Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

რამდენიმე თურქული დოკუმენტი საქართველოს ისტორიის შესახებ (1921)

რამდენიმე თურქული დოკუმენტი საქართველოს ისტორიის შესახებ (1921)


დღეს ბათუმის შოთარუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია "ტაო კლარჯეთი" გაიხსნა. ჩემი პროფესიაც რომ არა ამ საკითხს გვერდს მაინც ვერ ავუვლიდი და დილიანად ვეწვიე უნივერსიტეტს. მინდა გითხრათ რომ საკმაოდ წარმომადგენლობითი და საინტერესო კონფერენციაა. მითუმეტეს ეხება იმ საკითხს რაც დღეს კვლავ აქტუალურია. ზოგიც მოდის გამო იბრახუნებს გულზე ხელს და ქულებს იწერს ამ თემით სპეკულირებით, ზოგსაც მართლა გული შესტკივა და ცდილობს გაერკვეს ვითარებაში. კარგი იქნება თუ ისარგებლებთ შემთხვევით და თავადაც დაესწრებით ამ კონფერენციას.

ძალზედ საინტერესო თემები და ძალიან ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე რომ საჭიროდ ჩავთვალე თქვენაც გაგიზიაროთ. მართალია ამ თემებს ჩემი მეორე ბლოგი "პალიასტომი" უფრო კომფორტულად მიიღებს. მაგრამ მოდი აქედან დავიწყებ და მერე გადავინაცვლოთ. 


რამდენიმე თურქული დოკუმენტი საქართველოს ისტორიის შესახებ
(1921)

წარმოგიდგენთ ბატონ როინ ყავრელიშვილის (ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯის რექტორი, ახალციხის და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორისტატიას სადაც მოკლედ არის განხილული `თურქეთის სამხედრო ისტორიული დოკუმენტების კვლევების ჟურნალში~ გამოქვეყნებული საქართველოს უახლესი ისტორიის კვლევისთვის საინტერესო დოკუმენტების ერთი ნაწილი [1]

პირველი ხუთი წარმოადგენს ანკარის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეთ მუჰთარ ფაშას მიმოწერებს აღმოსავლეთის ფრონტის სარდალ კიაზიმ ყარაბექირ ფაშასთან. გამოვყოფდით სამ მათგანს – 1921 წლის 21 თებერვლის დოკუმენტის მიხედვით, აჰმეთ მუჰთარ ფაშა აცნობებს აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას, რომ მან საქართველოს ელჩს წაუყენა ულტიმატუმი. დოკუმენტში ნათქვამია: `გუშინ ღამით ქართველ ელჩს, 16 საათამდე პასუხის მიღების პირობით, გადაეცა ულტიმატუმი ზეპირი სახით. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, მისცეთ სატელეგრაფო კავშირის დამყარების საშუალება. ულტიმატუმი ეხება ართვინისა და არტაანის მხარეების დაუყოვნებლივ დაცლას. სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისმა პასუხი ერთ საათში უნდა მოგვცეს“ [1:3–5]. 

სხვა თურქული დოკუმენტური წყაროებიდან ცნობილია, რომ აჰმეთ მუჰთარ ფაშას და სვიმონ მდივანს შორის შედგა წინასწარი საუბრები ანკარის და საქართველოს მთავრობებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ, რისი პირობებიც აჰმეთ მუჰთარ ფაშამ, თავდაპირველად, ზეპირი ნოტის სახით წამოაყენა. ქართველმა ელჩმა, მიუხედავად მიცემული ვადისა, პასუხი დააგვიანა. როგორც ჩანს, ქვეყნის მთავრობისგან ელოდებოდა რაიმე სახის მითითებებს. პასუხის დაგვიანების გამო, სვ. მდივანს, იგივე პირობები, მიღებული დიდი ეროვნული კრების 1921 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, უკვე ოფიციალური ნოტის სახით გადაეცა. ნოტის დასკვნით ნაწილში აჰმეთ მუჰთარ ფაშა ქართულ მხარეს სთავაზობს გაგებით მოეკიდოს თურქული მხარის წინადადებას და 23 თებერვლის საღამოს საათებამდე გასცეს დადებითი პასუხი, რადგან ქართული მხარის უარის შემთხვევაში, ანკარის მთავრობა იძულებული იქნება მიიღოს სამხედრო ზომები და ამგვარად დაიცვას დიდი ეროვნული კრების გადაწყვეტილება[2].

