Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ისაკოვიჩ

ისაკოვიჩ
დღეს ბაბუაჩემის დაბადების დღე იყო. დიდი გიორგის. დიდი მოქეიფის, ქალთა გულის მპყრობელის და უბადლო იუმორის მქონე ადამიანის. აქამდე ბევრს ვწერდი ბებიაჩემის შესახებ. რა ვქნა, ასეა რომ ბებია უფრო გვამახსოვრდება ვიდრე ბაბუა. ალბათ იმიტომ რომ ბებია უფრო დაგვფუსფუსებდა თავს და გვანებივრებდა თორემ ორივეს რომ ერთმანეთზე მეტად ვუყვარვართ შვილიშვილები ამაზე მგონი არავინ დაობს. მოკლედ, სამართლიანობა რომ აღვადგინო. დღეს ბაბუაზე დავწერ.

ხოდა, იმაზე გავჩერდი რომ დიდი მოქეიფე იყო მეთქი. მართლაც ასე იყო. ძალიან უყვარდა სუფრის წარმართვა და "კაი კამპანია". ბევრს არ სვამდა, რასაც სვამდა იმასაც ირგებდა და სხვასაც არგებდა. ამას ყველა იხსენებს და მამაჩემსაც ახსენებენ როცა ის თამადობს ხოლმე... სიმღერა უყვარდა და მის გარეშე სუფრას არ სცნობდა. ამიტომაც ხშირად ამღერებდა ხალხს. მთავარი კი ის არის რომ სიმღერას თვითონ იწყებდა, ხალხს აიყოლებდა და მერე ჩუმდებოდა. ტკბებოდა. ბებიაჩემი ხუმრობდა: "ასეა, არც ერთი სიმღერა ბოლომდე არ იცის და აცურებს ასე ხალხსო". ღვინო ყოველთვის ორი სახის ქონდა. დიდ ბოცებზე ეწერა "სტუმრებიზა" და "არ ვარგა", შინაურებმა კი ვიცოდით რომ სწორედ იმ "არ ვარგა"-ში ინახებოდა საუკეთესო ღვინო.

დღესასწაულებზე მედლებს და ორდენებს აჟღარუნებდა. მათი სიმრავლე ნებისმიერ ვეტერანს შეშურდებოდა. ომზე ფილმებით და ისტორიებით აღტაცებულ ბავშვებს კი კარგ, მსუყე ისტორიას მოგვიყვებოდა მისი ტანკისტობის ეპოპეადან და დასასრულს ნაიარევსაც გვაჩვენებდა რომელიც ფრონტზე მიიღო. "ნუ გამოუტენე ბავშვებს ყურები მაგ სისულელეთი. რა იქნა? დღეს რამდენი ფაშისტი მოკალი?" არ აცლიდა ბებიაჩემი. ასეთი სათავგადასავლო ისტორიების შემდეგ მეც, როგორც ავანტიურისტ,დაუდგომელ და ფათერაკიან ბავშვს ათასი ხაფანგის, ნაღმის და მახის იდეები მომდიოდა თავში. ვაკეთებდი კიდეც, მაგრამ როგორც წესი ამ ხაფანგების ძირითადი სტუმრები ფაშისტების ნაცვლად ისევ ბაბუაჩემი და მამაჩემი იყვნენ. ნუ, მერე რაღქმაუნდა სამალავში ვემალებოდი შოლტს.

როგორც უბნის საპატიო ადამიანს ყველგან ეპატიჟებოდნენ. მედლებთან ერთად მეც მიმიკრავდა მკერდზე და დავდიოდით ასე, გიორგი ისაკოვიჩი და დავით გიორგიევიჩი (მამაჩემსაც გიორგი ჰქვია). იმდროის სტილიაგა გიორგი ტრაპაიძეს ძალიან უყვარდა კარგად ჩაცმა და შესაბამისად სურათების გადაღება. სახლში იმდენი ფოტო გვაქვს აზიაცკებში და ცილინდში პოზირებული ბაბუჩემის რომ ტევა აღარარის. მისი პეწის და სიკოხტავის გამო, გურიის ჩაის ფაბრიკის მთავარი ეკონომისტი ხშირად ეშლებოდნენ მაღალჩინოსან პერსონაში და ამით ყოველთვის სარგებლობდა. ყველგან ურიგოდ მიდიოდა, ყველა ბოდიშებით ელაპარაკებოდა .მერე კი სიცილით კვდებოდა. წელიწადში 2 ჯერ გამოწერილი ქონდა ბაბუაჩემს სანატორიუმი და  ბებიაჩემს სანატორიუმიდან გამოგზავნილი რუს ლამაზმანებთან გადაღებული ფოტოები, უკან წარწერით." როზიკო, ხო ხედავ რა ქალები მეხვევიან, მარა მე შენ მიყვარხარ!" გაგიხმა თავიო ჩაიბუტბუტებდა ბებიაჩემი და სურათს ალბომში ჩააგდებდა.


