Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ყავის ისტორია

ყავის ისტორია
ვინც ჩემს კლუბს ხშირად სტუმრობს მიხვდებოდა რომ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელი ყავაა. დიახ, მისი აღმატებულება „არაბული ღვინო“- ყავა. რატო არაბული და თანაც ღვინო? ადრე შეგპირდით კიდეც რომ ყავაზე მოგითხრობდით საინტერესო ამბებს. ხოდა, „ღვინის“ მესამედ მიღების შემდეგ ეგ შეპირებაც გამახსენდა. ასე რომ მოიდუღეთ ისეთი ყავა როგორიც გიყვართ, მოკალათდით და დავიწყოთ მოგზაურობა წარსულში.

ყავის, როგორც სასმელის წარმოშობის თაობაზე ბევრი ვერსია არსებობს. რაკი ვერც ერთი ვერ მტკიცდება და ვერც ირიცხება მივყვეთ ნელინელ, ნება ნება.
მოგზაური პიტრო დე ბალლე დარწმუნებული იყო რომ ამ საოცარი სასმისის კვალი ჯერ კიდევ ჰომეროსის ოდისიაშიც სჩანს და ტროას ომის დროსაც ის უკვე ცნობილი იყოვო. სწორედ ამ სასმელს ურევდა ღვინოში მშვენიერი ელენა როცა შფოთვის და დარდის გაქარწყლება სურდა (არადა რამდენი უნდა დაელია დარდის გასაქარვებლად ადამიანს რომლის გულისთვის ამოიჟუჟა ამდენი ადამიანი- ჰომეროს თუ ვნდობით რათქმაუნდა).

ერთი ლეგენდის მიხედვით ეთიოპიელი მწყემსი, თავის ცხვრებს მწყემსავდა, შეამჩნია რომ მუქ-მოწითალო ნაყოფის ჭამის შემდეგ მისი თხები დაუოკებლად კუნტრუშობდნენ მთელი დღის განმავლობაში და დაღლილობის კვალიც არ ემჩნეოდათ.

 მწყემსმა დაკრიფა ნაყოფი (აქ ეს ვერსია ორად იყოფა, ერთის მიხედვით ნაყოფი იქნე არსებულ მონასტერში ბერებს მიუტანა. მეორეს მიხედვით მოლასთან მიიტანა. ჩემთვის ეს ბოლო უფრო სანდოა რადგან ამ ლეგენდის წარმოშობის მიხედვით ეს ამბავი ეთიოპიაში ხდება, მაშინ როცა იქ კაფფას პროვინცია საკმოდ მძლავრ სახელმწიფოდ ყალიბდება და იქ ბერების არსებობა მეტწილად ეჭვს იწვევს.) მოხარშა და აღმოაჩინა რომ მასაც შეეძლო მთელი რამე თვალი არ მოეხუჭა და ამასთანავე არანაირი დაღლა არ ეგრძნო.


ამბავი საოცარი მარცვლებისგან მოდუღებული სითხის შესახებ პროვინციას მალე მოედო. მალე ისიც აღმოაჩინეს რომ მოხალვის შემდეგ ის გაცილებით არომატული ხდებოდა. გონებას აფხიზლებდა, განწყობას აუმჯობესებდა, დაღლილობას ხსნიდა. გემოც მშვენიერი ქონდა და ამდენი დადებითი თვისების გამო მის დაგემოვნებას ყველგან შეძლებდა დანატრებული ადამიანი. ქალაქის მოედნებზე მოფუსფუსე ხალხს სპეციალურად მოწყობილ ყავახანაში, ყავის მარცვლების მოსახალავ ტაფაზე კაკუნით იწვევდა დახლიდარი. „მაჰხმას ალ ყა ვა“. 



სასმელი იმდენად პოპულარული გახდა რომ მის მირთმევას მორწმუნე მუსლიმებს მარხვის დროსაც ნებას რთავდნენ. მას სემინარიებში, თავშეყრის ადგილებში იხილავდით. 
მაგრამ გადმოცემის თანახმად ყავის ტრფიალმა არც თუ სახარბიელო სახე მიიღო. საქმე იქამდეც მისულა რომ მისდამი ზედმეტად გამოხატული ლტოლვის გამო, 1611 წელს მექის მართველმა ხაირ-ბეიმ მოწვეულკრებაზე „გონების ამრევი შავი სითხე“ დაწყევლა, რადგან შარიათის კანონის თანახმად სასმელი რომელიც ვნებებს აღძრავს და გონებას აბნევს აკრძალულ უნდა იქნას. გამძვინვარებულმა მორწმუნეებმა მარცვლების მთელი მარაგი დაწვეს და საშინლად შეაჩვენეს მისი მომხმარებლები. მაგრამ მისდამი სიყვარულმა გარკვეული დროის შემდეგ მაინც თავისი ქნა. მითუმეტეს რომ მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა და ის უკვე გასცდა მექასაც და მედინასაც.


