26.12.09

სულ რაღაც 2010


კიდევ ერთი წელი მიილია. რამოდენიმე დღე და უკვე 2010- იქნება. რამოდენიმე წლის წინ ეს თარიღი კოსმიურ ომებზე გადაღებული ფილმის სიუჟეტის ერთ-ერთ ეპიზოდად მიმაჩნდაწარმოვიდგენდი ხოლმე რა საოცარი ტექნოლოგიური მიღწევები გველოდა, საოცარი მანქანები, ცათამბჯენები..-ერთი სიტყვით ისეთი გარემო როგორიც ფანტასტიკურ ფილმებშია ხოლმე. თუმცა ყველაფერს წარმოვიდგენდი, გარდა იმისა თუ როგორ და სად ვიქნებოდი ამ დროს მე.
 თურმე რა ახლოს ყოფილა ეგ ორიათას ათი წელი. აი აქვე. და აი აქვე ვარ მეც.
წელი მიილია. გავიდა. გაქრა. კარგი წელი იყო მეთქი ნამდვილად ვერ ვიტყვი. ბოლოს და ბოლოს ამ წელმა ორი უახლოესი ადამიანის სიცოცხლე წამართვა... იმედია ამით დაკმაყოფილდება.
სიმართლე გითხრათ ერთი დიდი, გრძელი ნაცრისფერი დღე იყო ჩემთვის. მართალია იყო რაღაც გამონათებებიც. მაგალითად 2 გზის მეჯვარე გავხდი. სახლში საკუთარი ხელით გავაკეთე მუყაო-თაბაშირის თაროები. ჩემი დახატული ღია ბარათები დავამზადე - დავბეჭდე და ერთი სიტყვით რაღაც ქიშმიშის მაგვარი ერია ამ ნაცრისფერ ცომის მასაში. ( თუმცა ეს ბლოგერობანაც ხო წელს დავიწყე)
აქ ჩემი საქმიანობა დავამთავრე. მალე წავალ ჩემებთან. როგორც ყველა, ისევე მეც ავაწყობ ნაძვის ხეს. მოვრთავ სახლს. მითუმეტეს რომ ამას ჩემს გარდა სხვა ხელს არ მოკიდებს. იციან რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ეგ საქმიანობა. ხო, როგორც წესი რამოდენიმე ახალ სათამაშოსაც შევიძენ. მაშხალებსაც მივაყოლებ და რათქმაუნდა მამაჩემის ტრადიციულ ფრაზას:"ასეთ სისულელებში რომ ყრი ფულს იმიზა არ გაქ მისდღემში"- მოვისმენ.

ყოველთვის ვოცნებობდი დიდ და ფუმდულა, ლამაზად მორთულ მოკაზმულ საახალწლო ნაძვის ხეზე. ნაძვის ხის ქვემოთ თავმოყრილ საჩუქრებზე და ბუხართან დაკიდულ წითელ ფუმფულა წინდებზე. გარეთ კი უნდა ეთოვა. დიდი, ფაფუკი ფანტელებით. აი ასეთი ახალი წლის მოლოდინი მქონდა ყოველთვის. მაგრამ სამწუხაროდ ტყეში მოჭრილი, დისტროფიკი ნაძვის ხით (რომლის ტოტი ერთ სათამაშოსაც ვერ უძლებდა) და თოვლის მაგიერ წვიმით მიწევდა ძველი წელის გაცილება და ახლის დახვედრა. სამაგიეროდ რამოდენიმე წლის შემდეგ შევიძინე ხელოვნური ნაძვის ხე და საჩუქრებიც მოვაგვარე. აი თოვლს ვერაფერი ვერ მოვუხერხე. იმედია წელს მაინც გათოვდება ახალ წელს. ისე როგორც საჭიროა.



