30.11.09

ასეა დაია, ასე...

დღეს  კრიმანჭულს ვღიღინებდი სამსახურში, გურულ ფირალებზე წიგნს ვფურცლავდი და მომხთურთა სიტყვიერ ღიტინს ხუმრობით ვიგერიებდი. ბოლოს ერთმა თავი გამოიდო არც თუ ისე შორეული წარსულის კარგად ცოდნაზე და გურულების ეკლესიისადმი დამოკიდებულება გაიხსენა ( ეს მისი ფრაზა იყო და იმიტო დავწერე " კი ვიცით გურულებს რა დამოკიდებულება გაქვთ ეკლესიისადმიო")  დამღალა ფანატიკოსებთან საუბარმა, კამათით აღარ ვკამათობ, იმიტომ რომ აზრი არააქვს, ბოლოს მაინც ქადაგებაზე გადადიან და ადამიანი რომელიც კითხვაზე რატომ მპასუხობს მხოლოდ იმიტომ-ს ნამდვილად ვერაფერში ვერ დამარწმუნებს, უბრალოდ დამღლის. დასაღლელად კი ჩემი საქმეც მეყოფა სხვის დაკონსერვებულ მაზროვნებას რომ არ დავუთმო სივრცე. დღეს ახლობელმა ერთ-ერთი ტაძრის კედელზე გაკრული წარწერა "შარვლიანი დიაცები უფალს სძაგს" მაჩვენა და მივხვდი რომ სლოგანებით საუბარიც შემოდის ნელ ნელა ძალაში. მდაა. განსაკუთრებით გაქოფაკებული, თავგამოდებული, უმიზეზოდ ჯვაროსნული ლაშქრობის წამომწყები დიაცები მაოცებენ. ( ვიცნობ რამოდენიმეს ) ეს იმ კეტეგორიიდანაა კაცთაშორის სიყვარულს რომ ქადაგებენ და ფურცელზე საჩივარს რომ წერენ, ანუ გურიაში რო იტყვიან სული სამოთხეში უნდა და ტრ.. კარაქშიო. არ უყვართ ჩემთან კამათი, ბოლოს მწარდებიან და შენ გურული ხარ, შენგან აბა სხვას რას უნდა ველოდოთო... იმაზეც ვხალისობ, გურული რომ თითქმის ათეისტის სინონიმად ააქვთ ქცეული ამათ. ერთხელ მითხრეს კიდეც "თქვენ ეკლესიები დაანგრიეთო", დანგრეული ეკლესია უფრო დააფრთხობს მლოცველს თუ თქვენნაირი მორწმუნე მეთქი ვკითხე და გადაირივნენ... მოკლედ ეგ დღის თემა იყო. რელიგია არა, გურულები. 
მერე მოვყევი რამოდენიმე ამბავი ყოველთვის მივიწყებულ , მაგრამ მაინც კრიმანჭულივით ამაყ და გონებანათელ გურულებზე. ერთად-ერთი კუთხეა საკუთარ თავზე ცუდი ანეგტოტებიც რო უყვართ და გულიანად იცინიან. ეკლესიებიც დაინგრა მარა ეგ დროის მონატანი იყო, იმდენი მაინც კი შერჩა მლოცველი რომ მისულიყო და სანთელი დაენთოვო იტყოდა ბაბუაჩემი. მანამდე კი მეფეს ერჩოდნენ. რაა კატლეტი ასეთი მეფე რომ ჭამს და ჩვენთვის არ შეიძლებაო, აჯავრებდნენ მაზრის პოლიცმაისტერს, აუშვებდნენ მერე თანასოფლელ ივანეს მაზრის გვერით, მაღალ ხეზე, დაუდგებოდნენ ქვემოდან და იძახოდნენ "ივანე ძირს, უდღეურო ივანე ჩამოეთრიეო", გაცოფთებოდნენ რუსი ოფიცრები. ესენი კი უხსნიდნენ " აგერ ძამა, აია ჩვენი ივანე და ამას ვუძახით ჩამევიდესო". 
ყოველთვის რევოლუციურ ტალღაზე რომ იყვნენ ეს ხომ ფაქტია. უკმაყოფილო გლეხის ფირალად გაქცევაც ჩვეულებრივი ამბავი იყო და აქვე ისიც უნდა ვთქვა რომ ფირალი და ყაჩაღი სულ სხვადასხვა რამაა. "ყაჩაღობას რავა იკადრებდა ფირალი". გურული თუ უკმაყოფილოა მტრისას!!! ...ასე დაუწერეს მეფეს ბახველებმა "ბახვის" მანიფესტი და უთხრეს "ჭკუით იყავი თვარაოოო" ხო ხო ასე იყო...

