Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Cefe Racer ლეგენდა "როკ ენ როლზე"

Cefe Racer ლეგენდა "როკ ენ როლზე"
ბრიოლინით გადავარცხნილი თმა.  ტყავის მოკლე ქურთუკი და შენი საყვარელი, გაქექილი ლურჯი ჯინსი. მაგიდასთან ნება-ნება მიირთმევ გაზიან წყალს და ბარის კარის ჭრიალზე დროდადრო გაიხედავ შემოსასვლელისკენ. იქნებ ვინმე შემოვიდა ისეთი, ვისთანაც სანაძლეოს დადება ღირდეს. საღამოა, კაფე სავსეა ხალხით. მაგრამ ძირითადად ჯერ სატვირთო მანქანების მძღოლები ჭარბობენ. მათთან არ ღირს. მათთან უინტერესოა. ისევ უბრუნდები შენს გაზიან წყალს. კარის ხმა გესმის. ბრუნდები. მზერას კაფეში შემოსულ ორ ტყავისქურთუკიანზე აჩერებ. ისინიც შენ გიყურებენ. გრძნობ მათ ჟინს. სისხლი ერთი გაქვთ. გიახლოვდებიან. გვერდით გისხდებიან და გიცქერენ.

- ჰა. გარისკავ?
- რატომაც არა?!
- ერთი სიმღერა... იქედ და აქედ
- მოსულა
- გავედით

დგები. მუსიკალურ ავტომატთან მიდიხარ. გაქექილი ჯინსის ჯიბიდან მონეტას იღებ და ავტომატის ჭრილში აგდებ. ავტომატის მექანიზმი ინთება. ტაბლოზე სასურველ სიმღერას ირჩევ. სანამ თითს დააჭერ უკან იხედები. შენი მეტოქე განიშნებს რომ მზადაა. ავტომატზე ამორჩეული სიმღერის ღილაკს თითს აჭერ, კაფე როკენროლის რითმებით ივსება და ორთავე  გაბიხართ... ქუჩაში სადაც შენი კაფე რეისერი გელოდება.


Cafe-Racer

ეს არარის მხოლოდ მოდელი ან მიმართულება. ეს ყველაზე ძველი სუბკულტურაა რაც კი მოტოს ისტორიას ახსოვს. ის არ გულისხმობს მხოლოდ მოტოს სახეობას და არც ადამიანის გატაცებას. ის ამ ორი ელემენტის ერთობლიობაა. კაფე რეისერი -მოტო და კაფე რეისერი მოტოციკლეტისტი.

ის გასული საუკუნის ორმოცდაათიანების დასასრულს ჩამოყალიბდა. როგორც ყველაფერი კარგი და ხარისხიანი ისიც ბრიტანეთში იშვა. თუმცა აბა სად თუ არა როკ ენ როლის წიაღში.


ეს ის პერიოდია, როცა როკ ენ როლი ყველა მეამბოხე ახალგაზრდის ძარღვებში საოცარი სისწრაფით მიდევნის სისხლს მჩქეფარე გულისკენ. თუ ამერიკელი თანატოლები ელვისის სმენისას თავიანთ სიგიჟეს და თავისუფლებისაკენ სწრაფვას ამერიკის თვალუწვდენელ ტრასებზე დიდი ავტომობილების ხედვნით იკმაყოფილებდნენ. ლონდონში სიგიჟის მუხტის დასაცლელად სწორედ მოტოს ირჩევდნენ. ეს გაცილებით იაფიც ჯდებოდა და ბრიტანელებისთვის ზედგამოჭრილი რამ იყო. თავისუფლების ქარი სახეში და როკენროლი ძარღვებში.


მათი ყველაზე საყვარელი ადგილი ლონდონის გარეუბანში მდგარი ბარი Ace-cafe იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ თავიანთი მოტოებით და ერთმანეთს სანაძლეოს უდებდნენ - ვინ უფრო სრაფად მივიდოდა ერთი ბარიდან მეორემდე და მობრუნდებოდა უკან. თან ეს ყველაფერი ერთი სიმღერის დამთავრებამდე უნდა მოესწროთ. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას რომ იმპულსური და მგრძნებარე როკ ენ როლი როგორც წესი სამ წუთიანი სიმღერებით კმაყოფილდებოდა... ეს მანძილი საოცრად სწრაფად უნდა დაეფარათ.



სწორედ სისწრაფე და ფრენის შეგრძნება იყო კაფე რეისერის მთავარი ნარკოტიკი. მაშინდელი მოტოების უმტესობას ძრავა უფრო მძლავრი ქონდა ვიდრე სამუხრუჭე სისტემა ან კიდე საბურავები. მაგრამ ეგ არავის უშლიდა ხელს. 



ეს ის დროა, როცა საბჭოეთი კოსმოს ლაშქრავს. ხალხი ატომურ ომზე საუბრობს და სადღაც მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებიან. შენ კი ახალგაზრდა ხარ.  სულ არ განაღვლებს არც ომი და არც პოლიტიკა. სიცოცხლე გიყვარს. როკ ენ როლი გიყვარს და გინდა  ის დრო რაც განგებამ გიბოძა ბოლომდე ამოწურო.. სწორედ ისე, როგორც შენ გინდა ბოლო წვეთამდე გამოწურო მთელი სისწრაფე რაც კი შენს მოტოს შეუძლია. გაზი ბოლომდე და შენი მოტო ტონას დადებს ცივ ასფალტზე. ტონა - ასე ეძახდნენ იმ დროს მოტოს მაქსიმალურ სიჩქარეს 160 კილომეტრს საათში. თუმცა ესეც ცოტაა შენთვის - შენ კაფე რეისერი ხარ.


