Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მტირალა #2 გაქცევა ქალაქიდან

მტირალა #2 გაქცევა ქალაქიდან

როცა ქალაქი დუღს, როცა ჰაერში მტვრისა და "სვეცკობის" ნაზავი უკვე აუტანელი ხდება. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ - " აფერი ხეირი არაა თქვენგან, წავედი აქედან"-ო და უნდა წახვიდე კიდეც


ქალაქიდან გასვლის სურვილი თითქმის კვირაზე მეტ ხანს მიტრიალებდა თავში. ხან საქმე, ხანაც სამუშაო, ხან სტუმარი, ხანაც სიცხე და ასე დაუსრულებლად. მანამ, სანამ მეგობრის სატელეფონო ზარი და ამაოებით მობეზრების პიკი ერთმანეთს არ დაემთხვა. თავიდან გომის მთა გვქონდა სამიზნედ. მაგრამ შემდეგ ისევ მტირალა ვამჯობინეთ და ყოველგვარი კომისიის, საბჭოს და მაპის  გარეშე. შევიკრიბეთ და გავედით, უფრო სწორედ გავიქეცით ქალაქიდან.


მტირალას ეროვნულ ნაკრძალზე ადრეც მოვუყევი ჩემს მკითხველს. მოგზაურობა ქართულ სუბტროპიკებში მართლაც ცალკე მოსათხრობი თემაა. მაგრამ აღარ განვმეორდები. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ ( მტირალა ). მე დრეს უბრალოდ იმ შვებაზე მინდა მოგითხოთ, რასაც გადახურებული ქალაქის ჯუნგლებიდან ბუნებაში გაქცევა ჰქვია.


მთის მდინარის ცივი წყალი ალბათ საუკეთესო საშუალებაა გახურებული სხეულის გასაგრილებლად. თუმცა რა ალბათ... ვისაც უგრძვნია დამეთანხმება - სამოთხეა.


მდინარის პირს ჩაყოლებული, ხავსმოდებული ხეების წყება სამხედრო კომუფლიაჟში გამოწყობილ კარისკაცებს მაგონებს. აქ ირგვლივ სიმწვანეა, სხვადასხვა სიხშირის და სხვადასხვა სიხასხასის მწვანე.




როგორც უკვე ვთქვი აქ თავისუფლად შეგიძლია იწამო და გაიზიარო შენი წინაპრების რწმენა წარმოდგენები ტყის სულების თაობაზე. რომ სადღაც იქ, ტყის მწვანედ შეფერილ ჩეროში ტყის მცველი - ოჩოკოჩია გარინდული. ხოდის ქვეშ კი ჭინკები შემალულან და ალიან შენს მცდარ ნაბიჯს. ჩხრიალა მდინარის ლოდის ქვეშ კი სუვ-ნანა ჩამალულა. უჰ. ამითამაშდა წარმოსახვა. ვინ იცის რა მოხდება როცა ჩვენს ბანაკს ღამის საფარი ჩამოაწვება. მანამდე კი დღეა და ვფუსფუსებთ.


ჩვენი ბანაკის შორიახლოს გაბმული ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე შეიძლებოდა გადასვლა. მაგრამ ეს მეორე დღისთვის შემოვინახე. დღე იწურებოდა, კარავი გასაშლელი, შეშა შესაგროვებელი და ნადიმი გასამზადებელი იყო.


ცოტა წინასიტყვაობასავით: არც მეტი და არც ნაკლები - ათი წლის წინ, თბილისიდან ბათუმში მომავალმა გუდვილში შევიარე. რაღაცეებით კარგად დავიხუნძლეთ და ამის გამო ძღვნად ფასდაკლებაში მოყოლილი კარავი შეგვაჩეჩეს. წამოვიღე და მას შემდეგ საკუჭნაოს კუთხეში ელოდა თავის ჯერს. ხოდა ახდა ოცნება. ჩემი "შ.პ.ს კარავი" გამოვამზეურე და გავშალე. იმდენად სასაცილო და ცქნაფა გამოდგა რომ ქოხიც კი დავარქვით. აი ისაა, ფოტოზე - ყველაზე პატარა. მოკლედ ასეა თუ ისე - კარავია და იმ რამით ღამეც კი გავათიე მასში.