1905 წლის 23 თებერვალს  გლეხებმა აირჩიეს 12 წარმომადგენელი (უმთავრესად სოციალ-დემოკრატები), რომლებმაც წამოაყენეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები: საუფლისწულო, საეკლესიო, სამონასტრო მიწების კონფისკაცია და მათი უსასყიდლოდ გადაცემა მშრომელი ხალხის სარგებლობაში; ყოველგვარი საბატონო, საეკლესიო თუ სახელმწიფო ბეგარისა და ყველა არაპირდაპირი გადასახადის გაუქმება; სიტყვის, კრების, ბეჭდვის თავისუფლება; პიროვნების ხელშეუხებლობა; საყოველთაო, სავალდებულო უფასო დაწყებითი სწავლება. წარმომადგენლებმა ამასთან განაცხადეს, რომ არსებული მთავრობა ვერ შეძლებს დააკმაყოფილოს ყველა ეს მოთხოვნა, ამიტომ საჭიროა მთელ რუსეთში შეიცვალოს წესწყობილება და სახლხო მთავრობა აირჩეს საყოველთაო, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.

ამას საყოველთაოდ ცნობილი ჯანყი გურიაში მოჰყვა, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს. სამაგიეროდ გურულებმა პირველებმა მოასწრეს არც მეტი-არც ნაკლები "გურიის რესპუბლიკის" გამოცხადება. მართალი ღესპუბლიკამ სულ რაღაც თვენახევარი იარსება, მაგრამ ხო იყო ფაქტი ;)



გურული ცხენოსნების ამერიკული ეპოპეა ხო ცალკე წიგნის თემაა ( თუმცა კიდევაც არის წიგნი დაწერილი ამის თაობაზე ) რელიგიაც რაც შეეხება იმ ჩემ თავგამოდებულ "ჯვაროსან" რესპოდენტს გაბრიელ ქიქოძის და იაკობ შემოქმედელის ვინაობა-წარმომავლობა შევახსენე და ამჟავდა. ასეა დაია, ზედაპირულობა დაგღუპავს საქმეშიც და რწმენაშიც მეთქი და იწყინა... არაფერია გაუვლის.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მალე კალანდობა მოდის. "ღორის ქელეხი და ღჯის ქათმის ორმოცი" უფ კაიაა ბუხართან.... გურულების სტუმრობაო, ნუ გგონია ხუმრობაო... გადავქექავთ ნაცარს და გევიგებთ რა თვა იმ მათხუარმა შვანგერა ობამამ და მოკლე  ვალოდიამ...


24.11.09

კიდევ ერთი დღე



კარგა ხანია არაფერი დამიწერია. საერთოდ გარეთ ხეტიალი მომიწია ბევრი და სახლში დაბრუნებისას სოციალურ ქსელებში უმიზნო ხეტიალს მიჰქონდა ძირითადი დრო. მერე ჩვეულებისამებრ საწოლი და ძილის ფუქციაზე დაყენებული ტელევიზორი (რომელსაც რამოდენიმეჯერ გადავუჩოჩე გამორთვის დრო ). გადაცემის ტეკსტიც დასაწერი მქონდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვაიძულე თავი რამე დამეწერა. დღეს რაიმე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა ( თუ არ ჩავთვლით მცირე შენაძენს ). 
თუმცა დღე მართლა საინტერესო რაღაცით დაიწყო და ეს რაღაცა სიზმარი გახლდათ. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, წუხელ ბოსფორი გადავცურე და ლომისგან ხალხიც კი გადავარჩინე. ( ხო მეც ბევრი ვიცინე რო გამეღვიძა, მაგრამ ასე ყო ) ერთი სიტყვით გმორად გავიღვიძე. როგორც ადრე ვთქვი ხშირად სიზმრები მიხდება, ამ შემთხვევამ კი ძალზედ დამაფიქრა. არც სამაგისო მცურავ-მყვინთავი ვარ და ლომი ხო საერთოდ ისე შორსაა ჩემგან როგორც მისი ძირითადი საცხოვრებელი გარემო.
მერე ისე განვითარდა დღე რომ… აი ხო გქონიათ იმის შეგრძნება რომ ადექით, სამსახურშიც წახვედით მაგრამ ისეთი ამინდია რომ ვერა და ვერ გათენდა საფუძვლიანად. რაღაც მოყვითალო, მოჟანგისფრო ღრუბელი რომ ჩამოეფარება ქალაქს და ძილბურანში ხარ. არა კიდევ კარგი სიზმარი არ გამგრძელებია. მაგრამ მთელი დღე დასამუხტი აკუმულიატორივით ვიყავი. აი ახლა, დღის ბოლოს, ვზივარ კომპთან და ვფიქრობ: იყო კი საერთოდ დღე?! ვიხსენებ და ცოტა არ იყოს ვნანობ რომ კიდევ ერთი დღე ჩაიწვა სავსებით უშედეგოდ. არადა დილით ბოსფორი გადავცურე კაცმა…