არაჩვეულებრივი გამოფენა ხომ გახსოვთ? აი პიპინია ერისთავი მისი ეკრანული ასლი იყო. აზიაცკები, დაწკეპილი კოხტა ულვაშები და ორი (ირლანდიური და ინგლისური) სეტერი ფეხებთან. მართალია მამაჩემი ქანდაკების მაგიერ ტელევიზორებს აკეთებდა, მაგრამ ფრაზები "მალაკასოს, ეგ რა ეშმაკი ბავშვია", "გვაცალე მე და მამა ვმუშაობთ", "გიორგი წაიყვანე შენი შვილიშვილი და მამუშავე" ჩვენთანაც ძალიან ხშირად ისმოდა.

მისი იუმორის მარგალიტები მართალია მე პირადად, ისევ და ისევ ჩემი მცირეწლოვანების გამო არ მახსოვს, მაგრამ მას ასე იხსენიებენ. რაც მე მახსოვს ეს რამოდენიმე წლის წინ (უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო) ნაპოვნი მისი ფრონტიდან გამოგზავნილი სამკუთხედი წერილეია. მამიდაჩემები, ბებო და დედა გაოცდნენ, რადგან არც კი ახსოვდათ მათი არსებობა. ჩამოჯდნენ და დაიყეს კითხვა. კალამს იცოცხლე, სიტყვასავით კარგად ფლობდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ფრონტზე მყოფი შეყვარებული ჯარისკაცის უზომოდ თბილი და მონატრებით აღსავსე წერილი იყო. იცრემლებოდა ბებიაჩემი, ქვითინებდნენ და ზლუქუნებდნენ მამიდები, ცრემლს ყლაპავდა დედაჩემიც და განაგრძნობდა კითხვას. ორი ფურცელი დაასველეს ცრემლებით. ის იყო ბოლო გვერდი გადაფურცლეს, აბზაცი ჩაიკითხეს სადაც კიდევ ერთხელ გამოუტყდა გიორგი როზას უდიდეს სიყვარულში და შვილების უკიდეგანო მონატრებაში და ბოლოს მინაწერი. "ამხანაგო როზა, გეყოფა ახლა ქვითინი. ადე ქალო და მიხედე ბაღნებს"-ო

კაი ბაბუა იყო გიორგი. რაც ყველაზე კარგად მახსოვს ეს ძილის წინ, მის მიერ მოყოლილი ზღაპრებია, რომლებიც არცერთხელ არ განმეორებულა. მისი ფოტო კომში სამწუხაროდ არ მაქვს. ჩამოვიტან, დავასკანერებ და მის მიერ დაწერილ ლექსსაც დავდებ. მერე დახავთ რომ მართლაც უნიკალური ბაბუა მყავდა.

დრეს ბაბუაჩემის დაბადების დღეა. ისაკოვიჩ, გვახსოვხარ და ვამაყობთ.

6 comments:

  1. :))



    ფოტო დადე რა...


    საყვარელი ბაბუა.. :)


    მე არც ერთი ჩემი ბაბუა არ მახსოვს. ერთი ორი წლის ვიყავი მაშინ გარდაიცვალა, მეორე - ექვსის.

    ბუნდოვნად მახსოვს ძალიან.. :(

    ReplyDelete
  2. ჰეჰ ნოდარ დუმბაძის მოთხრობასავით წავიკითხე ყურებამდე გახეული პირით :D:D:D ისე გურულ ბაბუას იუმორის გრძნობა რომ არ ქონოდა ძალიან გამიკვირდებოდა :D კაი შვილიშვილი ხარ შენ კაი, ვშიშობ მე ესეთი სითბოთი ჩემ ბაბუაზე ვერ დავწერდი

    ReplyDelete
  3. ზუსტად დღეს ვფიქრობდი, ჩემს შვილებს უკვე წარმოდგენა აღარ ექნებათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების შესახებ-მეთქი და არც ვიცი, დღეს კიდევ თუ არიან ცოცხლები. უსაყვარლესი ბაბუა გყოლია. პიპინია ბაბუის იდეალია :ლოლ:

    პ.ს. შენს ბლოგს ჩემთან ვამატებ და შენც ჩამამატე.

    ReplyDelete
  4. @ sophie სამწუხაროდ ვეტერანები თითზე ჩამოსათვლელნიღა დაგვჩნენ. ცხადია ცაზე ვერც ჩვენ გამოვეკერებით. მაგრამ მაინც გული მწყდება ამხელა ჯოჯოხეთ გამოვლილ ადაამიანებს რო გაუხუნდათ დიდება.
    პიპინია უნიკალური ფიგურაა. მის ფრაზებც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე :)

    პ.ს. დაგამატე :)

    ReplyDelete
  5. @ kate_alukars
    გაიხარე. მასაც გაუხარდება თუ კაი ვარ. იუმორი კი ნამდვილად ქონდა.
    შენს ბაბუაზე კი უფრო თბილად დაწერ. სხვანაირად არც გამოვა. იმიტომ რომ საყვარელი ხალხია

    ReplyDelete
  6. რა მაგარი კაცი ყოფილა ისაკიჩი!

    ფოტოც მაგარია, პოსტიც :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]