ბინდი მალე ჩამოწვა. სიგრილე იმდენად საამო იყო რომ ბედნიერი სახეებით ვაკეთებდით გადანაწილებულ საქმეს. კოცონი მალე აგიზგიზდა. მწვადი აშიშხინდა, კიტრისა და პომიდვრის სალათას ხახვი ჩაეჭრა, მდინარეში ჩაციებულ ღვინოს ბოცას თავი მოვხადეთ. ჯერ კიდევ თბილი ლავაში გავტეხეთ და საღამოც დაიქოქა. 


შეწიწკინებულ მწვადს წითელი ღვინოც მოყვა, ღვინოს სადრეგრძელო, სადღეგრძელოს ისტორიები და ასე გავიკვლიეთ გზა წარსულსა და აწმყოში. გრძედზე და განედზე. სახალისო ისტორიები ერთი მეორეს აება, აჰყვა და სიცილ ხარხარში კარგა გვარიანადაც დაგვაღამდა.


ზომიერად შეზარხოშებულებს ცეცხლზე შემწვარმა სიმინდმაც მოგვისწრო. კი, არაჩვეულებრივი რამაა ცეცხზე შებრაწული სიმინდი. მის სურნელს ეტყობა ვერც ელიამ გაუძლო და წვიმა გვაპკურა. სახელდახელოდ გადაჭიმული "ტენტის" ქვეშ გაგრძელებულ ქეიფს წვიმამ უფრო მეტი სიმყუდროვე შესძინა. თუმცა ეგეც ცოტა ხნით. ელიამ დაგვინდო და ჩამქრალი კოცონი თავიდან ავაგიზგიზეთ.


კოცონთან მაინც სულ სხვა განზომილებაში იწყებს წიაღსვლებს ადამიანის ფიქრი. მითუმეტეს როცა გარშემო უღრანი ტყეა და ხოლო ცივილიზაციასთან ერთად-ერთი კონტაქტის მაუწყებელი დროდადრო მოწრიპინე მობილური ტელეფონია.

მოგიზგიზე ნაკვერჩხლების შემხედვარე ვიხსენებდით ძველ ლეგენდებს. ვალაგებდით ვერსიებს იმის შესახებ თუ რა და როგორ იქნებოდა შესაძლებელი. ცოტა მითოლოგია, ცოტა ეთნოგრაფია, ცოტაც ისტორია და ძილის წინ ფანტაზიის გასაღვივებლად საკმარისზე მეტი საზრდო დაგვიგროვდა. 

თუმცა დაღლამ თავისი ქნა და მალე ჩვე-ჩვენს კარვებში გავბობღდით. მართალია ღამით რაღაცეების და ვიღაცეების კარავთან ბოდიალის ფაქტს ქონდა ადგილი. მაგრამ ისე ვიყავით დაღლილები რომელიმე ნადირს ან სულაც ოჩოკოჩს პროტესტიც რომ გამოეხატა ჩვენი იქ ყოფნის გამო - სულაც არ  ვიყავით კარვიდან გარეთ გამომსვლელი.

მალე კოცონიც ჩაქრა და ვარსკვლავებით მოკირწლული ცა გამოჩბდა. ის ცა, რომელიც ხშირად არც კი ჩანს ხელოვნური ნათებით გადაკაშკაშებულ ქალაქში


მიუხედავად იმისა რომ დაღლილებს ძილი გვჭირდებოდა. დილით, მზის ამოსვლამდე უკვე გვეღვიძა. ცოტა ხანი ვიწექი და კარვის კარებს მიღმა ვუმზერდი დანამულ ბალახს. გრილოდა, არ წვიმდა და მეც გამოვბობღდი, საუკუნეა ასე ადრე არ ავმდგარვარ.


ფოტო აპარატი ავიღე და სახეტიალოდ გავეშურე. ირგვლივ მწვანით მოსილი ტყე იყო. კაკლის, თხემლის, აკაციის, თხილის და წაბლის ხეები ერთ დიდ, სქელ საფარს ქმნიდნენ. რომლის მიღმა შეჭვრეტა ყოველთვის მხიბლავდა. არც ეს დილა იყო გამონაკლისი და აი, ჩემი ცნობისმოყვარეობა დასაჩუქრდა კიდეც.