18.11.09

სიზმრის საჭერი

წუხელ საკმაოდ საინტერესო სიზმარი მესიზმრა. აი ისეთი, დამთავრება რო გენანება. რო აცნობიერბ კიდეც რო ეგ სიზმარია და გინდა რო გაგრძელდეს. მაგრამ დილას და მაწვნის გამყიდველს თავისი გააქვთ.
შემდეგ დავფიქრდი. რატო გვესიზმრება ასე იშვიათად კარგი სიზმრები. ყოველ შემთხვევაში ისეთი რომ გესიამოვნოს. ვისაც ვიცნობ უმეტეს შემთხვევაში არც ამახსოვრდება. მე კი მამახსოვრდება და ძალიან ხშირად მიხდება კიდეც. ხშირად შემშინებია, რაიმე ცუდი არ დამესიზმროს და არ ამიხდეს მეთქი. ადრე. როცა ამაზე სიუჟეტიც გავაკეთე. ათასი რეცეპტი ჩავიწერე რესპოდენტებისგან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა დაგვეძინა რო კარგი სიზმრები დაგვსიზრებოდა, რა უნდა გვეჭამა და რა არ ძილის წინ, საით უნდა ქონდეს სასთუმალი და ასე შემდეგ. შემდეგ კი ერთ ძალზედ ორიგინალურ და  მოხერხებულ გადაწყვეტილებას წავაწყდი. არა რა. ეს ხალხი მართლაც რომ საინტერესო რაღაცეებს იგონებდნენ. საუბარი მაქვს ინდიელთა სიზმრების საჭერზე. ეგ რაღაც პეპლის საჭერის და სათევზაო ბადის ნაზავია.


მათი აზრით ის სასთუმალთან უნდა დაკიდო და ტკბილად დაიძინო. ბადე თავისით დაიჭერს კარგ სიზმრებს და მათ განხორციელებაში დაგეხმარება.



ერთ ერთი თქმულების მიხედვით ლაკოტას ტომის ბელადი სალოცავად დიდ მთაზე აულა. ხილვისას მას ძველი სიბრძნის მასწავლებელი წვევია ობობის სახით. საუბრისას ობობას ტირიფის ტოტი წრედ შეუკრავს და მისი ქსელით მორთვა დაუწყია. თან უთქვამს: "ეს ბადე შენს კეთილ ზრახვებიან სიზმრებს დაიჭერს და მის გნხორციელებაში დაგეხმარება. ავი სიზმრები და ზრახვები კი ბადის მიღმა დარჩება და შენს აზრებში ფეხს ვერ მოიკიდებსო".


მართალი გითხრათ ჯერ ვიფიქრე ასეთი რამ მეც ჩამომეკიდა სასთუმალთან. მერე კი დავფიქრდი, დილით თვალს რო გავახელ და თვალწინ, თავზე ინდაურის ბურდღებს და ბადეს დავინახავ, რაც არ უნდა კარგი სიზმარი მესიზმროს აუცილებლად დამავიწყდება.
ასე რომ ისევ ძველებურად ტბილი ძილის სურვილით შემოვიფარგლები.

