კარგი ავტორები სესხულობენ, უდიდესები - იპარავენ.
ოსკარ უაილდი.
ძალიან მცირეა იმ კინორეჟისორთა რიცხვი, რომლებიც ამ ფრთოსან ფრაზას საკუთარი
შემოქმედების მთავარ მიმართულებად სახავენ. ისე, როგორც ამას ჰოლივუდის ყველაზე ნიჭიერი
ქურდი - კვენტინ ტარანტინო აკეთებს. მან თავის დროზე აღიარა რომ იპარავდა და თუ თავის
პირველ ქმნილებებში ის ყოველნაირად ცდილობდა ამ ქურდობის კვალი წაეშალა. დღეს ის ამასაც
აღარაკეთებს - ყველამ იცის რომ ის ქურდია, მაგრამ ყველას მოსწონს ის თუ როგორ იპარავს
ტარანტინო. ის იმ ბიჭუკელას გავს, საყვარელი ფილმებიდან დაზუთხული ფრაზების ცხოვრებაში
გამოყენებას რომ ლამობს და ღამღამობით იმაზე ოცნებობს - ნეტა ეს ფილმები ჩემი გადაღებული
იყოსო.
ის თამაშობს თავისი საყვარელი გმირებით, აი ისე, როგორც
ბავშვები აკეთებენ ამას. აიღე გმირი, დარქვი მას მეორე გმირის სახელი - სულ სხვა ფილმიდან
და ათამაშე სცენა აბსოლუტურად განსხვავებული ფილმის და აბსოლუტურად განსხვავებული ტექსტით. ოღონდ ეს უნდა
გააკეთო კარგად, აი ისე - როგორც ტარანტინო თამაშობს.
ის, რაც არ ისწრაფვის აკადემიურობისკენ ხშირ შემთხვევაში
გამოიყურება როგორც ჭკვიანური და ელიტარული, ან მას სულაც ანდენგრაუდად ნათლავენ. ეს იმ
გატაცებას გავს - ვინილის იშვიათ ფირფიტებს რომ აგროვებენ ხოლმე, ტარანტინოც ასე აგროვებს
ფრაგმენტებს და შემდეგ საკუთარ მოზაიკას აწყობს.
რ ე ც ე პ ტ ი
აიღეთ კორსეზეს ფილმი, გადმოიყვანეთ ის აზიურ თარგზე,
დაწერეთ ის როგორც თეატრალური პიესა, დაარქვით გმირებს თქვენი საყვარელი გმირების სახელები
კრიმინალური კლასიკიდან. მოაყარეთ მას თქვენივე გადაღებული ფილმებიდან მაყურებლის მიერ
დამახსოვრებული და შეყვარებული „მარილი“ და მიიღებთ - "ცოფიან ძაღლებს"
ეს ის ფილმია, რომლის წყალობითაც ტარანტნო ინდი-კინოს ჟანრის ვარსკვლავად იქცა. თუმცა ეგეც მისებრ გადამღერებული, ჰონკონგელი რეჟისორის რინგო ლემის „ქალაქი ცეცხლში“
გახლავთ.
„მაკულატურა“ - ციტატების საკმაოდ დიდი რაოდენობა და
კლასიკად ქცეული -ადრენალინის გულში ჩხვლეტის სცენა - სკორსეზესეული „ამერიკელი ბიჭი“დანაა
ტარანტინოს გარკვეული ხნის შემდეგ მობეზრდა ციტატებით
საუბარი. მან დიალოგი, უფრო სწორედ კი მონოლოგი ისურვა თავის მაყურებელთან. „უსახელო
ნაბიჭვრებში“ ძირითადი დრო სწორედ მის მონოლოგებს უკავია, მართალია საინტერესო, მაგრამ
მას სავარაუდოდ ვერ დაიმახსოვრებენ როგორც ფრაზებსა და ციტატებს „მაკულატურიდან“.
ტარანტინო თამამად თამაშობს ჟანრებით, სცენებით, პერსონაჟებით
და ამ თამაშით ქმნის რაღაც ახალს, რაც უკვე მისია, მართალია მოპარული, მაგრამ მისი.
არის რამოდენიმე ჟანრი, რაც რეჟისორს ძალიან უყვარს.
სპაგეტი ვესტერნი - კლასიკური ვესტერნის უკანონო შვილად
აღიარებული ჟანრი. მამისაგან განსხვავებით ის გაცილებით იაფფასიანი, მყვირალა, დაუნდობელი,
მორალურად ორაზროვანი ქმნილებაა.
უსია და სამურაების კინო - ჩინური სათავგადასავლო ისტორიების და აღმოსავლური
ორთაბრძოლების ნაზავი. ეს ჟანრი ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაიბადა. თუმცა დანარჩენმა
მსოფლიომ ის მხოლოდ 1980 წელს აღმოაჩინა.
ექსპლოტეიშენ - „ბ“ კატეგორიის ფილმები, რომელთა უმეტესობა
პორნოგრაფიის წიაღში იშვა და ხშირ შემთხვევაში მასთან ძალზედ თხელი ზღვარი გადის.
ამას დაურთეთ მუსიკა, რომელიც მის ფიმლებში ესოდენ რუფუნებითაა შერჩეული და ძალზედ მომნუსხველ, შეუდარებელ ნაზავს მიიღებთ.
ამას დაურთეთ მუსიკა, რომელიც მის ფიმლებში ესოდენ რუფუნებითაა შერჩეული და ძალზედ მომნუსხველ, შეუდარებელ ნაზავს მიიღებთ.
ტარანტინო მაყურებელს ერთგვარ გამოცანასაც სთავაზობს.
გამოცანას, რომელის ამოხსნა ხშირ შემთხვევაში ნამდვილ კინომანს შეუძლია. მისი ხელწერით
გადაღებული სცენების პარალელურად მაყურებელს შეუძლია ამოიცნოს ციტატები, ფრაზები, ეპიზოდები
ძველი -სახელოვანი ფილმებიდან. ის ერთგვარ კინოს ისტორიის მოზაიკას ქმნის. მას არ სჭირდება
ახალი გმირების გამოგონება, მისი ყოველი პერსონაჟი უკვე ლეგენდის ნაწილია. ის ფრანკენშტეინს
გავს, სხვისგან წართმეული სხეულის ნაწილებით ახალი სხეულის აწყობას რომ ლამობს და უნდა
ითქვას რომ სავსებით წარმატებითაც ახერხებს ამას. ალბათ ამიტომაც ჰპატიობენ ქურდობას
ჰოლივუდის ყველაზე ნიჭიერ ქურდს.
No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!