერდით და პირზე მომდგარ სიტყვას ბაგით აკავებ. იმიტომ რომ სხვა ვერ გაგიგებს, შეიძლება გაგიგოს მაგრა, ისე ვერა როგორც ის, ანუ როგორც შენ. საოცარი გრძნობაა როცა მხოლოდ მას გინდა გაუმხილო, გაუზიარო, გაუნაწილო ყველაფერი რაც აქამდე დუმდა და მარტო შენს თავში - გასროლილი ტყვიასავით რეკაშოტივით გიბრუნდებოდა უკან. თითქოს თოთო ბავშვი გყავდეს ხელში და მას. მხოლოდ მას ანდობდე.
დღეს მინდოდა მესაუბრა შენთან. მაგრამ ირგვლივ ისეთი ხორხოცი იყო რომ ვერ შევძელი. რომც მომეხერხებია აზრიც არ ექნებოდა. ყავის, თამბაქოს, პიცის სურნელით გაჟენთილი ჰაერი და ვიწრო სკამებზე მოკუჭული მეგობრები.წამით ვიფიქრე ნეტავ სადმე, შორს, ზღვის პირას ვიყოთ მეთქი. პატარა მაგიდა და ორი სკამი. ცოტაოდენი ღვინო და ჩვენ ორნი. ჩვენ და მხოლოდ დიდი უსასრულოდ ლამაზი ზღვა. მაგრამ ამ დროს ოფიციანტმა ბურბონის მორიგი პორცია მოიტანა და ზღვაც გაქრა… შენ იღიმოდი. მეგობრების ხუმრობებზე გეცინებოდა. მერე როცა ჩემს მზერას აწყდებოდი შეჭმუხნული წარბებით მეკითხებოდი რა იყოვო… მეც ვერაფერს მოფიქრებას ვერ ვასწრებდი უცებ და მორიგ უკბილო ხუმრობას ან კომპლიმენტს გესვროდი… თან ჩემს თავზე შენს მაგიერ ვბრაზდებოდი “ ყოჩაღ, რა ორიგინალური ხარ?!”. არადა მინდოდა მეთქვა რომ ახალი წლის დილასავით ლამაზი იყავი, საოცრად ლამაზი. მაგრამ ეგ ბურბონი და უპენკო ყავა…
იქ კი ზღვის პირას, ხელს გამოგიწვდიდი, გამოგიწვევდი და ნაით კონგ კოლის ხავერდოვან სიმღერაზე ვიცეკვებდით. მთვარის შუქზე შენი პაწაწინა საყურე უფრო იციმციმებდა. შენი გაბრაზებული მზერა კი იმდენად არ შემაკრთობდა და არ შემბოჭავდა. მერე ჩუმად გეტყოდი რომ ეს საღამო მარტო შენით არის მშვენიერი და თუ ოდნავ მაინც გაიღიმებდი ამით მხოლოდ მეტ სინათლეს და ვერცხლის სიცილს შემატებდი მას… ხო აი ასე.. შენ ხო ყველაზე მეტად გიხდება ღიმილი… ძლაიან მინდა რომ ამ ღიმილის მიზეზი და ადრესატი მე ვიყო ყოველთვის… ეგოისტი ვარ? ვიყო მერე… ეს ხომ ჩემი ზღვისპირეთია… ბატონო?! ა რაიმეს ხომ არ ვინებებდი? კარგი გეთაყვა კიდევ ერთი წვენი დამიმატეთდა ოცნება მაცადეთ. ოხ ეს ოფიციანტები. კიდე შემოგვემატნენ მეგობრები.. და ხმაურიც მათთან ერთად. აფუსფუსდი, სახლში გაგვიანდება? დედა ინერვიულებს? ღმერთო ჩემო, ყველაზე საყვარელი და ღიმილის მოგვრელი არგუმენტი… მესმის.. მეც ვინერვიულებდი ასეთი ადამიანი რომ არ მყავდეს სახლში და აგვიანებდეს… მაგრამ იქნებ კიდე ყავა? ან ბეილისი? არა? ხო მართლა ის მაბავი იცი.. აი კიევში რომ ვიყავით და… და კიდევ ერთი გახუნებული, ყურით მოთრეული ამბავი იმისათვის რომ ცოტა ხნით კიდევ იჯდე გვერდით… ზღვისპირეთში კი მორიგი სიმღერა დაიწყო და შენი თმების სურნელებით ვტკბები…ჩემს მოგონილ ხუმობებზე გულიანად კისკისებ და ხელით მანიშნებ გაჩერდიო… ხო, მართლა გიხდება ღიმილი… ბატონო? ბარი იხურება? ეს დრო არის უკვე? კარგი გეთაყვა. ხო ხო შენ მომკლავ რო დააგვიაო. მაგრამ ჯერ არ დაგიგვიანია და მაქვს სიცოცხლის უფლება.. მაგრამ ახლა საღამოს მწარე მონაკვეთია. ჩემი ოცნება ტაქს უნდა გავაყოლო… კარგი რა გაეწყობა. ხო ხვალ გნახავ. გნახავ აბა რას ვიზამ. თუმცა ამ ღამის სიძმარშიც შენთან ვიქნები. თუმცა ვერ დამინახავ… ტაქსმა ჩემი ოცნება 4 ლარად წაიყვანა… ოფიციანტი კი მგონი ჩემს ზღვისპირეთზე გაშლილ სუფრასაც მიადგა ასალაგებლად
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!