12.11.09

ბზზზზზ და ჯანდაბა


გუშინ მთელი ღამე კოღოებთან უთანასწორო ბრძოლა მქონდა. არ ვიცი რისი ბრალია , გლობალური დათბობის თუ გენური მუტაციის, კოღოები  ახლაც კარგად გრზნობენ თავს და გუშინ "ხიდისთავს დადეს პირობა" და შემიტიეს. მაინც რა საზიზღარი არსებები არიან. ის კი არა რომ გიკბინონ და წავიდნენ. არა აუცილებლად უნდა ჩაგაბზუილონ ყურში. მერე დაჯდებიან გწოვენ სისხლს, იბეყებიან და დამთვრალნი უკვე დაბალ ხმაზე მიბზუილობენ. თან შუქს როგორც აანთებ იმალებიან.მაგრამ რამოდენიმე კონტრ შეტევის შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიე. მართალია დილით საწოლის თავთან კედელი ჰორიზონტალურად აღმართულ მინიატურულ მარტყობს წააგავდა, სამაგიეროდ დილისთვის 1 საათით წაძინება მაინც მოვასწარი...
შემდეგ უკვე სამსახურში მოზრდილი "კოღოების მოგერიება მომიწია. თუმცა წინა ღამის გამოცდილებამ ფუჭად არ ჩაიარა...
მართლა ძალიან საინტერესოა. ადრე კოღო ზაფხულთან და სიცხესთან ასოცირდებოდა. ახლა კი მე მგონი ყინვა გამძლე ჯიში გამოვიდა. თუმცა კოღოსი რა მიკვირს. ამას წინად სამსახურში მოვდიოდი და მოედანზე გავიარე. წუნ ორი მტრედი დაფრინდა . რაღაცას კენკავდნენ. მივუახლოვდი, ვიფიქრე გაფრინდებიან მეთქი.

მაგრამ ნურას უკაცრავად... ერთი ისე ამომხედეს "რას მეჯახებიო" და გოგმანით შეეცადნენ ჩემს გასწრებას... გაფრენა იდეაშიც არ ჰქონიათ. ფეხებში გამობლანდნენ და მე ძლივს შევიკავე თავი რომ არ წავქცეულიყავი.. განაგლდნენ. მალე თავს დაგვესხმებიან...


მდაა ამაღამ რევანში ექნებათ ნეტავ?

11.11.09

დასავლეთის ქარი


გარეთ უჩვეულოდ თბილი ქარი ქროდა. სადღაც შორიდან მოჰქონდა მოგონების ნაფლეთები და სახეზე მეალმურებოდა. მიუხედავად იმისა რომ ავანზე ოთხი ადამიანი საუბრობდა, გავითიშე. თითქოს მოვწყდი იქაურობას და გავირიყე სადღაც. ვერ ვიტყვი რომ ეს პირველად მოხდა. ასე ხშირად მემართება როცა დასავლეთის ქარი უბერავს.





ეს ის ქარია ბავშვობაში ოცნებების იალქანს რო ბერავდა და შორეთში მიაქროლებდა. დავჯდებოდი ხოლმე აივანზე მთვარიან ღამით და მივემართებოდი იქეთკენ, სადაც  ულამაზესი მდელოებია. ამაყ მთებზე შემოკლაკნილი ლამაზი გზები. კოშკები, ტბები. მერე კი გაივაკებს. მჩქეფარე მდინარეც დაწყნარდება და დიდ ოკეანეს შეუერთდება.





 იქეთკენ სადაც ულამაზესი ქალაქებია სადაც საოცარი სიტორიები მელოდა და რაღათქმაუნდა ყოველი ამ ისტორიის გამარჯვებული გმირი მე ვიყავი.




იქ ყველაფერი ლამაზი და მომხიბვლელია. უღალატო და ბავშვურად ალალი.




 ყველაზე საოცარი კი ის არის რომ თითქოს ამ ქარს რაღაც საოცრად ლამაზი. ჩუმი, მაგრამ გულამდე ჩამწვდენი მუსიკაც მოყვება. არა, მისი გადატანა ნოტების ფურცელზე შეუძლებელია. ის მხოლოდ უჩინარ სიმებზე აიკრიფება წვიმის წვეთების ბროლივით წკრიალა ნოტებით. ჩაიღვრება სულში და ბავშვურად ალალ, ლაღ ღიმილს გაგიღვივებს.