თავდაპირველად სვ. მდივანმა უარყო ანკარის მთავრობის მოთხოვნები წერილობით და გარკვეულწილად დაასაბუთა კიდეც [3] .

პირველ ნოტას მოჰყვა მეორე, რომელიც თარიღდება 1921 წლის 23 თებერვლით. მასში აჰმეთ მუჰთარ ფაშა აცნობებს სვ. მდივანს, რომ აღმოსავლეთის ფრონტის ჯარების სარდალს უკვე მიეცა სათანადო ბრძანება ართვინისა და არტაანის მხარეებში სამხედრო შენაერთების შეყვანის შესახებ[2].

ცხადია, საქართველოს წარმომადგენლობა ანკარაში ახდენდა სათანადო რეაგირებას აღნიშნული ნოტების საპასუხოდ. სვ. მდივანმა დეპეშით აცნობა ანკარის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა დაცალოს ართვინ-არტაანის მხარეები და ერთგვარ გაკვირვებასაც გამოხატავს ანკარის მთავრობის ულტიმატუმების გამო[4].

1921 წლის 8 მარტით დათარიღებულ დოკუმენტში აჰმეთ მუჰთარ ფაშა აცნობებს აღმოსავლეთის ფრონტის სარდალს კიაზიმ ყარაბექირ ფაშას ნოე ჟორდანიას მიერ 06. 03. 1921 წელს სვ. მდივნისადმი გაგზავნილი დეპეშის შინაარსს. ნოე ჟორდანია წინადადებას აძლევს ანკარის მთავრობას, რომ შეიყვანონ სამხედრო შენაერთები და დროებით დაიკავონ ახალქალაქის, ახალციხის, ბათუმის მხარეები. ხოლო, იქ არსებული ადგილობრივი ქართული ხელისუფლება უცვლელად დატოვონ. აღნიშნული მხარეების დაკავებაში ანკარის მთავრობის სამხედრო შენაერთებს დახმარებას ქართული სამხედრო ნაწილები გაუწევდნენ. ამ დოკუმენტშივე აჰმეთ ფაშა აღნიშნავს, რომ ნოე ჟორდანიას წინადადებას ანკარის მთავრობა, ფაქტობრივად, დაეთანხმა. ხოლო, სამოქმედო დეტალები უნდა გაწერილიყო ცალკე ხელშეკრულებით. ანკარის მთავრობის ჯარები ამ ტერიტორიებს დაიკავებდნენ მანამ, სანამ არ გაირკვეოდა პოლიტიკური სიტუაცია საქართველოსა და კავკასიის სხვა ტერიტორიებზე[1: 16-18].

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ანკარის და საქართველოს მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეიქმნილიყო კავკასიის კონფედერაცია და ამასთან დაკავშირებით, მიღებულიყო სათანადო ზომები. ეს ორი საკითხი მხარეებს შორის დაუყოვნებლივ შეთანხმებას მოითხოვდა. აქვე, აჰმეთ მუჰთარ ფაშა მოითხოვს კიაზიმ ყარაბექირ ფაშასგან, რომ მან აცნობოს თავისი შეხედულება უკანდახეული და ბათუმში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილების განიარაღების შესახებ მანამ, სანამ აღნიშნულთან დაკავშირებით ანკარის მთავრობა რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა[1: 16-18].

