Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

აპრილის ფერი

აპრილის ფერი

შაბათია, მზეა, სითბოა ... აბა რა უნდა მეკეთებინა სახლში ?! ხოდა მეც გავედი სასეირნოდ. ხო, ამ შემთხვევაში არც არსად მივქროდი, არც არსად მივიჩქაროდი. უბრალოდ, უმისამართოდ მივაბიჯებდი და პირველივე გზაჯვარედინზე ვაღიარე - კარგია როცა ფოტოაპარატი ხელთ მაქვს. იმიტომ რომ აი ამ იისფერ აფეთქებას გულგრილად ნამდვილად ვერ ჩავუვლიდი. მითუმეტეს როცა ასე ხშირად ვსაყვედურობთ ბათუმს მარადმწვანეობას. აპარატი ამოვიღე და სასურველი რაკურსის შერჩევა დავიწყე. რამოდენიმე წამში შევნიშნე რომ ჩემს ირვგვლივ ადამიანები შეიკრიბნენ. ყველა ამ იისფერ, ნაძვის ხეზე აცოცებულ და შემდეგ მეზობელი სახლის აივანზე გადაპარულ სილამაზეს შესქეროდა. ერთმა ქალბატონმა ტელეფონი ამოიღო და სურათების გადაღება დაიწყო. "დამაინტერესა რას უღებდი და მეც შემოვრჩი, რომ არ გავჩერებლიყავი ვერც შევამჩნევდი ამას. არადა ყოველდღე დავდივარ ამ ქუჩითო". ფოტოები გადავუღე. აღმოჩენით მოხიბლულთა მცირერიცხოვანი ამალა კი ისევ ათვალიერებდა თავიანთ ჩვეულ მარშრუტზე იისფრად გაფერადებულ ნაძვს.










იისფერი... მართლა გამორჩეულად ჭრის თვალს მარადმწვანე ქალაქში. მითუმეტეს როცა ფერთა სიმრავლეს ასე დანატრებული ხარ. მაგრამ მაინც რა ფერისაა აპრილი ?! იქნებ იისფერი ?!


ან იქნებ მოვარდისფრო ?!


ან იქნებ ხასხასა ყვითელი.. აი ასეთი გამომწვევი და მყვირალა...


ან იქნებ გვირილასავით ქათქათა და გულღია ?!



ან იქნებ ფირუზისფერი, ან ჭადრის ქერქის ფერი... როგორიც ჭოროხის და შავი ზღვის შენაკადია ?!


ან იქნებ ახლადამობიბინებული ბალახივით ხასხასა მწვანე ?!



ან ნეკერჩხალივით გამომწვევი ?!


ან იქნებ ჩამავალი მზის ფერი ?!


ან იქნებ და ყველა ამ ფერით უნდა ავაწყოთ აპრილის მოზაიკა?! ლამაზია, ხასხასაა, ახალია, მყვირალაა, ნორჩია, გაბედული, თამამი და მეამბოხე ... ეს კი აპრილის ფერთა პალიტრაა. მას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ფერი შეემატება და შეეფერება. აპრილი ხომ ჯერ მხოლოდ იწყება. საერთოდ ... ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება.



4 comments:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]