სამწუხაროდ ამ დასავლეთის ქარის ალერს დროთა განმავლობაში სულ უფრო იშვიათად ვგრძნობთ. არ ვიცი რისი ბრალია ეს. იქნებ იმის რომ იშვიათად ქრის. ან სულაც ქრის მაგრამ ჩვენ ვეღარ ვგრძნობთ. იმიტომ რომ გავუხეშდით და მივივიწყეთ. ყოველ შემთხვევაში გამიხარდა რომ ვიგრძენი. თითქოს ვიღაცამ, ძალზედ ახლობელმა და ჩემმა ჩამიარა ზურგს უკან თმებზე ხელი გადამისვა აი ისე, ნაზად და დიდი სიყვარულით რო ეფერებიან ხოლმე ბებიები შვილიშვილებს და გაქრა. სითბო კი დარჩა

10.11.09

კვარიათის საღამო


მშვენიერი, საუბრისთვის ზედგამოჭრილი, გრილი და მშვიდი საღამო იყო. აივნის ქვეშ ზღვა ჩუმად შრიალებდა. ზღვის სუნი მოდიოდა, ისეთი ხვათის და დაგუბებული წყლის კი არა ზაფხულში რო მოდის ხოლმე. არა, აი ისეთი მხოლოდ შემოდგომით, მშვიდ და უშფოთველ ზღვას რომ ასდის. ავანზე მეგობრები ვისხედით. ნომერში ბაკლები შემოგვიტანეს და უკვე შეიძლებოდა ბოთლის გახსნა. საცობს მშვენიერი სურნელიც ამოყვა და საუბრისთვის ყველაფერი მზად იყო, განწყობაც და სუფრაც. თან სასაუბროც გვქონდა. გუშინ ჩემი კიდევ ერთი ძმაკაცის ქორწილი იყო. მართლაც ძალიან ლამაზი ქორწილი გამოდგა. მართალი გითხრათ არ მიყვარს ეგ ღონისზიება, მაგრამ გამონაკლისები როგორც ასეთი თურმე არსებობს.
ბევრი ვიცინეთ როცა თამადის  უცნაური სადღეგრძელოები და მომღერალთა წადიჯეებული ნამღერი გავიხსენეთ. შიგადა შიგ, ცეკვის დროს რომ წამოიძახებდა " აი ამსილამაზეს გაუმარჯოს ხალხოოო, ნახეთ, ნახეთ რა სილამაზეააა". რა შუასი რა კიდეში, მიდი კაცო იმღერეე. ლიმონათიანი და კიტრიანი ფეხებში გაბლანდული ბავშვები ხო საერთოდ. მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანი იყო. მთავარი ის ბედნიერება და გაბრწყინებული სახე იყო რისი მხილველიც ქორწილში მისული მეგობრები ვიყავით.
დღეს უკვე დაბრძენებული. აწ უკვე ცოლმოყვანილი კაცის დაკვალიანება მივიღეთ "უცოლოებმა" და ვსკდებოდით სიცილით. " ბიჯო, შენ ერთ ღამეში დაბრძენდი ასეო?!"...
შორს ზღვა და ცა უკვე გაერთიანებულიყო. ტალღების ხმა სასმოდ ჟღერდა. მიყვარს როცა სუფრასთან ისეთი ადამიანები იკრიბებიან ვინც შენია. გახსნილია და თვითდამკვიდრების "მე"-ს ძახილის ეტაპი უფრო მეტად ნაკითხობის და დონის დამამტკიცებელი მომენტებით კარს მიღმა აქვს დატოვებული. ამიტომაც მიყვარს ჩემი ალალი მეგობრები. გულწრფელები და ჩემები.
კიდე ერთხელ ჩამოვმარცლეთ მოგონების მარგალიტები, კიდევ ერთხელ დავამტკიცედ რომ დროთა განმავლობაში უფრო ვნათესავდებით, ვახლოვდებით და მერე, როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდება და გვერდით არ არიან ძალიან გვაკდება მათი თანამონაწილეობა.
კვარიათის ნიავმა თბილი თითებით შეგვეხო და ყველა გავიტრუნეთ. მართლა უჩვეულოდ თბილმა ქარმა დაბერა. აი ისეთმა გაზაფხულზე რო გამნობს სითბოს მოახლოებას და გიხარია რო რაღაც ცივი და გრძელი უკვე უკან რჩება.
ყოველთვის მინდოდა აი ასე შევკრებილიყავით და როგორც იქნა გავიტანე. მომიწონეს "ტვიშიც" და იდეაც. მეფე დედოფალმა ლიფტამდე გამოგვაცილა და წამოვედით. ცოტათი ფეხით გავიარეთ. ზღვას გამოვყევით. არავინ არ ჭაჭანებდა ქუჩაში. მარტო ჩვენ და აი ის სიჩუმე, რო გსიამოვნებს და მის დარღვევას არ აპირებ. იმიტომ რომ მშვიდად ხარ. იქ ხარ სადაც გიხარია. ხოო, კარგი საღამო იყო. მართლაც რომ კარგი.