1921 წ. 13 მარტით დათარიღებული დოკუმენტი ექვსპუნქტიანია და არის 10. 03. 1921 წელს ანკარის მთავრობის მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული და გენშტაბიდან გამოგზავნილ ინსტრუქცია. პირველში - აჰმეთ მუჰთარ ფაშა აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას აფრთხილებს, რომ თუ არ იქნება წითელი არმიის მხრიდან რაიმე სახის შეიარაღებული სამხედრო ოპერაცია, მაშინ ანკარის მთავრობის სამხედრო შენაერთებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ მიეცათ რაიმე საბაბი მათთან სამხედრო დაპირისპირებისათვის.   მეორეში - დაკავებული ახალქალაქის, ახალციხის და ბათუმის მხარეებთან დაკავშირებით აძლევს შემდეგ განმარტებას, თუ საჭიროების შემთხვევაში ბოლშევიკებისთვის რა სახის პასუხი უნდა გაეცათ, რომ ეს ტერიტორიები მათ სამართლებრივად, ხელშეკრულების საფუძველზე ეკუთვნით, რომლებიც შემდეგ იმპერიალისტმა ანტანტის ქვეყნებმა ჩამოართვეს და ქართველებს გადასცეს. მესამე პუნქტის მიხედვით – ზემოაღნიშნულ სამივე მხარეში, მეორე პუნქტში დასახელებული სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად, კიაზიმ ფაშას უნდა გაეუქმებინა ადგილობრივი მმართველობის ქართული ორგანოები, შეექმნა ახალი და ამის შესახებ აჰმეთ მუჰთარ ფაშასათვის დაუყოვნებლივ ეცნობებინა. ხოლო, ბათუმის ადგილობრივ ხელისუფლებას, სურვილის შემთხვევაში, უფლება ეძლეოდა დაკავებული ტერიტორიების გარეთ, მაგალითად ოზურგეთში გადასულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. მეოთხე პუნქტის მიხედვით – დაკავებული ტერიტორიები უნდა გაწმენდილიყო ქართული მთავრობის სამხედრო შენაერთების, ქვედანაყოფების, შეიარაღების და სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების მასალისაგან. იგივე უნდა განხორციელებულიყო ამ ტერიტორიებზე გადმოსული ქართული სამხედრო შენაერთების მიმართაც. მეხუთე პუნქტის მიხედვით – თუ წითელი არმიის სამხედრო შენაერთი დააპირებდა ბათუმში შესვლას, მათთვის უნდა განემარტათ ზემოაღნიშნული სამართლებრივი უფლებები და ისინი არ უნდა შემოშვებულიყვნენ ბათუმში. მეექვსე პუნქტის მიხედვით – იმ შემთხვევაში, თუ წამოსული ბოლშევიკური სამხედრო შენაერთი არ დაკმაყოფილდებოდა სამართლებრივი განმარტებით და ძალით დააპირებდა შემოსვლას, მაშინ მათ წინააღმდეგ ცეცხლი არ უნდა გახსნილიყო, მხოლოდ პროტესტი უნდა გამოითქმულიყო და ინფორმაცია ანკარის მთავრობისთვის გადაცემულიყო[1: 19-24].

შემდეგი ხუთი დოკუმენტი წარმოადგენს ანკარის მთავრობის გენშტაბის უფროსის ფევზი ჩაქმაქის მიმოწერებს კიაზიმ ყარაბექირ ფაშასთან. 1921 წლის 23 თებერვლის დოკუმენტის მიხედვით საქართველოს მთავრობის ელჩმა სვ. მდივანმა 23. 02. 1921 წლის 4:45 სთ-ზე საქართველოს მთავრობის მიერ ართვინისა და არტაანის მხარეების დაცლის თანხმობის შესახებ ოფიციალურად აცნობა ანკარის მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს[1: 27-29].