საახალწლო ფილმები თუ გახოვთ. კუჩხი ბედნიერი, ბაკურიანზე იყო კიდევ რაღაც ჩანახატი. ტრადიციად ქცეულბედის ირონიაზე რომ არაფერი ვთქვა… როგორ მიყვარდა ნახატი ფილმები სადაცსაახალწლო ისტორიები იყო მოთხრობილი...ეჰ კარგი იყო.
ეგეც იქნება.. აბა რაა?!
მერე დატრიალდება სახლში ფელამუშუს, ნამცხვერების, ხაჭაპურის სურნელი. გამომიჩენენ გადამალულ, დაშაქრულ ჩირებს და ჩურჩხელებს. გაიწყობა სუფრა და მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ველოდით თორმეტ საათს, სწორედ მაშინ როცა 5 დააკლდება, აღმოჩნდება რომ ვიგვიანებთ და დავფაცურდებით. გავარდება თოფი, შუშხუნდა, შამპანიური და მივულოცავთ ერთმანეთს შემობრძანებულ ახალ წელს.
 ისე რა საოცარი რამაა. ვაცილებთ და ვხვდებით იმას რასაც ვერც ვხედავთ, ვერც ვგრძნობთ და ვერც ვაკონტროლებთ. უბრალოდ ვნატვრობთ რომ იმ თორმეტჯერ ჩამოკრული გონგის შემდეგ ყველაფერი უფრო უკეთესი და უკეთ იქნება. რომ ვიქნებით ჯანმრთელნი ჩვენც და ჩვენიანებიც, რომ აღარ შეგვაწუხებს პრობლემათა კასკადი და თუ მაინც შეგვაწუხებს უფრო იოლად გავუმკლავდებით. რომ მომავალი წელი მართლა უკეთესი იქნება. უფრო უკეთესი ვიდრე გასული და რომ აგვიხდება ბოლოს და ბოლოს ოცნებები თუ არა ოცნება მაინც…
ისე თქვენ აგხდენიათ საახალჭლო ოცნება?! მე კი… მართალია ერთხელ, მაგრამ ხო ამიხდა.
რა ჩავიფიქრო?
ჯერ არც ვიცი.
თუმცა რაც ჩავიფიქრე ამ წელს ის ჯერ კიდევ არ ამსრულებია . 
ან ცუდად ჩავიფიქრე ან კიდე ცუდი სურვილები იყო. ამას უკვე ვეღარ მივხვდები. 
თუმცა ერთი ნათელია. სურვილები ისევ იქნება, იმედებიც და მოლოდინიც.
მშვიდობით ძველო წელო. თან წაიღე ყველა დარდი და ნაღველი.მშვიდობით
გამართლებულ მოლოდინს გისურვებთ და მომავალ წლამდე გემშვიდობებით.




18.12.09

ბარომანია

დღის პირველი მონაკვეთისაგან განსხვავებით (ანუ პირველ საათამდე ძილი, მერე გვერით სახლიდან მუშის ღიღინის და ჩაქუჩის ხმის ხმაზე გაღვიძების, მეზიბლების უაზრო თავყრილობის შემდეგ ) მეორე მინაკვეთი საკმაოდ კარგი გამოდგა. დღეს ჩემმა კალათბურთის გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა და ჩამოსულ სტუმრებს მოუგო კიდეც. შემდეგ მორიგი ღამის რევიუ გვქონდა სიგარეტით გაბუგულ ბარებში. ყავა, ბურბონი და მეგობრები. კარგია ისეთ ადამიანებთან როცა ზიხარ ვისთანაც სასაუბრო თემა საძებნი არ გაქვს, გულღიად საუბრობ და პაუზების ყურით მოთრეული, სხვისი ბრძნული აზრების ცოდნით არ ავსებ. იმდენი ვიროხროხეთ რომ გვერდით მაგიდიდან 2 ლამაზმანიც კი გავაქციეთ... ჩვენ ოთხნი ვიყავით და რა აზღი ქონდა :)
მერე ბათუმის ქუჩებს დავყევით. ხოსე კარერასს იმოდენა სცენას უკეთებენ ერას მოედანზე მგონი ინტურისტებიდან პირდაპირ დაადგამს ზედ ფეხს. მთელი მოედანი სცენაა. მგონი კარგი რამ გამოვა. ან კი ცუდი რად უნდა იყოს...
შემდეგ ისევ ბარში აღმოვჩნდით. აქ უკვე აზიური მოტივები და უკრაინული სილამაზე ჭარბობდა. ამდენი ბარების შემყურე ძალაუნებურად საკუთარი ბარის იდეით დავსნეულდით და გაშალა ოცნებამ ფრთები.