07.11.09

დავნიმესილდეთ



კოლდრექსი, ნიმესილი, ტაიქოლდი, ლიმნიანი ჩაი, ტელევიზორი და ერთჯერადი ხელსახოცების ცვენა. ერთი სიტყვით გავცივდი. ადრე ძალიან მიხაროდა გაციება. არანაირი გაკვეთილები, საჩუქრები, ნებისმიერი მურაბა და ჯემი ჩემი იყო ოოოღონდ მეჭამა. მაგრამ ახლა უკვე დიდი დისკომფორტია და ფუჭად დაკარგული დრო.
ახლა მახსენდება. რამოდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად ვიყავით ბაკურიანში. კერძო სახლში დავბინავდით და იმავე საღამოს სიცხე მქონდა. თავს გადამყვა ჩვენი "ხაზეიკა", ოსის ქალი იყო და დამაყარა ხაბისგინები, პერაშკები სოკოთი, მარწყვის ჯემი და რა ვიცი კიდევ რა... მე არაფრის ჭამის თავი არ მქონდა. სამაგიეროდ ბიჭებმა გაიხარეს.. "ჩასკდნენ",მეხვერწებოდნენ ერთი ორი დღე კიდე იწექი, ეგ რა კაი ყოფილაო... მართალია ხაბისგინები არც მესაე დღეს გვაკლდა, როცა უკვე გამოვჯანმრთელდი და კოხტა გორა დავიპყარი... მაგრამ აი ის, რკინის გემო ენაზე რასაც სიცხის დროს ვგრძნობ ახლაც მახსენდება და ვუვ... საზიზღარი რამაა.
კიდევ კარგი, ჩემი უტყვი მეგობარი კომპი ერთგულად მემსახურება და ათასგვარ თავის გასართობს მთავაზობს. მაგრამ ეგეც მმბეზრდა. თვალები უკვე დამიოთკუთხედდა.
არადა ხვალისთვის მინიმუმ ფეხზე უნდა ვიდგე. ხვალ ძმაკაცის ქორწილია. ისე მივეჩვიე შაბათ კვირას ქორწილებში სიარულს უკვე ლომკა მაქვს... მალე ისეთ ვარიანტში ვიქნები.. მეფე დედოფალი რომ აღარ გაინტერესებს და იცი რო ქორწილია...
აუუ რა გაიპარსავს წვერს... არ შეიძლება ეგეც გაზის ღუმელის ალივით რეგულირდებოდეს? გინდა მოუშვებ.  არა? გადაკეტე... უუ...  რო მახსენდება რა ხალისით ვიფხეკდი სახეს თითო ოროლა ღინღლი რო მქონდა და ვითომ ვკაცობდი. თურმე სად ხარ... მოესწრები კი არადა...
ვწუწუნებ ხო? ხო, დროა ნიმესილი ვხუხოოო. მოკლედ ორგანიზმი კი არა სამედიცინო კოლბა ვარ დღეს. არადა უნდა დავლო. მითუმეტეს ჩემებს ელეთ მელეთი მოსდით ტელევიზორის შემხედვარე... გრიპის სახელიც აშინებთ...


