Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ქალაქი აივნების გარეშე

ქალაქი აივნების გარეშე
ვიხსენებ დროს, როცა ჩრდილოეთისთვის შექმნილ "ხრუშოვკებს" არც თუ ისე მრავლად შეხვდებოდით. სანამ პრინციპით, "რაც მეტი მით უკთესი" წამოყუდებული, ყოვლად უგემოვნობი სახლები სარეველა ბალახებივით არ მოედოებოდა ქალაქს. სადაც პატარა, კოხტა, სხვადასხვაგვარი და სხვადასხვასახის მქონე სახლები ქმნიდნენ ეზოებს, ეზოები კი ქმნიდნენ იმ ისტორიებს, რომლებსაც შემდეგ ხშირად უყვებოდნენ ბავშვებს. ბავშვები კი უკვე თავად სულ სხვა ისტორიებს თხზავდნენ. 

ეზო ცოცხლობდა,  მეგობრობდა, ეჯიბრებოდა, "ომობდა" სხვა ეზოებთან. აქ იყო სამკვდრო საციცოცხლო ომები "ჩვენიანებს და იმათ" შორის, აქ იყო დაუნდობელი გრძელი ვირო, წრეში ბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, უბრალო დაჭერობანა, პაროლობანა და ყველაფერი რაც კი შეიძლება მოიფიქროს ფანტაზიამ. აქ ყველა ბავშვმა იცოდა ბურთით ჩამტვრეული ფანჯრის ზომები. აქ დუშაშსა და შაშისეს შორის ირჩეოდა მსოფლიო პოლიტიკა. ქალაქის ბაზრის ნაცვლად მორიგი ქვის ასაღებად კარგად "მოზელილი" დომინოს ბაზარში დადიოდნენ. დაფის ბოლოში გასულ და დედოფლად ქცეულ პაიკს კი ერთნაირად შესციცინებდა ორივე მხარე. წაგებულს ცივი ლუდი მოჰქონდა, მოგებულს კი შებოლილი თევზი. ფეხბურთს გულშემატკივრები არ აკლდა და მაჩს ექსპერტი. ყველამ იცოდა როგორ არ უნდა ეთამაშა ჩვენებს. ეზო ხმაურობდა რადიოდან გადმოღვრილი მუსიკის ფონზე.

ეზოში მიმდინარე მოვლენებს კი გულდაგულ აკვირდებოდნენ აივნებიდან. ის იყო სახლის ისიტორიის სამზეური. აქ, ქოთნებში გამოტანილ ყვავილებთან ერთად ყვაოდა ახალი ამბავი, ჭორი და მართალიც. მოხალული ყავის მარცვლებივით ირჩეოდა და იფრქვეოდა ისტორიები. ახალიც და ძველიც, ნანახიც და გაგონილიც, შეთხზულიც და იქვე დაბადებულიც. სარეცხის თოკების მსგავსად აივნიდან აივანთანაც ხშირად ებმებოდა გადაძახილი, ოდნავ ჩაჟანგული გორგოლაჭის ჭრიალთან ერთად ისმოდა მოკითხვები და გადმოპატიჟებები. ცდილობდა აივანი მოვლილ მოწესრიგებული ქონოდა. რადგან მასზედ მოწყობილი გასამზეურებელ - გასაშრობ - გასანიავებელი "გამოფენით" ხშირად ფასდებოდა ოჯახის დოვლათი. მტრისთვის თვალის დასაფსები და მოყვრის გასახარი ექსპოზიცია დროდადრო იცვლებოდა.  ის სცენა იყო, სახლის ბინადრები კი მსახიობები. რამდენი დრამა და კომედია გათამაშებულა აქ. და რომანტიკა?! სატრფოს აივანთან გამოსატყუებლად  ნამღერი სერენადისთვის რამდენჯერ დაუთმია ეზოს საკუთარი ფართი ხშირად უნიჭო, მაგრამ ძალიან შეყვარებული რომანტიკოსებისთვის... და თუ ის გამოვიდოდა კიდევ ერთ ისტორიას დაედებოდა სათავე. ისტორიას, რომელსაც მეორე დღესვე მზესუმზირასავით გაფრცქვნიდნენ მეზობელ აივნებზე მზეს მიფიცხებული ბინადრები. აივანი ცოცხლობდა და ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით.


მანამ, სანამ ეზო ავტომობილებმა არ ამოავსეს, ჭვარტლის ჭვარტლისა და მტვერის გამო კი ღია აივნები აგურით არ ამოყორეს და არ ამოქოლეს. სახლებმა კი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად სულ ზემოთ და ზემოთ დაიწყეს სახურავების ქაჩვა. ძაფები ჩაწყდა. აივნების დარად ამოიქოლა ურთიერთობაც. გადასხვაფერდა. გარდაიქმნა. შეიცვალა.


ფუტკრის სკასავით გაზიფინებულ ქალაქში ყველა სეზონი ერთმანეთს გავს. თითქოსდა აივნებიც არის, ეზოც არის - თუმცა მათი არსებობა უბრალო ფიქციაა. უსიცოცხლო კვადრატული მეტრები. ქალაქი გაქრა, გაჩნდა სითი

ქალაქის არქიტექტურა მეტ წილად განაპირობებს მასში მცხოვრები ადამიანების ქცევის, ურთიერთობის მანერას. როგორც წესი ქალაქის მშენებლობის სახეც და ფორმაც მისი რელიეფური მდებარეობის, ზონალური განლაგების და იმის მიხედვით იქმნება თუ რომელ სარტყელშია განლაგებული. ეს წესი მეტწილად მოქმედებს მაშინ, როცა იციან რას, როგორ და რატომ აშენებენ. ამიტომაც მოგვწონს ასე ძალიან ხმელთაშუაზღვის პირა ქალაქების მსუბუქი, მრავალფეროვანი, არქიტექტურა. აივნებიანი, ღია მანსარდებიანი, ვიწრო ქუჩებიანი ქალაქები. ზოგსაც უფრო ჩრდილოეთური, მკაცრი ექსტერიერით გაფორმებული, დიდფანჯრებიანი, სქელკედლებიანი სახლები. ფაქტი ერთია სახლი პასუხობს გარემოს მოთხოვნებს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო. დღეს კი რაღაც ახალი იბადება... რაც ძალიან არ გავს ბათუმს



 ზღვისპირა ქალქაი, რომელსაც ასე უხდება აივნები, ეზოები, ურთიერთობა, სიყვარული და სიცოცხლე.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]