შენი მოტოციკლეტი

კაფე რეისერი ჩვეულებრივი მოტოციკლეტი იყო. მას არ უშვებდნენ სპეციალურად კონკრეტული დანიშნულებისთვის. ან ძნელად გასავლელი გზებისთვის, ან კიდევ რბოლისთვის. ის სამოქალაქო ტრანსპორტის ერთ-ერთ სახეობად ითვლებოდა. მაგრამ როცა სისწრაფე გიხმობს, სკამსაც ასწავლი ფრენას



მის კონსტრუქციაში რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეჰქონდათ. საჭე სტანდარტულიდან განსხვავებით ძალიან დაბლა ჩადიოდა. დიდდებოდა და გრძელდებოდა საწვავის ავზი. სავარძელი ხშირშემთხვევაში მოკლდებოდა. რის გამოც მოტოზე მხოლოდ ერთი ადამიანი ეტეოდა. ფეხის სადგამი კი გაცილებით უკან იწევდა, რის გამოც მოტოციკლეტისტი თითქმის მულით წვებოდა მოტოციკლეტზე. 
დიახ, სწორედ კაფე რეისერია ყველა დღევანდელი სპორტული მოტოს ბაბუა
თავიდან მოდერნიზაცია ისევ და ისევ ევროპულმა და ამერიკულმა მოტოციკლეტებმა გაიარეს.  ძირითადად ნორტონზე და ტრიუმფზე ჩერდებოდა არჩევანი. თუმცა მალე იაპონელებიც შემოვიდნენ ბაზარზე.



თუმცა კაფე რეისერი დღემდე რჩება ყვლასთვის სასურველ მოტოდ. იმიტომ რომ ის ყველას აძევს საშუალებას გააკეთოს რაღაც, რაც მის ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს. არ არსებობს ორი ერთნაირი კაფერეისერი ისევე როგორც არა არსებობს ორი ერთნაირი მბრბოლელი. 

სუბკულტურა

ის მალე ჩამოყალიბდა სუბკულურად. მიუხედავად იმისა რომ მალე ხალხს შესაბამისი ფული გამოუჩნდა ავტომობილის შესაძენად. მოტოციკლი მაინც რჩებოდა თემად. მითუმეტეს როცა კაფე რეისერების მოძრაობა უკვე აღარ იყო მხოლოდ ლონდონის შემოგარენის მახასიათებელი შტრიხი. ის უმალ აიტაცა იტალიამ და გერმანიამ.. სულ მალე კი მთელმა ევროპამ.



თუმცა საზოგადოებრივი აზრი ანგარიშგასაწევი გახდა. ავაზაკების, მძარცველების და ყალთაბანდების სახელი საკმაოდ სწრაფად მიაკერეს. მითუმეტეს სადაც ჟღერდა სიტყვა  როკერი სიტუაცია თავისთავად იძაბებოდა. ამაზე კარგად იმუშავეს მედია საშუალებებმა. მაშინდელ პრესას სჭირდებოდა ანტიგმირი და ეს ანტიგმირის როლი ძალზედ კარგად მოარგეს როკერებს. სისწრაფის, როკენროლის და გრუხუნა მოტოციკლების მოყვარულებს. 



ფილმში არაერთ გმირს უთამაშია როკერის, თავზე ხელაღებყლის, უზეო, უტაქტო და ტყავისქურთუკიანი ავაზაკის როლი. აი ისეთის, დედიკოს ბიჭებს და წესიერ გოგონებს რომ ურევდნენ ცხოვრებას. 


მოდ-ები და როკერები, ორი რადიკალურად განსხვავებული სუბკულტურა

თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ სიმართლიდან არც ისე შორს იყვნენ ისინიც. "მოდ"ებსა და როკერებს შორის სისხლიანმა გარჩევებმა კი საბოლოოდ დაამკვიდრა ავაზაკისა და როკერის ერთობა ხალხში.


დრომაც თავისი ქნა. ეს მოძრაობა აღარ იყო ისეთი ძლიერი, ისიც დროს გაყვა როგორც როკ ენ როლი და გაიშალა, დაიშალა სხვა და სხვა მიმართულებით.  მოტოებს გაცილებით მძლავრი ძრავები და სხვადასხვა მახასიათებლები გაუჩნდა.  მაგრამ სუბკულტურა დღემდე ცოცხალია და მას მილიონობით თაყვანისმცემელი და მიმდევარი ყავს. 



კაფე რეისერი მაინც დარჩა მოტოს ეტალონად და სუბკულტურად, რომელსაც დღემდე ყავს თავისი ერთგული მიმდევარი. ის საკმაოდ გრაციოზულად ლავირებს თანამედროვეობასა და ისტორიას შორის. ის ამ ორ კომპონენტს ისე აერთიანებს როგორც თავის დროზე გააერთიანა მოტოციკლეტის და მხედრის თემა. 


და მაინც

ჯდები მოტოზე, ძრავა იქოქება. მარჯვენა მაჯის სუსტი მოძრაობა და მიყვები მოტოს. დაბლა დაწეულ საჭეს ჩაფრენილი გძნობ თუ როგორ მიყვება შენი რეისერის საბურავები ასფალტზე გავლებულ, მხოლოდ შენთვის ხილულ ხაზს. შენ, მოტოციკლი და როკ ენ როლი. ეს შენი დროა. შენ კაფე რეისერი ხარ. შენ ამ ყველაფრის სათავეებთან იდექი. შენი მოტოს ძრავი შენი პულსის, როკ ენ როლის ტაქტზე თუხთუხებს და შენთვის დღეს ძალზედ იოლია ამ შავ ასფალტზე ძველებურად დადო ტონა. 


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]