1921 წლის 8-9 მარტით დათარიღებული დოკუმენტი ექვსპუნქტიანია. პირველი პუნქტის მიხედვით აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების და საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, მოეთხოვებოდა დაუყოვნებლივ დაეკავებინა ახალქალაქის, ახალციხის და ბათუმის მხარეები. მეორე მუხლის მიხედვით – ადგილობრივი ქართული ხელისუფლება ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო. ეს ტერიტორიები უნდა დაკავებულიყო მანამ, სანამ არ გაირკვეოდა საქართველოს და კავკასიის საკითხი. აღნიშნული მხარეები უნდა დაეცალათ ქართულ სამხედრო შენაერთებს. მესამე პუნქტში ნათქვამია - იმის გამო, რომ ბოლშევიკებს ქართველებთან შეთანხმება მათ საწინააღმდეგო ქმედებად არ ჩაეთვალათ, ეროვნული პაქტის შესაბამისად, დაკავებულ ტერიტორიებზე ჩასატარებელ პლებისციტისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა ორივე მხარის წარმომადგენლების დასწრებას და საჭიროების შემთხვევაში უნდა დანიშნულიყვნენ ანკარის მთავრობის წარმომადგენლები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში. მეოთხე და მეხუთე პუნქტში ფევზი ჩაქმაქი კიაზიმ ფაშას აძლევს შემდეგ მითითებას, რომ – ბათუმის ლივა ეროვნული პაქტის საზღვრებში იმთავითვე არის მოქცეული. ხოლო, რადგან ახალქალაქის და ახალციხის მაზრები ყარსის ლივის საზღვრებში შედის, ამდენად, მიზანშეწონილია მათი დაკავება. ხოლო, კიაზიმ ფაშას, თავის მხრივ, ეს ინფორმაცია მასთან კონტაქტში მყოფ წითელი არმიის ხელმძღვანელობისთვის უნდა ეცნობებინა. მეექვსე პუნქტის მიხედვით – აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას რაც შეიძლება სწარაფად 9 მარტის საღამოსთვის ახალქალაქი და ახალციხე უნდა დაეკავებინა. ეს მოქმედება მას ანკარის და საქართველოს მთავრობებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგით და ქართველი ელჩის მიერ ამ ინფორმაციის თავისი მთავრობისადმი დაგვიანებით მიწოდებით უნდა აეხსნა. აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობას მოეთხოვებოდა პირდაპირ ბათუმში შეეყვანა ართვინის დასაკავებლად წამოსული სამხედრო ნაწილები. ხოლო, არტაანის ჩრდილოეთით დისლოცირებული ნაწილებით დაეკავებინა ახალციხე. ასევე, იმის გამო, რომ ქართული არმია სრულიად მოიშალა, სარდლობას დაუყოვნებლივ უნდა მიეღო ზომები დაკავებულ ტერიტორიებზე წითელარმიელთა შემოსვლის საწინააღმდეგოდ[1: 30-35].  
10. 03. 1921 წლის დოკუმენტის მიხედვით ფევზი ფაშა კიაზიმ ფაშასგან მოითხოვს, რომ კონფრონტაციის გარეშე შეძლოს აჭარისწყლის ხეობით ბათუმისაკენ წამოსული მე-11 არმიის შეჩერება, გააგრძელის სათანადო ურთიერთობები მე – 11 არმიის ხელმძღვანელობასთან და შედეგები აცნობოს გენერალურ შტაბს. [1: 36-38].  
იმავე თარიღის სხვა დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მე-3 დივიზიას ბათუმი ათი მარტის საღამოს ან თერთმეტი მარტის დილის საათებში უნდა დაეკავებინა. ამასთან დაკავშირებით, მე-3 დივიზიას ბრძანება 10 მარტს 13:00 სთ-ზე მიეცა[1: 39-41].   

1921 წლის 10-11 მარტის დოკუმენტით ფევზი ფაშა აცნობებს კიაზიმ ფაშას, რომ ქართული მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად ანკარის მთავრობის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე გადასული ქართული სამხედრო შენაერთების განიარაღება დაუყოვნებლივ არ მოხდებოდა, რაც ეცნობა კიდეც საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით ქართულ მხარეს. თუმცა, იგი აქვე განმარტავს, რომ არ არის სასურველი მათი არმიის ზურგს უკან დარჩეს რაიმე უცხო შეიარაღებული სამხედრო შენაერთი. რაც, ასევე, გამოიწვევს ბოლშევიკთა პრეტენზიებს. ამიტომ სთხოვს კიაზიმ ფაშას მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ბოლშევიკთა პრეტენზიების შესაჩერებლად[1: 42-44].   

დოკუმენტების შემდეგი ჯგუფი წარმოადგენს კიაზიმ ფაშას სხვადასხვა სახის მიმოწერებს. 1921 წლის 22 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტიდან ვგებულობთ, რომ კიაზიმ ფაშამ სვ. მდივნისათვის მიცემულ ნოტას კიდევ ერთი მუხლი დაამატა. იგი ამ მუხლში თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობის სამშვიდობო დელეგაციის წევრებისგან საქართველოს მთავრობისათვის შემდეგი წინადადებების გადაცემას მოითხოვს, რომ `კავკასიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თურქეთის ინტერესებში შედის საქართველოს გადარჩენა, თურქეთის მეზობლად ძლიერ და მეგობარ ქვეყნად ჩამოყალიბება. აქედან გამიმდინარე, დიდი ეროვნული კრება დღემდე არსებული საკითხის მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მომხრე იყო. არც აღმოსავლეთის ოპერაციის დროს არ შევიდა იგი საომარ მდგომარეობაში საქართველოსთან. თუმცა, კავკასიაში მიმდინარე ყოველდღიურად ცვალებადი მოვლენების ფონზე, თურქეთი ვალდებულია დაიცვას თავისი კანონიერი უფლებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაც არის დადასტურებული. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაშია აღნიშნული, არც ერთი მხარის ეროვნულ ინტერესებში არ შედის რაიმე დაპირისპირება, ამიტომ, უპრიანი იქნება თუ ქართული მხარე მოთხოვნილ ტერიტორიებს 23 თებერვლის დილის საათებში დაცლის. დღეს წითელი არმია საქართველოს განადგურებით ემუქრება და გააფთრებულად უტევს. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ ქართულ მთავრობას ქვეყნის გადარჩენის სურვილი ამოძრავებს, უყოყმანოდ უნდა მიიღოს ჩვენი კანონიერი მოთხოვნა და არ უნდა დაუშვას ორ ქვეყანას შორის რაიმე გაუგებრობა. აქედან გამომდინარე, იმედია, ბორჩხაზე უპრობლემოდ გაატარებს ართვინის დასაკავებლად ხოფიდან ართვინისაკენ წასულ ჩვენს სამხედრო შენაერთებს~, - ნათქვამია დოკუმენტში[1: 59-64].