აი ისეთი ბარი მინდა... კარგი გარემო..მყუდრო... ოდნავ ინტიმური გარემო...კარგი დიზაინი...სასმელები...ლამაზი საღამოები... 2-3 კაციანი ბენდი...სოლიდური-საინტერესო სტუმრები... ეს ასე უნდა იყოს ის ასე. ასეთი მენიუ..ისეთი პროგრამა... და ლამაზი, ძალიან ლამაზი დიზაინი...და ბოლოს, როცა საკუთარ ბარში სტუმრებიც მივიწვიეთ და ვი.აი.პი სტატუსიც მივანიჭეთ. ერთმა იკითხა და რა დაჯდებოდა ეს სიამოვნებაო?!...
მდას...
წუილით დავეშვით მიწაზე და ისევ ჩვენს ფორთოხლის ჩაის შევექეცით (ბარმენდა დედა იფიცა ფორთოხალიაო არადა ცხელ ფანტას გავდა. ნუ-გასასინჯად ღირდა )
არადა როგორ ლამაზად დავიწყეთ ოცნება... მაინც რა კარგია ეს წინა საახალწლო განწყობა... სასწაულის რო ძალაუნებურად ელი. აგერ ჩვენც... მენიუ შედგენილია.
დავემშვიდობეთ ერთმანეთს და აი ახლა კომპს ვუზივარ ისევ...
თუმცაა... რადიოც მასე ოცნებით დავიწყე- მაგრამ ხომ გავაკეთე... ასე რომ, ვნახოთ რა იქნება.
შეუძლებელი არაფერია...



პ.ს. ხვალ წავალთ სასმელების დისტრიბიუტორებს მოველაპარაკებით ... ;)

15.12.09

მდაა, რა ვქნა?!


დღეს გაგვიწვიმდა ბათუმში. რათქმაუნდა წყალი ეგრევე შეწყდა. ეს ერთ-ერთი ტრადიციაა, წვიმის პირველი წვეთებისთანავე წყალი წყდება. პარატამ მკითხა საინტერესო რაღაც, ეს იმიტომ ხდება რომ ონკანის მაგივრად წყალი ღრუბლიდან მოდისო?! პატარაა მაგრამ ლოგიკურად აზროვნებს. წყალი წყდება წვიმა იწყება-წვიმა წყდება წყალი მოდის.. ერთდროულად ეგ პროცესი როდის ვნახე არც კი მახსოვს.
ჩემი ნაომარი ქოლგა გავშალე და სამსახურისკენ, გუბეებზე ჭაბუკიანის საშური ნახტომებით და ქვაფენილზე გამნაღველის იღბლის ამარა გავეშურე.

ბათუმში მაინც უცნაური წვიმა იცის. შეიძლება მეორე ქუჩაზე არ წვიმდეს მაგრამ შენს თავზე ცა დაიქცეს და ფეხათ ჩამოვიდეს. მე ასეთ რაღაცეებში როგორც წესი "მიმართლებს".
თვალი უკვე შეეჩვია რესპირატორული ნიღბებით ცხვირდაფარულ მოქალაქეებს. ამ გრიპით დაფეთებული ხალხი გამარჯობას შორიდან ისვის. ყველაზე გაბედული მოდის და ხელსაც კი ართმევს მეორე ადამიანს. მე გამიმარლა. არავინ შემხვდა, ან კიდე ვერავინ ვიცანი პირბადეში და მეც ქოლგაჩამოფხატული ვერავინ შემიცნო.

სამსახურში ისევ რემონტია... ყუფარაძეს ხელი არ მოუწერია, ავთანდილოვიჩის მოსვლამდე ერთიც მოსწიეს, მე წავიკითხე და ისევ თქვენ გადმოგეცით, ეს ბზარი აქ იყო?! ბოლოს გაიტანეთო ვიღავამ იყვირა და ისევ სახლისკენ გამოვეშურე. ისევ დიდი ნახტომები. ღრუბელმა-არიქა გამოვიდა შენობიდანო და დამასკდა თავზე...
მოვედი სახლში. გულისყურით მოვუსმინე საკუთარ თავს. სიცხე არ მქონდა,ყელი არ მტკიოდა და მწობრში დავბრუნდი-კაია.
ჩაი,ტელევიზორი,ცოტა ხატვა, მერე კომპი და მერე მთქნარება...( მდაა, რა ვქნა?! )
და აი " მდაა, რა ვქნა"-ზე დაწერილი პოსტიც...
მალე ახალი წელი მოვა... თოვლი ( კი კი აბაა?!)

აუუ ისევ წვიმს. წყალი ისევ არ არის... მდას... ახალი წელი უფრო მინდა ნეტა თუ წყალი? წყალი! ეჰ წავედი ჩაი დავლიო... ეგებ რაიმე იდეა მოვიდეს

p.s ძალაუნებურად ეგ სიმღერა მახსენდება. ძალიან მიყვარდა ეგ ფილმი და სიმღერები ამ ფილმიდან.. მდას. კაი იყო

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...