„არაბულ ღვინოთ“ წოდებული სასმელის შესახებ ევროპამ 1591 წელს, იტალიელი ექიმის პროსპერ ალპინუსის წყალობით გაიგო, სწორედ ის ახლდა ვენეციის ელჩს ეგვიპტეში მოგზაურობისას. პირველი ფინჯანი ყავა კი რომში 1626 წელს დააგემოვნეს რომელიც ირანში რომის პაპის წარმომადგენელმა, დელა ბელლემ თავად მოადუღა. რაშიც თურმე საკმაოდ კარგადაც დახელოვანდა. ეს კი იმის ნიშანი იყო რომ ყავისთვის ევროპისკენ მიმავალი გზა უკვე ხსნილი იყო. 1690 წლისთვის ვენეციაში უკვე  ევროპაში პირველი ყავახანა გაიხსნა. დატრიალდნენ ვაჭრები და ყავის მარცვლები მთელს სამყაროს მოედო.

ჰოლანდიელებმა იემენიდან წამოღებული მარცვლები სუმატრაზე, სულავესზე, ბალიზე და იავაზე დათესეს. მათ არც ჰოლანდიელები და ფრანგები ჩამორჩნენ, ყავა პორტო-რიკოში, კოლუმბიაში და კუბაშიც გაჩნდა. 1772 წელს კი ყავა პორტუგალიელებმა ბრაზილიაშიც ჩაიტანეს.


მართალია არაბები თავიდან ყოველმხრივ ხელს უშლიდნენ მარცვლის და ნერგის ევროპაში გატანას. სასჯელიც კი შემოიღეს.მაგრამ განა რაიმე შეაჩერებდა ვაჭარს რომელმაც მოგების გემო იგრძნო!?
თუმცა სავაჭრო გზების გარდა, გამომდინარე იქედან რომ ყავა მუსლიმანური სამყაროს კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, ის თან მიჰყვებოდა მათ ყველგან სადაც კი ფეხს ადგამდნენ. ასე მოაღწია თურქეთამდეც სადაც მას კაჰვეს ეძახდნენ, რაც არაბული სახელწოდებიდან მომდინარეობს, არაბულად კი მას  კაჰვა ჰქვია. მე მგონი მეტი მინიშნება არ არის საჭირო იმაზე თუ რატო ვუწოდებთ ამ სასმელს საქართველოში ყავას. აქვე სიამაყით უნდა ავღნიშნო რომ ევროპას ჯერ კიდე იძინა, როცა ჩვენ ყავას ვაგემოვნებდით ( არაბთა და თურქთა თარეშს მცირე დადებითი მომენტებიც აქვს J ) რაც შეეხება „კოფეს“ ეს ინგლისურიდან ნაწარმოები სიტყვაა, რაც დანარჩენმა ევროპამ, მათ შორის რუსეთმაც აითვისა და ასე აღიარა ეს არაჩვეულებრივი სასმელი.


ყავაც დამილევია, სათქმელიც გამგრძელებია. დღეისათვის სულ ეს იყო. დაახლოებით მაინც ხომ შეგიქმენით წარმოდგენა იმის თაობაზე თუ რა სასმელს ეტანებით დღეში რამოდენიმეჯერ. ყავის სახეობაზე და კონკრეტულად ბათუმურ ყავაზე მორიგ შეხვედრაზე ვისაუბროთ. ანუ ისევ გეპატიჟებით ყავაზე მთვარის კლუბში. 
დროებით.

4 comments:

  1. ყავას არ ვსვამ, მაგრამ საინტერესო პოსტი იყო, ბატონო დავით.. :)

    ReplyDelete
  2. არ სვამ? არაუშავს... მიგაჩვევთ ;)

    ReplyDelete
  3. ძალიან საინტერესო იყო :)

    მომეწონა აქაური ყავა ^^

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]