Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გინდა თუ გიყვარს ?!

გინდა თუ გიყვარს ?!

მინდა და მიყვარს. ეს ორი რამ ძალიან ხშირად გვეშლება ერთმანეთში, ძალიან ხშირად სიყვარულს ვარქმევთ გრძნობას, რომელიც ძალიან განსხვავდება მისგან. რის გამოც ხშირად ჩავდივართ შეცდომებს, ზოგჯერ პატარას, ზოგჯერაც ... არც თუ პატარას. ძნელია ადამიანს აუხსნა, ან კიდე დაუმტკიცო რომ მას კი არ უყვარს, არამედ უბრალოდ ლტოლვა, წყურვილი, ნდომა და ხიბლი აქვს. ვიღაც იტყვის - განა ეგ ყველაფერი ერთად არ არის სიყვარულიო... არის და არც არის, ესეც არის და კიდე ბევრი, ძალიან ბევრი რამ ერთად აღებული.


შესაძლოა ჩემს მიერ შერქმეული სიტყვა „მინდა“ შეყვარებულობანას და მსუბუქი ფლირტის, კაეშნის განცდის მაცდური შინაარსის დიდად ხატოვანი გამომხატველი ვერ იყოს. ამიტომ მოდით დავარქვათ მას უბრალოდ მიჯნურობა. თუმცა ამ სიტყვით დროებით ვისარგებლებ, ეს უფრო ლამაზად ჟღერს ვიდრე მიწიერი „მინდა“ რომელიც შინაარს უფრო კარგად გამოხატავს ვიდრე რომანტიული და ამაღლებული „მიჯნურობა“. და მაინც რითი განსხვავდება ეს სიყვარულისაგან.

მიჯნურობა ყოველთვის ვნებათა ღელვით, წყურვილით და ნდომით ვლინდება. ემოციების მოთოკვა ჭირს და ამიტომაც ხშირად უწოდებენ შეცდომით მას სიყვარულს. ხშირად სწორედ ამ პირველად გრძნობებზე დაყრდნობით ღებულობენ დაოჯახების გადაწყვეტილებას. მაგრამ ავიწყდებათ რომ ცოლქმრობისთვის არა მიჯნურობა, არამედ სიყვარულია საჭირო.

სიყვარული არ იბადება „ტრიალ მინდორზე“, ხშირად ის არც ეწვევა ხოლმე ადამიანს. თუმცა ყველა ჩვენთაგანს შეუძლია უყვარდეს, ეს ნიჭი ჩვენ გაგვაჩნია, ვის ნაკლებად - ვის მეტად. მაგრამ ეს არის ჩვენში. უბრალოდ ზოგი ეძებს სიყვარულს, ზოგიც არა. ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც . თუმცა ამ ნიჭსაც განვითარება უნდა რაც პიროვნების განვითარების პარალელურად მიმდინარეობს. არაფერი არ გვეძლევა მზამზარეული, სიყვარულიც, მასაც მოვლა, გაფრთხილება და ზრდა უნდა.

მაგრამ მოდით, დავუბრუნდეთ „მინდა“ს - მიჯნურობას. განიცდის რა სექსუალურ ლტოლვას პარტნიორისადმი ადამიანი ფიქრობს რომ იპოვა სიყვარული. ამის დასამტკიცებლად ის დიდი სიამოვნბით მოგიყვანთ ამ ლტოლვის, ნდომის და წყურვილის მაგალითებს. თუ როგორ უნდა მასთან, თუ რა კარგია მისი ალერსი, თუ როგორია ეს. სინამდვილეში კი ეს იმის დამადასტურებელია რომ გარდა ამ ლტოლვისა, სხვა პლათფორმა მათ ურთიერთობას არ გააჩნია.

მიჯნურობისას ადამიანი სახეცვლილად, შელამაზებულად წარმოადგენს სინამდვილეს რათა მოუსადაგოს ის წარმოქმნილ ურთიერთობას მისი, რაც შეიძლება უფრო იდეალური კუთხით წარმოსაჩენად.
სიყვარულში კი ყოველგვარი საკაზმი ზედმეტია. ის რეალურია, ნამდვილი და სწორედ ამით ძლიერიც და მყარიც.

მიჯნურობისას ადამიანის გაღმერთება, გაიდეალება ჩვეულებრივი მომენტია. სიყვარულში კი პარტნიორი ყოველთვის შენთანაა, შენშია, შენია, შენიანია . ურთიერთობა მასთან გრძელდება მუდამ, უწყვეტად. იმიტომ რომ სწორედ ამ ძალდაუტანებელი ურთიერთკავშირის ფონზე შენდება და ძლიერდება ნამდვილი სიყვარული.

მიჯნურობა ლამაზი მომენტით აღტკინებით გამოწვეული ეიფორიაა, ის შეიძლება გაგრძელდეს დღე, კვირა, თვე. მაგრამ შემდეგ ის აუცილებლად ქრება. ქრება და აშიშვლებს იმ ფარულ მარტოობას რომელიც ამ ვნების განელების შემდეგ ჩდნება. შესაძლოა ის უბრალოდ აშიშვლებს იმ მარტოობას რომელიც მუდამ არსებობდა ამ ურთიერთობაში, უბრალოდ შეკაზმული იყო მიჯნურობის ეიფორიით. ვნების გაქრობის შემდეგ კი ჩნდება  ძალადობის, მოტყუების, მიტოვების სევდანარევი გრძნობა რომელიც ხშირად დეპრესიით მთავრდება.

მიჯნურობისას აღტკინებული, მისით აღფრთოვანებული განწყობა გრძელდება მანამ, სანამ ის (პარტნიორი) ფიზიკურად გვერდითაა. სიყვარულისას კი ეს არარის აუცილებელი, თქვენ ერთი და ამასთანავე საკუთარი, ავტონომიური, დამოუკიდებელი სამყარო გაგაჩნიათ რაც თავისთავად გაძლევთ დამოუკიდებლობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას. სიყვარულში ბედიერება ცხოვრების მუდმივი და უცვლელი საფუძველია.
ადამიანი პიროვნულად უნდა გაიზარდოს რომ შესძლოს სიყვარული.
სიყვარული კი სულაც არ არის ლამაზი სიტყვებით ჟანგლირება. ეს მოქმედებაა.
მიჯნურობა ნაპერწკალია, რომელიც ხანძრად გეჩვენებათ. სიყვარული კი ალია, რომელიც მუდამ ანთია და რომელიც აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ.

ხოდა ასე, ბევრი ჩახლართული ფრაზის შემდეგ დავუბრუნოთ ნასესხებ სიტყვა „მიჯნურობას“ თავისი საწყისი „მინდა“ და გკითხავთ:

გინდა თუ გიყვარს ?! 

1 comment:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]