კაი წავედით დავნიმესილდეთ

05.11.09

βιβλιο

ისევ დამთანგეს. ამჯერად ეგ პატივი სქოლიოზიანი ემბრიონისაგან მერგო. ვინაიდგან და რადგან დიდი მოყვარული გამოკითხვის, ტესტირების და ამდაგვარი რამეების არ ვარ. გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩემს მესამე განზომლებაში. ბლოგ ჩარირამა - ში გადამეტანა და იქ მომეხადა ვალი სამშობლოს წინაშე.



როგორც წესი ელით ცნობადი სახელებისა და ლიტ.კულტების ჩამონათვალს. მაგრამ მერწმუნეთ არაფერი მაგდაგვარი არ გელოდებათ. ჩემთან ასეთ ჩამონათვალს ვერ ნახავთ. ვერც მწერლების . ვერც მომღერლების.. " ვაიმეე, მე ჯაზს ვუსმენ და ვგიჟდებიი." და ვერც მხატვრების. არ მიყვარს ერთი რომელიმე. მიყვარს როცა ისინი ბევრნი არიან და ამით უფრო მრავალფეროვანნი და საინტერესონი.
 აი ასე ;)
მაშ ასე. გადავინაცვლოთ? კაი ბატონო!

03.11.09

დაგვთანგეს ბატონო დაგვთანგეს....

დიდი მადლობა ვასასი რომ დამთანგე. არასდროს ვყოფილვარ დათანგული და აი. ;)

ერესდროს მიმიღია ასეთ რაღაცაში მონაწილეობა. ვნახოთ რა გამოვა. არ მიყვარს ტესტირებასთან რაც კავშირშია და ჰგავს. მაგრამ კაირგი... აგიბამთ მხარს





