Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მე ვარ ლილის მამა

მე ვარ ლილის მამა

არის რაღაც, რისთვისაც ვერ მოემზადები წინასწარ. ვერ გამოიყენებ მეგობრის გაკეთებულ კონსპექტს, ვერც ინტერნეტიდან ამობეჭდავ „ ხუთ საუკეთესო რჩევას“ და ვერც საგვარეულოს საიდუმლო რეცეპტს გამოიყენებ. ყველაფერი მოდის თავისით, ხდება თავისით. უჩვეულოდ, მაგრამ რას იზამ. ეს ის ამოცანაა, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაართვა თავი. იყო მამა

ლილის დაბადებამდე ვითომ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როგორ მომევლო, აღმეზარდა, მესაუბრა, ჭკუა მესწავლებინა და კიდე ათასი, გაშალაშინებული და სადღეგრძელოსავით დაზეპირებული შაბლონი მქონდა შემოწყობილი სხვენში. თუმცა ამ ზე-ცოდნისგან გადავსებულ და წარმოსახვაში დადგმულ სცენას აღმოჩნდა რომ აკლდა მთავარი მამოძრავებელი ძალა და მთავარი როლის შემსრულებელი - თავად ლილი. თეორიებში გართულს სულ გამომრჩა რომ ეს პროცესი ორმხრივია და მასში უდიდეს როლს თავად შვილი ასრულებს. ვერ იმუშავებს ვერანაირი შაბლონი, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდია და ერთადერთი. ხოდა, მეც ჩემს ერთადერთ ლილისთან სავსებით ინდივიდუალურ კურსს გავდივარ - სახელწოდებით - შენ ხარ ჩემი მამა

ხო, შვილი ყველაზე კარგი მასწავლებელია იმისა თუ როგორი მამა უნდა იყო. როგორ უნდა მოექცე, როგორ ესაუბრო, როგორ გადაანაწილო დრო, სივრცე, სამყარო, კოსმოსი ისე რომ იმ მზე, რომელსაც შენი შვილი ჰქვია, სწორედ იქ იყოს, სადაც მისი, მზის ადგილია.


ვინც ადრე მიცნობდა იცის რომ საკმაოდ აქტიურად ვწერდი, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას სხვადასხვა თემაზე, ვაპროტესტებდი, მხარს ვუჭერდი, ვსვამდი ბევრ ყავას და დავდიოდი ველოთი. დღეს ჩემი სამყარო ერთი, კონკრეტული ადამიანის გარშემოა აკუმულირებული. ამიტომაც უპირატესი სწორედ ეს სამყარო გახდა, დანარჩენი კი გადანაწილდა კატეგორიაში „სხვა“. სოციალურ ქსელებშიც ძირითადად ჩვენი ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და სტატუსები ჭარბობს. ამიტომაც ბევრი მეუბნება „უი, რა კარგი მამა ხარ“. თუმცა სიმართლე გითხრათ ეს აქტივობა ჩემთვის სულაც არ არის მამობის სიკარგის რაიმენაირი განმსაზღვრელი. ზოგადად ძალიან მაშინებს ეგ ფრაზა - კარგი მამა. ბევრჯერ მიფიქრია, რაში გამოიხატება, რითი იზომება ეს . მე არც ისეთი დიდი სტაჟი და გამოცდილება მაქვს. თუმცა მგონი რომ ყველაზე კარგი „მთვლელი“ ეს ისევ და ისევ შენი შვილის თვალებია და სურვილი, რომ იყოს შენთან. ყველაზე კარგი მასწავლებელიც სწორედ შვილია. 


ლილი ძალიან ბევრ რამეს მასწავლის. ამიხსნა რომ ყვლაფერი, რისი კეთებაც უნდა მოვთხოვო მას, უნდა ვაკეთოდ ერთად. ვიხეხოთ კიჭები, ვალაგოთ საწოლი, ვათვალიეროთ წიგნები, ვარჩიოთ მულტფილმები, მერე მოვყვეთ რაც ვნახეთ და რაც არ ვნახეთ.  ვითამაშოთ ცომით, გავაკეთოთ პლასმასის ბურთებიდან ნაყინი, წავართვათ დედას და დადას ბალიშები, და კიდევ ბევრი რაღაც-რაღაცეები. ოღონდ ერთად. 


ლილიმ ასევე მასწავლა თუ როგორ უნდა დავსძლიო ცდუნება და  საღამოს, სამსახურის ქაოსიდან მოსულმა სოც ქსელში, ან თამაშში არ ჩავეფლო თავიან ფეხებიანად დიადი განტვირთვის სახელით. მერე რა რომ ჩემშიც წუწუნებს ხოლმე პატარა დათო და ითხოვს ამდენი წლის მანძილზე მისთვის ჩვეულ კომფორტს და ყურადღებას, "თამაშის დროს". მამიკუნა, რაშობი?! ბაქის თამაშობ ?! - და აი იქ მთავრდება პატარა დათოს წუწუნიც. უნდა ვაღიარო ეს “პატარა დათოს” და მამის ჭიდილი ჩემში ხშირად ძალიან ძლენი და ამავდროულად სასაცილო რამ არის. როცა შენს თავს ეკამათები, ებუტები და მერე უხსნი რომ ახლა ამის დრო არ არის. აი, დაიძინებს ლილი და მერე.  


მანამდე კი ყველაფერს რასაც აკეთებდა დათო, ახლა აკეთებს მამა. მამა ჭამს, მამა ხატავს, მამა თამაშობს, მამა მიდის სამსახურში და მამა მოდის. თითქმის ისევ ისე, თუმცა სხვაგვარად, სხვა შინაარსით. 


ლილი სწავლობს სამყაროს, მე კი ლილისგან ვსაწვლობ იმას თუ როგორ უნდა დავანახო ეს ყველაფერი.  წინ მრავალუცნობიანი განტოლება მაქვს და დიდი იმედი, რომ ჩემს მამად ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარება ჩემი პატარა მასწავლებელი. ისევე, როგორც ქმრად ყოფნაში მეხმარება ელენე. 

მე არ ვიცი როგორი მამა ვარ, ან როგორი ვიქნები. მაგრამ ვიცი როგორი მამა არ მინდა ვიყო. აი ეს კი ძალიან კარგი ორიენტირია სამომავლოდ. 




ხო, მთავარი - ძალიან, ძალიან ხშირად უთხარით რომ უზომოდ ყიყვართ. მერე, როცა თავად გეტყვის "მამიკუნა, მიკვარხარს" მიხვდებით რომ ცხოვრებაში შეუძლებელსაც შეძლებთ. 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]