ჩვენი ბანაკიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, მთის ფერდობზე შეჭრილი ნაგებობა დავინახე. ქვით ნაშენი მართკუთხა შენობა აშკარად ათეულ წლებზე მეტი ხანის ნაგები უნდა ყოფილიყო. უზარმაზარი კედლების შიგნით, ოთახში ორი ბუხარი იყო ჩაშენებული, ერთი მცირე და მეორე შედარებით დიდი ზომის,


ნაგებობა მყარად იყო ნაგები, მაგრამ გაველურებულმა თხილის და კაკალის ფესვებმა მის კედლებს სათანადო ზიანი მიაყენა. თხილიც და კაკალიც ახალგაზრდა იყო. სავარაუდოდ აქაურობა 30-40 წლის წინად იყო მიტოვებული. საცხოვრებელს წინ ეზოს მაგვარი ადგული ქონდა მოსწორებული. შესაძლოა აქ ხის აივანი გამოდიოდა. რამდენიმე მეტრში კიდევ აღმოვაჩინეთ ნაგებობის ნაშთები.


საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა აქაური დასახლება წლების წინ. ადგილი, რომელიც საკმაოდ მყარად იყო ნაგები ჩვეულებრივი სახლისთვის და რომელიც ახლა ტყემ შთანთქა. სავარაუდოდ ასეთი ნაგებობების ნაშთები კიდევ ბლომად იქნება ამ ტერიტორიაზე. მაგრამ მათ მოსაძებნად ამ ჯერად არც ეკიპირება გვქონდა ( ამას იქით საკმაოდ სქელი ეკალბარდები და გაუვალი ტყე იწყებოდა). თანაც დრო იყო ბანაკს დავბრუნებოდით.


მსჯელობამ იმის თაობაზე თუ რა იყო და როგორ იყო უკვე ფინჯან ყავასთან ერთად გაგრძელდა. კიჰ, ყავა ხო საოცარი სასმელია. მაგრამ ბუნებაში, გასაშლელ სავარძელზე მოკლათებული, შენს წინ გადაშლილ ტყეს რომ შეჰყურებ და შორიახლოდან მდინარის ჩხრიალი გესმის. მაინც სულ სხვაა.



ზოგი ლიტერატურას ეზიარა და ისე ნება-ნება სვამდა ყავას.


ზოგიც მორიგი სათავგადასავლო მოგზაურობით იყო წინასწარ აჟიტირებული და უკვე მზად.


ზოგიც კი იმას ფიქრობდა - ახლა ამ ყველაფერს რა ჩაალაგებს უკანო,


ზოგმაც წიგნის არსის  უკედ  გასაცნობად სათანადო ხერხი მოიგონა.

ოკლედ, ყველა ისე ვერთობოდით როგორც შეგვეძლო. როცა მზემ ჩენამდეც მოაღწია მივხდით რომ დრო იყო ჩვენი ბარგი აგველაგებია და დასაბრუნებლად გავმზადებულიყავით. 
მტირალაა, აქ ტენიანობა ყოველთვის იმაზე მეტია ვიდრე სასურველია, ნებისმიერი, მცირე სირთულის სამუშაოს გაკეთების დროსაც კი წყლად იღვრები. ხოდა ეს ალაგების პროცესიც მაქსიმალურად დაჩქარებულ ტემპში მოვაგვარეთ.
დელიკაში შევეყარეთ და ისევ დახუთული ქალაქისკენ გამოვეშურეთ.
მოკლედ ასე, საჭირო და აუცილებელია ასეთი გაქცევები ქალაქიდან. ბუნებასთან სიახლოვე.
მაგრამ აუცილებლად უნდა დაიცვათ ის წესები, რომელიც ზოგადად პიკნიკის და კემპინგის დროსაა გასათვალისწინებელი. ელემენტარული უსაფრთხოება და რაღათქმაუნდა სისუფთავე. ჩვენც ჩვენი ნასუფრალი კეთილსინდისიერად მივიტანეთ ნაგვის ურნასთან.
ახლა კი ვზივარ ბათუმში, კომპიუტერთან, ვწერ ამ პოსტს და ვფიქრობ - რა კარგი იყო იქ, ტყეში, კოცონთან, სიგრილეში, ქალაქიდან შორს... ქალაქიდამ რომლიდანაც მალე ალბათ ისევ გავიქცევი

5 comments:

  1. ნამდვილად ულამზესია :) შარშან ვიყავი და ვისიამოვნე.... სასწაული ფოტოები გაქვს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, ულამაზესია. აი კოღოები რომ არა... :) თუმცა მაინც კარგია. გაიხარე ;)

      Delete
  2. ოროვე პოსტი წავიკითხე და რაცხა ნამეტნავად ამიჩუყდა გული...

    ReplyDelete
    Replies
    1. კი ხომ ?! მტირალას ზედა მხარე ისევ დასალაშქრია ;)

      Delete
    2. მერე რა გიშლის ხელს. სექტემბერში შქერის ბოლო ყვავილობაა...

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]