ვოცნებობ - ეგ ცალკე თემაა დიდი წიგნისთვის (წიგნზე არ ვოცნებობ )
ვფიქრობ - საახალწლო არდადეგებზე ბაკურიანში. ვგეგმავ.
მძულს - როცა მერევიან "ჭკვიანური აზრებით" იქ სადაც არაფერი ესაქმებათ
ვნანობ -ზედმეტად ლმობიერებას
კმაყოფილი ვარ - წლევანდელი შემოდგომით
მენატრება - ის დრო როცა ჩემით განვკარგავდი ჩემს დროს..
მსურს - და რაც მსურს მას ყოველთვის მივაღწევ ;)
მაღიზიანებს - ვეზელინოვიჩები, კუდქიცინები და უტვინო ჯიხვები
ვგრძნობ - მაშასადამე ვცოცხლობ :)
მეშინია - ვალების დადების
ვიცი - მეც კი ვიცი მარა
არ ვიცი - სამაგიეროდ მე ვიცი
შემიძლია - ვიყო კეთილი
არ შემიძლია - ადვილად ვაპატიო ვინმეს
ვმეგობრობ - ინტერნეტთან
ვაპატიებ - ბანკს. თუ უცაბედად დამირეკავს და გამახარებს რო მოვიგე 1000000. თუ გინდა მეტიც იყოს მაგასაც ვაპატიებ.
ვტირი - ჯარისკაცის მამაზე :):):)
ვიცინი - აბა სულ ჯარისკაცის მამას რა მაყურებინებს
ვეძებ - სპონსორს
ღირსი ვარ - კაი სპონსორის
ვკარგავ -დროს
მშურს - მათი ვინც 200 წლის მერე დაიბადება.. ნეტა რა იქნება მაშინ
ვემალები - ქარაფშუტებს... გაკეთებიებენ რამეს და მერე აღარ ახსოვთ
ვემტერები - ყველას ვისაც არ უყვარს ქართველი
მაინტერესებს - ვინ დაწერა ამდენი კითხვა
არ მაინტერესებს - მალაზიელი რაჯას დარდები
მახსოვს - თითქმის ყველაფერი. არა ყველაფერი
მრცხვენია - როცა ჩემს გამო რაიმე ფუჭდება
უარვყოფ  - ბანკის როცენტებს. მაგრამ არ გამომდის..
ვავადმყოფობ - კი. ხდება ხოლმე და ფრიად არასასიამოვო პროცესია
ვმალავ - მნიშვნელოვან საბუთებს, მამიდაჩემმა რომ არ გადამიყაროს
ვინახავ - ვამჟავებ და ვხუფავ
მწამს - რომ ყველაფერი გამოვა
მიკვირს - რატომ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე.
მიხარია - როცა ირგვლივ ყველაფერი კარგადაა და ყველა კარგადაა
ვჭორაობ - არა. კონსტატირებას ხავდენ ფაქტის
ვდარდობ - მინდა მეტი თავისუფალი დრო და ფინანსები :)))))
ვამაყობ - მიღწევებით
ვეფერები - ნოდარიკოს... მაგარი კაცია ძალიან. ჯერ 6 თვისაა მაგრამ მაინც 
მსიამოვნებს - როცა მეც მეფერებიან ;)
მესიზმრება - და მერე მიხდება კიდეც
ვეხმარები - მეგობრებს ყველაფერში რაც შემიძლია. საწუხაროდ ბევრი რამ არ შემიძლია. ხო ბებიაც მყავს ქუჩაზე გადანაყვანი. :)
ვეწევი - და ვასწრებ
მწყინს - როცა მასწრებენ
ვხარჯავ - უფ იცოცხლეეეე
ვღალატობ - იმ აზრს რომ ხვალ უფრო ხელმომწირე ვიქნები
ვკამათობ - მერე საკუთარ თავთან
ვუხეშობ - ზედმეტი კითხვების მოსმენის დროს
ვუსმენ  - რადიოს
ვყოყმანობ - სახლიდან გასვლის დროს ( გამოვრთე ყველაფერი? )
ვკითხულობ - მეზობლების ამბავს ;)
ვამზადებ - გეგმას ბაკურიანის დაპყრობის
ვუყურებ - საკუთარ თავს , ყოველ დილით. რამხელა მქონია?!
ვკლავ - კოღოებს. უმოწყალოდ
ვცხოვრობ - ქ. ბათუმი
ვცემ - მერძევეს..კიდე თუ მოადგა დილის 6 ზე ჩემს კარებს
ვყვირი - კარგად.. დავდიოდი
ვმღერი - და მეხვერწებიან ნუ ყვირიხარო
ვასრულებ - კეთილსინდისიერი თანამშრომლის როლს
ვმკურნალობ - უიმედობას დაჟინებული მზერით
ვერიდები - გრიპიანებს
ვთამაშობ - ჟურნალისტობანას
ვიტყუები - იმიტომ რომ ვთამაშობ
ვეთაყვანები - ოხ რა სიტყვა ჩაუწერიათ. ამაზე ასე უნდა გიპასუხოთ ხო "სამშობლოს" ?
ვგიჟდები - ხელფასი რო იგვიანებს
ვაგროვებ  - ბოთლებს ვიიბარებ ბოთლეებს
ვეჭვიანობ - მეე?..
ვკაიფობ” - საკუთარ თავზე და სიტუაციებზე
ვიზიდავ - ორიფლეიმის დისტრიბიუტორებს... მომეშვით.
ვალამაზებ - ოთახს და მერე მეუბნებიან მიდი დაალაგეო


რაკი ასეა. ჩემი მხრიდან ვთაგავ
ნანა გაუძელ ;)
ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი


გზაზე ერთი კაცი მიდიოდა


კოპალა


ახლა უკვე ამათ მოვუსმინოოოთ ;)

ახალ ყდაში ჩასმული ბლოგი.

რა ვქნა. ეგ ჩემი სისუსტეა. სულ ვიქექები, ბლოგისთვის ახალ დიზაინს ვეძებდი. ახლა ეს ავირჩიე. მთვარესთან მეტ ნაკლებად ააქვს კავშირი, თან სადაა. არ ვიცი სანამ გასტანს მისდამი ჩემი სიმპათია, მაგრამ ჯერ ვნახავ. იქნბებ ძველი დავაბრუნო კიდეც.
კიდევ კაი რომელიმე რედაქციაში არ ვმუშაობ თორე დიზაინერი თავს ჩამოიხრჩობდა ჩემს ხელში.
პატარა, მაგრამ მაინც- (ამის ძიებაში ქექვა ბურჯგნაში გატარებული 2 საათი) საქმე ვქენი ვითომ...
ხვალ შევხედავ ახალი თვალით ეგებ და...

მდააა.. დღეს მომწონს...
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...