22. 02. 1921 წლის დოკუმენტი არის კიაზიმ ყარაბექირის ინსტრუქციები მე – 3, მე – 9, და მე -12 დივიზიებისადმი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე მიცემულ ვადებში არ დაცლიდა ართვინის და არტაანის მხარეებს, მაშინ  ამ ტერიტორიების დაკავება სამხედრო ძალით მოხდებოდა[1: 65-67]. M
1921 წლის 9 მარტის დოკუმენტის პირველი პუნქტის მიხედვით კიაზიმ ყარაბექირ ფაშა აცნობებს გენშტაბს და საგარეო საქმეთა სამნისტროს, რომ გენშტაბისაგან 8 მარტს მიღებული #1/8 ბრძანების შესაბამისად სათანადო სამხედრო ქვედანაყოფს 9 მარტისთვის ბათუმის დაკავების ბრძანება მიეცა. ამ გადაწყვეტილების შესახებ, ასევე, ინფორმაცია გადაეცა მე-11 წითელ არმიას. აქვე, კიაზიმ ფაშა აღნიშნავს, რომ მათ საქართველოში წითელი არმიის მოქმედებების საპირისპიროდ მათ დაიკავეს ახალქალაქის და ახალციხის მხარეები, თუმცა, ბათუმის და აჭარის დაკავების საკითხი ღიად დარჩა. ამიტომ, უნდა შეიცვალოს ადრე მიღებული გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობის დასტურით მოხდეს მისი დაკავება.  იგი, ასევე, მოითხოვს განმარტებას გენშტაბისაგან შემდეგზე, რომ არის თუ არა ბათუმის მხარის და აჭარის დაკავება რაიმეთი დაკავშირებული ლონდონის კონფერენციის შედეგებთან. მეორე პუნქტში კიაზიმ ფაშა აცნობებს გენშტაბს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან ერთად მიღებული რაიმე სახის გადაწყვეტილებებს დიდი დღე არ უწერია, რადგან თბილისში გამოცხადებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობის ელჩი ანკარაში სვიმონ მდივანი კანონგარეშედ გამოაცხადა და მის ადგილზე, დროებით, საბჭოთა საქართველოს ელჩად ბუდუ მდივანი დანიშნა. ამიტომ, მას, საქართველოს მთავრობასთან რაიმე კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტის შექმნა და ხელმოწერა მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რადგან ეს საბჭოთა რუსეთისთვის უკვე ოფიციალური არგუმენტი იქნება. იგი, ასევე, მიიჩნევს, რომ ტერიტორიების დაკავების პერიოდში ანკარის მთავრობის მხრიდან არანაირ დოკუმენტს ხელი არ უნდა მოეწეროს [1: 107-109].  

