Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სმარტფონებამდეც ვიყავით ხაზზე, ოღონდ სულ სხვა ტალღაზე

სმარტფონებამდეც ვიყავით ხაზზე, ოღონდ სულ სხვა ტალღაზე


ჰმ, წითელი ფერის აპარატი მქონდა მე. გრძელი, მჭექარე ზარით. მისი ხმის გაგონებაზე მთელი ოჯახი სმენად იქცეოდა ხოლმე. ვინ რეკავს, ვის ურეკავენ. საქალაქთაშორისო გაბმული ზარი კი ცალკე თავსატეხი იყო, საიდან რეკავენ. რამდენჯერ დავუტოვებივარ მშობლებს სახლში "მნიშვნელოვანი ზარის მოლოდინში". ან საკუთარი ნებით გამოვმჯდარვარ ოთახში, როცა მეგობრისგან ან შეყვარებულისგან ველოდი ზარს. ამ ბოლო შემთხვევაში ტელეფონი ძალიან მალე უნდა აგეღო, პირველ წკრიალამდე, შემდეგ შინაურების უხერხული კითხვებისთვის რომ დაგეღწია თავი. თუმცა მაინც არ გამოდიოდა ბოლომდე. მაინც იწვებოდი. ტყულად ხომ არ იდგებოდი ყურმილით ხელში, თან ყურებამდე გაღიმებული. ესეიგი ვიღაცას ესაუბრები, თან ასეთი სახით... ჰმ...

კავშირი სხვა ქალაქებთან - უკავშირდებოდი ფოსტას, აძლევდი შეკვეთას, კარნახობდი ნომერს. ელოდებოდი გაბმულ ზარს, გაერთებდნენ აბონენტთან და ისეთი შეგრძნება გქონდა თითქოს საკავშირო დონეზე, პუბლიკის წინაშე გამოდიოდი.

მრგვალ ციფერბლატზე სასურველი ციფრების აკრეფისას ყურს რაღაცნაირად აამებდა დისკის უკუტრიალის ხმა. განსაკუთრებით მიყვარდა ციფრი 0, ყველაზე ბოლო იყო და შესაბამისად ყველაზე დიდხანს ტრიალებდა. თუმცა მისი მინუსიც ქონა. სწრაფად ნომრის აკრეფას ვერ მოახერხებდი. მის მიერ ნაკარნახევ ტემპში უნდა ჩამჯდარიყავიღილაკებიანი ტელეფონიც შევიძინეთ მერე. მაგრამ ეს მაინც სულ სხვა რამ იყო

ტელეფონის გვერდით ყოველთვის იდო ტელეფონის ნომრების წიგნი და ტელეფონის ბლოკნოტი. წიგნში ლექსივით იყო ჩამოწიკწიკებული ალფავიტის მიხედვით დალაგებული გვარები, მისამართები და ტელეფონის ნომრები. სხვათა შორის ამ წიგნის მიხედვით გვარების მიხედვით მოგვარეთა სიმრავლესაც კი ვატოლებდით ხოლმე. ტელეფონის ბლოკნოტში კი უკვე შენი ხელით ჩაწერილი სანათესაოს, სამეზობლოს, სამეგობროს და საჭირო ხალხის ნომრები იყო დახარისხებული. ამიტომ ეს უკანასკნელი უფრო მოთხოვნადი. შესაბამისად უფრო გაცვეთილიც იყო

გარდა ჩვეულებრივი, სტანდარტული კომუნიკაციის ფუნქციისა, ქონდა კიდევ ერთი დანიშნულება. რასაც ონავარი ბავშვები დიდი სიამოვნებით ვიყენებდით მაშინ, როცა უფროსები შორიახლოს არ იყვნენ. უცხო ტელეფონის ნოერზე დარეკვა, ხმის შეძლებისდაგვარად შეცვლა და შაყირი. აკრეფდი ნებისმიერ ნომერს, რომელიც თავში მოგივიდოდა და მერე შენს საზრიანობაზე იყო დამოკიდებული თუ როგორ წავიდოდა დიალოგი. ხან სახანძრო იყავი, ხან მილიცია, ხან ექიმი და ხანაც ნათესავი საზღვარგარეთიდან. თუმცა აქვე უნდა ვაღიარო. თითქმის 70% ასეთი ხუმრობებისა მხოლოდ ჩვენთვის იყო სახარხარო. ერთხელ მართლა სახანძროს შიდა ნომერი აგვიკრიფავს და ყურიც აგვენთო.
იყო შემთხვევა როცა ქარის შემდეგ  სატელეფონო  ხაზები გადაებმებოდა ერთმანეთს და აი მაშინ იქმნებოდა პირველი, იმპროვიზირებული ჯგუფური ჩატი, სადაც შემთხვევითი აბონენტები ერთმანეთის დიალოგში უნებლიედ ერთვებოდნენ და ეჰ... იქ იყო გარჩებევი, გაცნობები, "დაკიდეთ ყურმილები" და მთელი ამბები.

სად იყო მაშინ ინტერნეტი, სმარტფონები თავისი ეკრანებით, პროგრამებით, სოციალური ქსელებით და გაციფრულებული ურთიერთობებით. იყო ერთი, წკრიალა, ხმამაღალი და საერთო ტელეფონი, რომელიც ოჯახის ყველა წევრს თანაბრად ეკუთვნოდა და რომელიც არ გვპარავდა რეალურ ურთიერთობას. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც ვრჩებოდით ხაზზე და ვიყავით კავშირზე.

დღესაც ცოცხალია "ხაზის ტელეფონი" თუმცა მისი ზარის გაგონებაზე ძველებურად არ გავრბივართ ყურმილის ასაღებად. ოჯახში ყველამ ვიცით თუ ვის შეიძლება დაურეკონ ასეთ ტელეფონზე :)



No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]