27. 02. 1921 წლის დოკუმენტი არის კიაზიმ ფაშას წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენშტაბისადმი, ამ წერილში იგი აცნობებს იმ დეპეშის შინაარსს, რომელიც მან მე-11 არმიის ხელმძღვანელობას გაუგზავნა. იგი აღნიშნავს,  რომ არ არის გამორიცხული ანტანტის მიერ ბათუმში დესანტის გადმოსხმა და ადგილობრივი მუსლიმების გადაბირება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, როგორც ბოლშევიკურმა, ასევე, თურქულმა სამხედრო შენაერთებმა ორივე მხარისთვის მისაღები ზომები უნდა გაატარონ. ასევე, კიაზიმ ყარაბექირი აღნიშნავს, რომ მან ყარსში აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭოთა რუსეთის ელჩთან ბუდუ მდივანთან მოლაპარაკებები გამართა. Aაქედან გამომდინარე, კიაზიმ ფაშა მოითხოვს მე—11 არმიის ხელმძღვანელობისგან, რომ აცნობონ მას თუ რა სახის ზომების მიღებას დააპირებენ საჭიროების შემთხვევაში. იგი აქვე აცნობებს, რომ    ბოლშევიკების მიერ თბილისის აღების შემდეგ გაჩნდა საშუალება ამოქმედდეს ბაქო-ყარსის რკინიგზა და მიეწოდოს ანკარის მთავრობას მათთვის ესოდენ აუცილებელი თხევადი საწვავი[1: 74-76].

1921 წ. 10 მარტის დოკუმენტი არის კიაზიმ ფაშას დეპეშა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენშტაბისადმი. იგი მათ უგზავნის ს. ორჯონიკიძისაგან მიღებული დეპეშის თარგმანს. ორჯონიკიძე აცნობებს კიაზიმ ფაშას, რომ მოსკოვში ანკარის მთავრობის დელეგაციასა და ბოლშევიკურ მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე და ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დარჩა საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში. აქვე არის ინფორმაცია საბჭოთა საქართველო - თურქეთის საზღვრის მონაკვეთის შესახებ[1: 113-119].

როგორც ვხედავთ, ზემოაღნიშნული მომიწერა ხდებოდა მოსკოვში ანკარის მთავრობასა და ბოლშევიკურ მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე. 13 მარტამდელი დოკუმენტების მიხედვით, ანკარის მთავრობა შეიძლება ფორმალურად, მაგრამ მაინც იცავდა სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების პრინციპებს საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობისადმი და კავკასიური ფედერაციის საკითხებზეც საუბრობდა, რაც, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, საქართველოს და ანკარის მთავრობებს შორის ხელშეკრულებითაც უნდა გაფორმებულიყო. მაგრამ, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ტერიტორიის თითქმის სრული ანექსიის და ქართული ჯარის დამარცხების შემდეგ, ანკარის მთავრობამ პოზიცია შეიცვალა. მან 13 მარტის დოკუმენტის ინსტრუქციებში ბათუმის ხელშეკრულების მუხლების სამართლებლივ არგუმენტებად დასახელება გადაწყვიტა. ამგვარად ცდილობდა ანკარის მთავრობა დაპირისპირებოდა ბოლშევიკურ ექსპანსიას მის მიერ უკვე დაკავებულ ახალქალაქის, ახალციხის და ბათუმის მხარეებში. თუმცა, ისიც კარგად ჩანს, რომ ის ძალისმიერი წინააღმდეგობის გამოყენებას არ აპირებდა და დიპლომატიური ხერხებით ცდილობდა შეეჩერებინა ბოლშევიკები, რამაც, როგორც ვიცით შედეგი ვერ გამოიღო და მოლაპარაკებები 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებით დასრულდა.

რამდენიმე თურქული დოკუმენტი საქართველოს ისტორიის შესახებ
(1921)

გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა:

  1. Askeri Tarih Belgeleri Dergisi, Genelkurmay Askeri Tarih ve Stratejik Etüt Başkanlığı Yayınları, Ankara, Ocak: 1999, Yıl:48, Sayı:107.
  2. Selahattin Tansel, Mondros’tan Mudanya’ya Kadar, C. IV, Milli Eğitim Basımevi, Ankara, 1978, s. 56-57; M. Adil Özder, Artvin Ve Çevresi (1828-1921), Ay Matbaası, Ankara, 1971, s. 212-215.
  3. v. nozaZe, saqarTvelos aRdgenisaTvis brZola mesxeTis gamo, saqarTvelos Teatris moRvaweTa kavSiri, Tbilisi, 1989, gv. 95; dimitri SalikaSvili, saqarTvelos warmomadgenloba 1921 wels TurqeTSi, Jurnali `Teatri da xelovneba~, 1991 weli, #1-2. gv. 65.
  4. M. Adil Özder, Artvin Ve Çevresi (1828-1921), Ay Matbaası, Ankara, 1971, s. 225-226.


No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]